“27 სექტემბერს, 9 საათზე გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა გმირთა მემორიალთან ხატს „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“ დააბრძანებენ.
10 საათიდან სამების საკათედრო ტაძრისკენ ხატით მსვლელობა დაიწყება (მარშრუტი: გმირთა მოედანი-ვარაზისხევი-მელიქიშვილი-რუსთაველი-თავისუფლების მოედანი-პუშკინის ქუჩა-ავლაბრის აღმართი-სამების საკათედრო ტაძარი).
სამების საკათედრო ტაძარში უწმიდესი და უნეტარესი ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა აკურთხებს ხატს, რომელიც აფხაზეთში 20 წლის წინ განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა სულების მოხსენიებისა და შერიგებისათვის მლოცველთათვის დაიწერა. უწმიდესი და უნეტარესი ქართველებისა და აფხაზების შერიგებისათვის ილოცებს და აფხაზეთში 1990-იან წლებში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდის.
ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება შეურთდეს ხატით მსვლელობას”, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით ტარდება.




