“აღმოსავლეთ ევროპაში ე.წ. ფერად რევოლუციებს მათ მიერვე რამდენიმე წლის წინათ დამარცხებული ძალები უტევენ. ახლო აღმოსავლეთში, ქაიროსა და ტუნისში მოზეიმე ხალხის სურათი დამასკოში ქიმიური იარაღით მოწამლული ბავშვების საშინელმა სურათმა ჩაანაცვლა…
ახლა, როცა მე აქ, თქვენ წინაშე ვსაუბრობ, აღმოსავლეთ ევროპის ის ქვეყნები, რომლებიც ესწრაფვიან გახდნენ ევროპული ოჯახის, თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფოების თანამეგობრობის წევრები, განიცდიან მუდმივ ზეწოლასა და მუქარას. სომხეთი კუთხეში მოიმწყვდიეს და აიძულეს საბაჟო კავშირში გაწევრიანება, რაც არ შედის არც მის და არც ჩვენი რეგიონის ინტერესებში. მოლდოვას ბლოკადა გამოუცხადეს, უკრაინას თავს ესხმიან, აზერბაიჯანი განსაკუთრებული ზეწოლის პირისპირ არის დარჩენილი, საქართველო კი – ოკუპირებული”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, რუსეთის ფედერაცია არ არის დაინტერესებული გარშემო სტაბილური სახელმწიფოების არსებობით და კრემლი ესწრაფვის მუდმივ ქაოსსა და არეულობას მეზობელ ქვეყნებში:
“როგორ გგონიათ, არის თუ არა კრემლი მზად, განიხილოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დეოკუპაციის საკითხი დღეს, როცა მთავრობა უკვე შეიცვალა თბილისში? სულაც არა! ქართული მიწის ანექსია რუსული ჯარის მიერ კვლავაც გრძელდება. გუშინ უკუპანტებმა, დღისით, მზისით და სრულიად დაუსჯელად, საქართველოს მოქალაქეები კვლავ გააძევეს საკუთარი სახლებიდან და სოფლებიდან, სადაც მრავალი თაობის განმავლობაში ცხოვრობდნენ.
საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო კვირებისა თუ თვეების გაკეთებული მეგობრული განცხადებების მიუხედავად, რუსული საოკუპაციო ძალები აგრძელებენ წინსვლას, ხალხს ყოფენ მავთულხლართებით, საფრთხეს უქმნიან ჩვენს ეკონომიკას, მიიწევენ ბაქო-სუფსის ნავთობსადენისა და საქართველოს მთავარი გზატკეცილისკენ, რითაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ჩვენი ქვეყნის მდგრადობას.
დღეს აქ მოვედი ქართველი ხალხის სახელით და საერთაშორისო გაერთიანებას გთხოვთ, ამ აგრესიაზე მოახდინოთ მკაცრი რეაგირება და გაგვიწიოთ დახმარება, დავასრულოთ რუსეთის ანექსია ჩვენს მიწაზე”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან რამდენჯერმე მოიხსენია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. მისი თქმით, პუტინის ზიზღი მისი მთავრობის მიმართ არ არის განპირობებული პირადული ანტიპათიითა თუ კულტურული გაუგებრობით.
“ცუდად მხდის, როდესაც კაგებეს ოფიცერი ვლადიმერ პუტინი მსოფლიოს უკითხავს ლექციას თავისუფლებაზე, ღირებულებებსა და დემოკრატიაზე. ამის გაკეთება სწორედაც რომ არ შეუძლია მას, როგორც უკანასკნელი იმპერიის დიქტატორ ლიდერს”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისი თქმით, ევრაზიული კავშირი შეიქმნა, როგორც ევროპის კავშირის ალტერნატივა, რომელსაც ვლადიმერ პუტინი საკუთარი პრეზიდენტობის მთავარ პროექტად განიხილავს:
“ევრაზიული კავშირი წარმოადგენს ჩვენს ახლო წარსულსაც და, მომავალსაც, რომელსაც მოსკოვში ჩვენ „კაგებე“-ს ყოფილი ოფიცრები გვიმზადებენ. ამის საპირისპიროდ, ჩვენი აღორძინებული ტრადიციები და მრავალსაუკუნოვანი მისწრაფებები მიგვიძღვებიან სრულიად სხვა სამყაროსკენ, რომელსაც ევროპა ეწოდება.”
საქართველოს პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა იმ უპირატესობებზე, რაც ევროპის კავშირს გააჩნია ევრაზიულ კავშირთან შედარებით და რის გამოც საქართველოს მოსახლეობის არჩევანი უკავშირდება სწორედ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
“თუკი დასავლეთი „მოძველდა“, მაშინ რატომ აფასებს ამდენად ნატოში შესვლის თარიღს მილიონობით პოლონელი, ჩეხი, ესტონელი, რუმინელი თუ სხვა ერი? და რატომ აკაკუნებს მილიონობით ქართველი, უკრაინელი, მოლდოველი თუ სხვა ევროპის კავშირის კარზე? თუკი თავისუფლება მოდაში აღარაა, მაშინ როგორ ავხსნათ ის, რომ ტუნისში ერთი ადამიანის თვითმკვლელობამ შეცვალა მსოფლიოს რუკა?” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა იმ მეთოდებზე, რომლითაც რუსეთის იბრძვის მეზობელი ქვეყნების თავისუფლებისა და განვითარების წინააღმდეგ:
“უცნაურია, მაგრამ ბოლო თვეების განმავლობაში კიევში, თბილისსა თუ კიშინიოვში ჩვენ მოსკოვში დაწერილი ერთი და იგივე მახინჯი ჰანგები გვესმის; გვესმის, რომ თითქოს ჩვენი ტრადიციები იმსხვრევა დასავლეთის გავლენის გამო; რომ ეკლესიები გადაიქცევა დისნეილენდებად და რომ ქრისტიანულ დღესასწაულებს გეიპარადებით ჩაანაცვლებენ; და რომ ჩვენი მართლმადიდებლური იდენტობა საფრთხეშია. დაბოლოს, – ვითომც არაფერი – გვესმის, რომ ჩვენს ყოფილ ბატონებთან გვაერთიანებს საერთო პატივისცემა წესიერებისა და ტრადიციების მიმართ. ნუთუ მართლა ასეთი გულუბრყვილონი ვართ, რომ დავიჯეროთ ეს ტყუილები, როგორც წინა თაობები იჯერებდნენ და საშუალება მივცეთ მოსკოვს გაიტაცოს ჩვენი სუვერენიტეტი?
როცა ჩვენ ვისმენთ რუსი იმპერიალისტების მიერ ნამღერ მართლმადიდებლური ძმობის ყალბ მუსიკას, რატომ არ შეგვიძლია გავიგონოთ მათ მიერვე მოკლული პატრიარქ კირიონისა თუ ნაწამები საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ამბროსი ხელაიას ხმები? ის მხოლოდ იმიტომ აწამეს, რომ ჟენევის კონფერენციას მიმართა და საკუთარ ქვეყანაში დამპყრობლების შეჭრა გააპროტესტა. დაკითხვისას, მან ეს სიტყვები წარმოთქვა: „ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, ჩემი გული სამშობლოს, ჩემი გვამი კი თქვენთვის დამითმია, ჯალათებო!“
ნუთუ ისე დავყრუვდით, რომ არ გვსურს გავიგოთ მათ მიერ მოკლული ეპისკოპოსებისა და მღვდლების ხმები? ნუთუ ისეთი გაუნათლებლები ვართ, რომ არ გვახსოვს ვინ გადაღება ჩვენი ტაძრები და წაშალა ჩვენი წმინდა ფრესკები? ნუთუ ისეთი ბრმები ვართ, რომ ვერ დავინახოთ ჩვენი ტაძრების განადგურება ოკუპირებულ ტერიტორიებზე?” – განაცხადა სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, საქართველო უნდა მოემზადოს იმ პერიოდისთვის, როდესაც რუსეთში ვლადიმერ პუტინის მმართველობა დასრულდება:
“რამდენიმე წელიწადში ვლადიმერ პუტინი აღარ იქნება არც კრემლში და არც რუსულ პოლიტიკაში. მიუხედავად იმისა, რომ კიდევ რამდენიმე წელიწადი აპირებს პოსტზე დარჩენას. რუსეთის მოქალაქეთათვის იგი დარჩება ძველი დროის აჩრდილად, იმპერიისა, კორუფციისა და ჩაგვრის აჩრდილად.
არავინ უწყის, ეს პროცესი მშვიდობიანი იქნება თუ ძალადობრივი. არავინ უწყის, პუტინის მემკვიდრე ლიბერალი იქნება, ნაციონალისტი თუ ორივე. აქ მთავარი სხვა რამ არის: რუსეთი აღარ იქნება იმპერია და იგი გადაიქცევა ნორმალურ სახელმწიფოდ. ეს ის პერსპექტივაა, რომლისთვისაც ყველა ერთად უნდა მოვემზადოთ.
ჩვენ, როგორც საქართველოს მოქალაქეები, უნდა მოვემზადოთ იმ დროისთვის, როცა რუსეთის ჯარები დატოვებენ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს – ცხინვალსა და სოხუმს. უნდა მოვემზადოთ, რათა ხელგაშლად უკან მივიღოთ ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეები, არა როგორც ჩვენი მტრები, არამედ დები და ძმები. იმიტომ, რომ ეს დრო უფრო მალე დადგება, ვიდრე გვგონია”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, ასევე, ისაუბრა იმ მიღწევებზე, რაც მისი მმართველობის პერიოდში იქნა საქართველოს შიგნით მიღწეული:
“ჩემი მეორე საპრეზიდენტო ვადის დასასრულს, მინდა ვიამაყო იმ მიღწევებით, რომელთაც საქართველომ ამ პერიოდში მიაღწია”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.







