ახალი ამბები

“რადიო თავისუფლების” ქართულ სამსახურს პრაღაში ნათია ზამბახიძე უხელმძღვანელებს

2 მარტი, 2018 •
“რადიო თავისუფლების” ქართულ სამსახურს პრაღაში ნათია ზამბახიძე უხელმძღვანელებს

აშშ-ში საქართველოს საელჩოს თანამშრომელი და ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ყოფილი ჟურნალისტი ნათია ზამბახიძე პრაღაში “რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების“ ქართულ სამსახურს უხელმძღვანელებს.  ზამბახიძე 1 მაისიდან დაიკავებს აღნიშნულ თანამდებობას. 

ეს თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 31 იანვარს რადიოს ქართული სამსახურის უფროსი დავით კაკაბაძე გაათავისუფლეს. კაკაბაძის გათავისუფლების შემდეგ რადიო “თავისუფლების” თბილისის ბიუროს ხელმძღვანელმა მარინა ვაშაყმაძემაც დატოვა თანამდებობა. დავით კაკაბაძის შესაძლო განთავისუფლებაზე და  “რადიო თავისუფლების” მენეჯმენტსა და ქართულ სამსახურს შორის არსებული უთანხმოებაზე   ინფორმაცია  თავდაპირველად BBGWatch -მა გაავრცელა, რომელიც იუწყებოდა, რომ რადიოს  მენეჯმენტი ქართულ სამსახურს “რუსთავი 2″–თან თანამშრომლობას აძალებდა.

“ნეტგაზეთის” ინფორმაციით, “რადიო თავისუფლების” ქართული სამსახურის ხელმძღვანელის ვაკანტურ თანამდებობაზე ორი კანდიდატი განიხილებოდა – ნათია ზამბახიძე და ნატალია ანთელავა (BBC -ის ყოფილი კორესპონდენტი და “კოდა სთორის” აღმასრულებელი დირექტორი და რედაქტორი), თუმცა ანთელავამ აღნიშნული ინფორმაცია “ნეტგაზეთს” არ დაუდასტურა.

ნათია ზამბახიძემ “ნეტგაზეთს” 6 თებერვალს დაუდასტურა, რომ “რადიო თავისუფლების” კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი შეიტანა.  დღეს, 2 მარტს “ნეტგაზეთმა” შეკითხვებით მიმართა თავად “რადიო თავისუფლებას”. პრესსპიკერის, ჯოანა ლევისონის განცხადებით, სხვა კანდიდატების შესახებ ინფორმაციას ვერ გაავრცელებენ:

“ნათია ზამბახიძე აკმაყოფილებს “რადიო თავისუფლების” პროფესიულ მოთხოვნებს და ველით მასთან მუშაობას”- აცხადებენ რადიოში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდის თანახმად, ნათია ზამბახიძე აშშ-ში საქართველოს საელჩოში უფროსი მრჩევლის პოზიციას იკავებს. საელჩოში მუშაობამდე ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის თანამშრომელი იყო. ზამბახიძემ 2006 წელს ტელეკომპანია “რუსთავი 2” დატოვა და საელჩოში სამუშაოდ აშშ-ში გაემგზავრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი