ახალი ამბები

საზმაუს საბჭოს წევრების შესარჩევი კომისიის თავმჯდომარე აირჩიეს

2 მარტი, 2018 • 1719
საზმაუს საბჭოს წევრების შესარჩევი კომისიის თავმჯდომარე აირჩიეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების შესარჩევი კომისიის თავმჯდომარედ თინათინ რუხაძე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი აირჩიეს.

კომისიის მდივნად „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მედიაპროგრამების მენეჯერი მამუკა ანდღულაძე აირჩეს.

აღნიშნული გადაწყვეტილება საბჭოს 1 მარტის სხდომაზე მიიღეს. დღესვე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის-მეურვეობის კანდიდატთა შესარჩევმა საპარლამენტო საკონკურსო კომისიამ კომისიის დებულება შეიმუშავა, რომელსაც პარლამენტის ბიურო დაამტკიცებს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის – მეურვეობის კანდიდატთა შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის შემადგენლობა პარლამენტმა 23 თებერვლის პლენარულ სხდომაზე დაამტკიცა.

საკონკურსო კომისიის თავმჯდომარემ, თინათინ რუხაძემ შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა, რომ მეურვეობის კანდიდატთა წარდგენის თაობაზე განაცხადები წარდგენილი უნდა იქნეს 2018 წლის 3 მარტის ჩათვლით, ხოლო საკონკურსო კომისია მეურვეობის კანდიდატებს შეარჩევს კანდიდატურების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.

16 თებერვალს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ბრძანებით გამოცხადებული საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა − მეურვეთა კანდიდატურების შესარჩევი ღია კონკურსის საფუძველზე უნდა შეირჩეს სამეურვეო საბჭოს 4 წევრის-მეურვის კანდიდატურა. კანდიდატთა შერჩევის შემდეგ საკონკურსო კომისია წარადგენს ასარჩევზე სულ ცოტა სამჯერ მეტ კანდიდატურას.

მასალების გადაბეჭდვის წესი