ახალი ამბები

პრემიერი ექსპერტებთან შეხვედრაზე: მადლობა ღმერთს, ის ხალხი, ვინც გისმენთ, გაცილებით ბრძენია

25 სექტემბერი, 2013 •
პრემიერი ექსპერტებთან შეხვედრაზე: მადლობა ღმერთს, ის ხალხი, ვინც გისმენთ, გაცილებით ბრძენია

ივანიშვილთან შეხვედრაში რამდენიმე ექსპერტი მონაწილეობს, რომლებსაც პრემიერ-მინისტრმა შენიშვნები მისცა მათ მიერ საჯაროდ გამოთქმული შეფასებების გამო. ივანიშვილმა რამდენიმე ამონარიდი წაიკითხა ექსპერტების მიერ გაკეთებული განცხადებებიდან, რომლებიც სხვადასხვა მედიასაშუალებაში გამოქვეყნდა. ციტატებში, რომლებიც პრემიერმა წაიკითხა, საუბარი იყო ისეთ შეფასებებზე ექსპერტების მხრიდან, რომლებიც მიუთითებდნენ “ქართული ოცნების” რღვევისკენ, მათ დაახლოებაზე “ნაციონალურ მოძრაობასთან”, ივანიშვილის წასვლაზე პოლიტიკიდან და ა.შ.

 

“ექსპერტი რომ გამოდის და ამას ლაპარაკობს – პრემიერი აზრზე არ არის რა ხდება; თავს არიდებს პასუხისმგებლობას; ივანიშვილი დასავლეთმა არ მიიღო; ივანიშვილი პრემიერად თავის ნათესავს უჩა მამაცაშვილს ტოვებს და ა.შ. ერთხელ და ორჯერ თუ არ გამართლდა თქვენი პროგნოზი, ფასი დაგეკარგებათ”, – უთხრა ივანიშვილმა ექსპერტებს.

 

ივანიშვილთან მისული ექსპერტების ნაწილმა საპასუხოდ განაცხადა, რომ მათ განცხადებების ნაწილი ჟურნალისტების მიერ იყო დამახინჯებული. 

 

“ჟურნალისტს დავაბრალოთ? მაშინ სად არის აპრავერჟენია?” – ასეთი იყო ივანიშვილის პასუხი.

 

პრემიერმა ექსპერტებს მოუწოდა,მეტი პასუხისმგებლობით და სიფრთხილით გააკეთონ განცხადებები:

 

“სხვებისგან რომ გინდათ, იდეალურები იყვნენ, და პანიკას თესავთ მოსახლეობაში, ფასი არ დაუკარგოთ, დევალვაციას ნუ გაუკეთებთ საკუთარ სიტყვებს. შთაბეჭდილებები თქვენგან უყალიბდებათ, თქვენ ხართ ექსპერტები, ავტორიტეტები, თქვენს გამონათქვამებს მედია უკეთებს ტირაჟირებას, მადლობა ღმერთს, რომ ექსპერტები, ვინც საუბრობენ და აქტიურობენ, ჟურნალისტები, ანალიტიკოსები, ნჯო-ები, ამ ხალხის ნაწილს რომ მოუსმინო.. მადლობა ღმერთს, რომ ის ხალხი, ვინც მხოლოდ გისმენთ, გაცილებით უფრო ბრძენია და ერთი-ერთზე არ ღებულობს. დღეს ამის თქმა მინდოდა თქვენთვის. კარგად გააანალიზეთ გამონათქვამები, რასაც ამბობთ, ის კარგად დაასაბუთეთ, ხალხს ნუ აშფოთებთ”, – განაცხადა ივანიშვილმა.

ივანიშვილის შეხვედრა ექსპერტებთან
ივანიშვილის შეხვედრა ექსპერტებთან

მასალების გადაბეჭდვის წესი