ახალი ამბები

ტატუნაშვილის გადმოსვენებაში დახმარების თხოვნით ოჯახის წევრები ილია მეორეს შეხვდნენ

1 მარტი, 2018 • 1314
ტატუნაშვილის გადმოსვენებაში დახმარების თხოვნით ოჯახის წევრები ილია მეორეს შეხვდნენ

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრები საპატრიარქოში მივიდნენ თხოვნით, რომ ცხინვალიდან ცხედრის გადმოსვენებაში დაეხმარონ.

საპატრიარქოში კი აცხადებენ, რომ ოფიციალურ წერილს რუსეთის პატრიარქის სახელზე გააგზავნიან, რასაც სატელეფონო საუბრები მოჰყვება. ეს განცხადება შეხვედრის შემდეგ საპატრიარქოს ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ განაცხადა.

“მის უწმინდესობას მოახსენეს ინფორმაცია მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, 3 დღის წინანდელ შეხვედრასთან დაკავშირებით. ასევე იყო თხოვნა, რომ გარკვეული ნაბიჯები იქნას გადადგმული არჩილის ცხედრის ოჯახში გადმოსვენებასთან დაკავშირებით. მისმა უწმინდესობამ აღუთქვა, რომ მის პირად და საქართველოს ეკლესიის ხელთ არსებული რესურსია გამოიყენებს იმისათვის, რომ არჩილის ცხედარი დროულად იქნეს დაბრუნებული ოჯახში,” – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

ოჯახის წევრები პატრიარქ ილია მეორეს და სინოდის რამდენიმე წევრს შეხვდნენ. ისინი დღეს, 1 მარტს, დაახლოებით 20:00 საათზე მივიდნენ საპატრიარქოში, თუმცა მედიასთან განცხადება არ გაუკეთებიათ.

სუს-ის ცნობით, 22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები, არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს.  საინფორმაციო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ქართული მხარე უკვე 7 დღეა ითხოვს ცხედრის გადმოცემას. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრა ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემას დაეთმო, თუმცა შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის ცნობით, საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების მიზეზი გაკვეთის შემდეგ დაადგინეს. ცხინვალში აცხადებენ, რომ არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილის მიზეზი გულის უკმარისობა გახდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი