როგორც “ნეტგაზეთს’ კომიტეტის თავმჯდომარემ, ვიქტორ დოლიძემ განუცხადა, ჯერჯერობით ჩამოყალიბებული არ არის, თუ როგორ მოხდება სასწავლო კურსის სკოლაში ინტეგრირება, თუმცა ამაზე სამუშაო ჯგუფი მუშაობს. დოლიძე ვარაუდობს, რომ ეს ყველაფერი უკვე მომდევნო სასწავლო წელში განხორციელდება მანამდე კი კომიტეტი განათლების შესახებ კანონში შესატანი შესაბამისი ცვლილებების პროექტს პარლამენტს წარუდგენს.
“მე–10, მე–11 და მე–12 კლასელებისთვის სკოლიდანვე უნდა უზრუნველყოთ ინფორმაციის მიწოდება, თუ რას წარმოადგენს ნატო, რა არის ევროკავშირი, საით მივდივართ, რას ნიშნავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან, ასოცირების შესახებ შეთანხმება და ასე შემდეგ. ანუ საუბარია მაქსიმალურ ინფორმირებასა და განათლების ამაღლებაზე იმის შესახებ, თუ რატომ არის ევროკავშირი კარგი, რას გვაძლევს, რა ღირებულებებზეა ლაპარაკი, ეს თუ სკოლის ასაკიდან არ დაიწყო ბავშვმა, მერე გაჭირდება. საზოგადოების განათლების ამაღლების თვალსაზრისით ეს არის კარგი ნაბიჯი”, – აცხადებს იგი და დასძენს, რომ საუბარი არ არის იმაზე, რომ სკოლებში ახალი საგანი შედის, თუმცა ის, თუ როგორ მოხდება კურსის სასწავლო პროცესში ინტეგრირება, მოგვიანებით გახდება ცნობილი
“რა თქმა უნდა, იქნება გასარკვევი, სახელმძღვანელოები დაგვჭირდება თუ უბრალოდ ბუკლეტები მიეწოდება და მასწავლებელები იქნებიან ვალდებულები, რომ ინფორმაცია მიაწოდონ [მოსწავლეებს], ვნახოთ, რა გამოგვივა. მე მინდა, რომ რაც შეიძლება დროულად მოხდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ყველასთვის უკეთესია ეს, მთავარია ჩვენ შევძლოთ”, – აცხადებს იგი და დასძენს, რომ ეს სასწავლო კურსი არ იქნება პროპაგანდისტული იდეოლოგიური დატვირთვის მატარებელი
“არავითარ შემთხვევაში. მათ უნდა იცოდნენ, რა არის ევროკავშირი, რა არის ნატო. თუკი აკვირდებიან პროცესებს მსოფლიოში, აზიაში და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, კარგია და მათ მეტი არჩევანის საშუალება ეძლევათ, მაგრამ ქვეყნის მოსახლეობის 80–მდე პროცენტმა გადაწყვიტა, რომ ჩვენ მივდივართ ნატოსკენ, ევროკავშირისკენ და ქვეყანა იღებს ამ კურსს, შესაბამისად, ჩვენ ვალდებული ვართ გავაგებინოთ, რა სიკეთის მომტანია ნატო ქვეყნისთვის, ისევე, როგორც ევროკავშირი, და რა ღირებულებებზე და ფასეულობებზე გვაქვს საუბარი. მე ქართულ ღირებულებებს და ფასეულობებს ვუწოდებ ევროპულს, ჩვენ ადამიანების მოყვარული ვართ, ჰუმანურები ვართ და კეთილდღეობაზე ორიენტირებული ხალხი ვართ, რაც მხოლოდ და მხოლოდ კარგია. დასავლური ფასეულობებიც ანალოგიურია, უბრალოდ, ჩვენ ამ რთულმა წლებმა კიდევ უფრო მეტი სირთულეები შეგვიქმნა, რაც უნდა გამოვასწოროთ კვლადაკვალ”.