ახალი ამბები

ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება ბორჯომის საკრებულოში

28 თებერვალი, 2018 • 2452
ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება ბორჯომის საკრებულოში

ბორჯომში საკრებულოს 28 თებერვლის სხდომა ხმაურისა და სიტყვიერი დაპირსპირების ფონზე მიმდინარეობდა. ინფორმაციას ამის შესახებ “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, დაპრისპირება ბორჯომის მერიაში დასაქმებულთა ხელფასების საკითხს მოჰყვა.

საკრებულოს მერიის თანამშრომლების საშტატო ნუსხა და სახელფასო ანაზღაურება უნდა დაემტკიცებინა. რამდენიმეთვიანი ბოიკოტის შემდეგ, სხდომაზე მმართველი გუნდის, „ქართული ოცნების“ 11 დეპუტატიც შევიდა. თუმცა, როგორც გამოცემა იუწყება, მიუხედავად ამ წარმომადგენლობითი დასწრებისა, ხელფასების საკითხი ვერც დღეს გადაწყდა.  26 დეპუტატიდან საკითხის დამტკიცებას მხარი მხოლოდ “ქართული ოცნების” 11-მა დეპუტატმა დაუჭირა, 15 ოპოზიციონერი დეპუტატის უარის გამო საკითხი ჩავარდა, რასაც ხმაური მოჰყვა. დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

“სამხრეთის კარიბჭე” წერს, რომ სხდომის დასრულების შემდეგ მერიის თანამშრომელთა ნაწილმა სავარძლებით ჩახერგა  საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტის შესასვლელი კარი და ამბობენ, რომ იქამდე არ გაათავისუფლებენ შესასვლელს, ვიდრე საკრებულო ხელფასების საკითხს არ გადაწყვეტს. თანამშრომელთა მეორე ნაწილი კი  მერიის შენობის წინ მართავს აქციას.  ბორჯომის მერიაში მუშაობა პარალიზებულია. ამ დრომდე ისევ კაბინეტში რჩება საკრებულოს თავმჯდომარე “პატრიოტთა ალიანსიდან” ზაზა ჩაჩანიძე – მისი კაბინეტის კარი კვლავ სავარძლებით არის ჩახერგილი.

ბორჯომში ჩავიდა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ნიკა მელიაც. მელიას გამოჩენას სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ნიკა მელია აცხადებს, რომ ბორჯომში ზაზა ჩაჩანიძის მხარდასაჭერად ჩავიდა. იგი საკრებულოს ფოიეში მსხდომ მერიის თანამშრომლებს მოუწოდებს, გაათავისუფლონ თავმჯდომარის კაბინეტის შესასვლელი.

როგორც გამოცემა თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, შენობაში შესულ მელიას მერიის თანამშრომლებმა ცოცხები ესროლეს. გარდა ამისა, მას მოუწოდებდნენ, რომ არ ჰქონდა შენობაში ყოფნის უფლება და უნდა დაეტოვებინა შენობა:

“ნიკა მელიამ სცადა შესულიყო საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში, მაგრამ არ მისცეს საშუალება და დაიწყო ფიზიკური დაპირისპირება, ძნელად ჩანდა, ვინ ვის ურტყამდა” – წერს “სამხრეთის კარიბჭე”.

ბორჯომის მერის წარმომადგელი ბაკურიანში, გოჩა გობრონიძე კი ამბობს, რომ მას ნიკა მელიამ დაარტყა და ამის გამო პოლიციაში იჩივლებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით,  სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში ბორჯომის საკრებულოში მომხდარ ძალადობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის,,ბ“ ქვეპუნქტით (ჯგუფურად ჩადენილი ცემა ან სხვაგვარი ძალადობა) და 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) მიმდინარეობს.

შსს-ის სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ავთანდილ გალდავას თქმით, საკრებულოს შენობაში, ასევე, მის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაპირისპირებული მხარეების უსაფრთხოებისა და ინციდენტის გამეორების პრევენციის მიზნით, პოლიცია მუშაობას გაძლიერებულ რეჟიმში აგრძელებს.

“სამხრეთის კარიბჭის” ინფორმაციით,  კვორუმის არარსებობის გამო უკვე ხუთჯერ არ შედგა საკრებულოს სხდომა.

გამოცემის ცნობით,  ამ წლისთვის მერიაში თანამშრომელთა ხელფასები ასე განსაზღვრეს: მუნიციპალიტეტის მერი – 3450 ლარი; პირველი მოადგილე – 2 400 ლარი; მერის მოადგილე – 2 300 ლარი და სამსახურების უფროსები – 2000-2000 ლარი. საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები ხელფასების გაზრდილ ოდენობებს მხარს არ უჭერენ, რის გამოც ხელფასების საკითხი ვერ მტკიცდება და  თვითმმართველობის 125 თანამშრომელს დღემდე არ აუღია იანვრის ხელფასი. ბორჯომის საკრებულოში უმრავლესობა არა “ქართულ ოცნებას”, არამედ ოპოზიციურ პარტიებს აქვთ. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ გასული წლის არჩევნების შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარედ ერთხმად აირჩია “პატრიოტთა ალიანსის” წევრი ზაზა ჩაჩანიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი