ახალი ამბები

“თელიასონერამ” შესაძლოა საქართველოდან ინვესტიციები გაიტანოს

24 სექტემბერი, 2013 •
“თელიასონერამ” შესაძლოა საქართველოდან ინვესტიციები გაიტანოს

დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა “მაგთის”, “ჯეოსელის” და “ახალი ქსელების” წარმომადგენლებს მოუსმინეს. როგორც “ჯეოსელის” წარმომადგენელი ლევან გიორგაძე ამბობს, “თელიასონერა” საქართველოდან გასვლას და ინვესტიციების გატანის საკითხს განიხილავს. აღნიშნულის მიზეზად გიორგაძე მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებებს ასახელებს: 

 

“ფაქტობრივად, ისე, რომ საკანონმდებლო ცვლილებებს ადგილი არ ჰქონია და ეს წესი რეგულირებულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონის 49-ე მუხლის V პუნქტის გ ქვეპუნქტით. ჩანაწერი არის დაახლოებით ასეთი: როდესაც ლიცენზიის გაგრძელება ხდება ამა თუ იმ ავტორიზებული პირის მიერ, ფორმულაში დევს შემდეგი პარამეტრი: ბოლო 3 წლის განმავლობაში 3 აუქციონი თუ არის ჩატარებული, აღებულია საფასურების რაოდენობა… მანამდე კომისია იყენებდა შემდეგ ფორმულას, 3 აუქციონზე  ჯამურად აღებული ფასი გაყოფილი მეგაჰერცების ჯამურ რაოდენობაზე. იღებდა ერთ კონკრეტულ ციფრს, ერთი მეგაჰერცის ღირებულებას და იმას ამრავლებდა გასაგრძელებელი მეგაჰერცების რაოდენობაზე.

 

2013 წლის 17 ივლისს კომისიამ ცვლილება შეიტანა აუქციონის გამართვის დებულებაში, სადაც ასევე 49-ე მუხლში პირდაპირ არის ჩანაწერი, ამ დადგენილებით რა საკითხები უნდა იყოს დარეგულირებული. ეს დოკუმენტი არეგულირებს აუქციონის გამართვის წესს, ლიცენზიის საწყისი ოდენობის გამოანგარიშების წესს და ამ ჩამონათვალში ლიცენზიის გაგრძელების საფასურის რეგულაცია არ არის გათვალისწინებული. კომისიამ ამ დადგენილებაში მიიღო ფორმულა, რომ პირველ აუქციონზე დაფიქსირებული საფასური გაყო მეგაჰერცებზე, მიიღო ერთი კონკრეტული ციფრი, იგივე გააკეთა მეორე აუქციონთან მიმართებაში, იგივე გააკეთა მესამე აუქციონთან მიმართებაში, ეს სამი ციფრი დააჯამა, მერე გაყო სამზე, მიიღო რაღაც ციფრი და შედეგობრივად გეტყვით, “ჯეოსელთან” დაკავშირებით რა მოხდა.”

 

როგორც გიორგაძე განმარტავს, ლიცენზიის გაგრძელების ასპექტში განხორციელებული ცვლილებების გამო კომპანიას დამატებით 14 მილიონის გადახდა მოუწია:

 
“მთელი ამ წლების განმავლობაში, რაც კომისია არსებობდა, იმ პირველი ფორმულის გამოყენება როდესაც ხდებოდა, ჯეოსელს კონკრეტული ლიცენზიის გასაგრძელებლად უწევდა 34 მილიონის გადახდა და დღეს, ახალი ფორმულის მიხედვით, გადავიხადეთ 48 მილიონი. როგორც ახსნეს, ეს არის დაზუსტდება. როგორი დაზუსტებაა, როდესაც 14 მილიონის განსხვავებას იძლევა ერთი და იგივე მუხლის ინტერპრეტაცია?!”
 
 
გიორგაძე აცხადებს, რომ აღნიშნული მიზეზების გამო “თელიასონერა” ქვეყნიდან ინვესტიციების გატანაზე ფიქრობს:
 
 
“ფაქტად მივიღეთ ის, რომ უკანონოდ ვიხდით 48 მილიონს. 4 ასეთი ლიცენზია გვაქვს, რომელიც 2 წლის ინტერვალით უნდა გავაგრძელოთ. დამფუძნებლების მხრიდან “თელიასონერა” უკვე სერიოზულად ფიქრობს ქვეყნიდან გავიდეს და ინვესტიციები გამოითხოვოს. 2013 წლის 17 ივლისს მიიღეს დადგენილება, ჯეოსელის შემთხვევაში გადაწყვეტილება მიღებული იქნა 2013 წლის 9 აგვისტოს.”
 
 
კომისიის სხდომაზე თინა ხიდაშელმა მობილური ოპერატორების წარმომადგენლებს პორტირების სერვისთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე ჰკითხა აზრი. როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ამ სერვისის შემოღების შემდეგ მათ ფინანსური ზარალი მიადგათ. 
 
 
“ანგარიშსწორების მოდელი კომისიამ შეიმუშავა. პორტაბელურობის საფასური დამოკიდებული გახადა სააბონენტო ნომრების რესურსზე. ისეთი რესურსიც შედის აქ, საერთოდ რომ არ ჰყოლია მომხმარებელი. საუბარი საერთოდ არ არის იმაზე, უნდოდა თუ არა ოდესმე პორტაბელურობის პროცესში მონაწილეობა. აქვე მინდა ყურადღება გავამახვილო მაგთი ფიქსზე. ზოგადად, ფიქსირებულ ქსელში ერთეული შემთხვევები არსებობს პორტირებისა და ამ ერთეული შემთხვევების შედეგი სწორედ კომისიის გადაწყვეტილებების შედეგია. კომისიამ შექმნა ხელოვნური ბარიერები. მოახდინა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც შეზღუდა პორტირება ფიქსირებულ ბაზარზე სადენიან და უსადენო ქსელს შორის. მიუხედავად იმისა, რომ დებულებაში არსებობდა ჩანაწერი ტექნოლოგიურ ნეიტრალიტეტზე. ამ გადაწყვეტილებით კომისიამ “მაგთიკომი” დატოვა თამაშგარე მდგომარეობაში, ვგულისხმობ “მაგთიფიქსს”, პრინციპს და არა მობილურს. მიუხედავად ამისა, ეს არ შეხებია ანგარიშსწორების საკითხს. დღესდღობით ერთეულ ნომრებზე არსებობს მაგთიფიქსზე პორტირება და ესეც ალბათ სატესტო მიზნით განხორციელდა. მიუხედავად ამისა, დღეს მაგთიკომი იხდის მილიონობით სანომრე რესურსზე გადასახადს,” – განაცხადა “მაგთის” გენერალური დირექტორის მოადგილემ ნათია კახიძემ.
 
 
როგორც კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რამდენიმე ძირითადი პრობლემის არსებობა უკვე დადასტურებულია:
 
 
“ეს არის სრულიად გაუგებარი პორტაბელობა, რომელიც თავის თავში მოიცავდა ამ ბიზნესიდან რაც შეიძლება მეტი ფულის ამოღებას, უსამართლოდ, ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე, რაიმე კონკრეტული ობიექტური მიზეზების გარეშე. ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ 124 ათასი ნომერია მხოლოდ ქვეყანაში პორტირებული და 6 მილიონ 700 ათასზე იხდიან ისინი გადასახადს.”

მასალების გადაბეჭდვის წესი