ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ტატუნაშვილის საქმე, საპრეზიდენტო არჩევნები სომხეთსა და აზერბაიჯანში და სკანდალი გალში საერთაშორისო მედიაში

28 თებერვალი, 2018 • 2139
ტატუნაშვილის საქმე, საპრეზიდენტო არჩევნები სომხეთსა და აზერბაიჯანში და სკანდალი გალში საერთაშორისო მედიაში

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში პატიმრობისას გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე; სომხეთსა და აზერბაიჯანში მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების გამოწვევები; ქართველი საოპერო მომღერლის აფხაზეთში ჩატარებული კონცერტის ირგვლივ შექმნილი პოლიტიკური სკანდალი. ეს არის ძირითადი თემები სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რამაც 2018 წლის თებერვალში საერთაშორისო მედიისა და ორგანიზაციების ყურადღება მიიქცია.

[red_box]სამხრეთ ოსეთში დაკავებული საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა[/red_box]

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში დაკავებული საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი გარდაიცვალა, ხოლო მასთან ერთად 22 თებერვალს დაკავებული ლევან ქუტაშილი და იოსებ პავლიაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლეს, თუმცა ისინი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რჩებიან. ოსური მხარის განცხადებით 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი “23 თებერვლის ღამეს ცხინვალის იზოლატორის კიბეზე დაგორდა და გარდაიცვალა”.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრესსპიკერის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ისინი უსამძიმრებენ გარდაცვლილის ოჯახს, ხოლო სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში –  მხარს უჭერენ მიმდინარე გამოძიებას და ხელს შეუწყობენ დისკუსიებს ინციდენტების პრევენციისთვის მხარდაჭერის მექანიზმის და მისიის ცხელი ხაზის მეშვეობით.

“ჩვენ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებისგანველით პატიმრობიდან განთავისუფლებული ორი საქართველოს მოქალაქის თბილისის მიერ მართულ ტერიტორიაზე სასწრაფოდ ტრანსპორტირების უზრუნველყოფას. უკანასკნელი მოვლენები დამატებით ზომებს საჭიროებს გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად და ნდობის გაუმჯობესების მიზნით.” – წერია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩმა, საკუთარ ტვიტერის გვერდზე მომხდარს უწოდა რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის რეპრესიული რეჟიმის მახინჯი სახის გამოვლინება.

“ვგმობ საქართველოს მოქალაქეების მიმართ დევნას და ვეხმაურები ადგილზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და უსაფრთხოების მექანიზმის შექმნას”, – დაწერა მან ტვიტერზე.

არჩილ ტატუნაშვილის საქმეს ის საერთაშორისო მედიაც ეხმაურება, რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონს აშუქებს

[blue_box]2 მარტის სომხეთის საპრეზიდენტო არჩევნების გამოწვევები[/blue_box]

2018 წლის 2 მარტს სომხეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. პრეზიდენტობის კანდიდატად სომხეთის რესპუბლიკურმა პარტიამ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ელჩი და ბიზნესმენი არმენ სარგისიანი წარადგინა. პარტიის განცხადებით, მათი არჩევანი არმენ სარგისიანის უცხო ენების ცოდნას, სომხურ დიასპორასთან ფართო კავშირებს და საერთაშორისო გამოცდილებას ეყრდნობა.

Eadaily.com -ზე გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, სამართლიანი იქნება ითქვას, რომ საპრეზიდენტო არჩევნებს სიმბოლური დატვირთვა ექნება, როგორც სომხეთის რესპუბლიკის მეოთხე პრეზიდენტს. 2015 წლის 6 დეკემბრის რეფერენდუმზე დაყრდნობით,  ქვეყანა კონსტიტუციის რეფორმის მიხედვით საპრეზიდენტო მმართველობიდან საპარლამენტო მმართველობაზე გადადის. ამასთანავე, 2 მარტს პრეზიდენტს არა ხალხი, არამედ სომხეთის პარლამენტის დეპუტატები აირჩევენ, რომელთა უმეტესობასაც სომხეთის მმართველი რესპუბლიკური პარტია შეადგენს.

აპრილში, საპარლამენტო მმართველობის მოდელზე გადასვლის გამო, პრემიერ-მინისტრი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა გახდება. საპარლამენტო( პარტია “ელკი” და “აყვავებული სომხეთი”) და არასაპარლამენტო ოპოზიციის აზრით, სარგისიანი პრემიერ-მინისტრობას აპირებს. როგორც Intellinews წერს, სომხეთის რესპუბლიკური პარტიის ლიდერი სარგისიანი პრემიერ-მინისტრობის ბუნებრივი კანდიდატია, თუმცა ბოლო წლებში სომხეთის მოსახლეობა აქტიურად აპროტესტებს ქვეყანაში არსებულ კორუფციას, ეკონომიკურ პოლიტიკასა და თავდაცვის სტრატეგიებს.

Eadaily-ს აზრით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია სომხეთის საგარეო პოლიტიკის პერსპექტივები -”ერთი მხრივ, სომხეთის რესპუბლიკური პარტია ევროპის სახალხო პარტიის წევრია და სომხეთში ევროპული საკანონმდებლო მოდელების გატარების მომხრეა, მათ შორის, ოჯახში ძალადობაზე კანონის, რომელმაც სომხურ სოციალურ ქსელებში სკანდალური გამოხმაურებები გამოიწვია. მეორე მხრივ, სერჟ სარგისიანმა, როგორც ქვეყნის ლიდერმა, რუსეთთან მრავალვექტორული პოლიტიკა შემოიტანა, რაც მოკავშირე ურთიერთობების განვითარებას უწყობს ხელს. საინტერესოა, როგორი იქნება სომხეთის მიმართულება საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლის შემდეგ. რუსეთში არცთუ ისე დიდი ოპტიმიზმით უყურებენ ახალ ცვლილებებს სომხეთის მმართველობაში, რადგან კარგად მოეხსენებათ, რა ფინანსებითა და ტექნოლოგიებით ფუნქციონირებს სომხეთის პარტიები”, – წერს გამოცემა.

სომხეთის ახალი კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტობის მსურველი პირი პრეზიდენტად არჩევამდე 6 წლის განმავლობაში სომხეთის მოქალაქე უნდა იყოს. Eurasianet-ის თქმით, ოპოზიციური პარტიები თვლიან, რომ არმენ სარგისიანი კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს. მათი თქმით, 2014 წლის დოკუმენტებში არმენ სარგისიანი ბრიტანეთის მოქალაქედ იწერება. თუმცა, გამოცემის აზრით, ბრალდების მიუხედავად, სარგისიანს ხელი არ შეეშლება პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენაში  და ნაკლებად სავარაუდოა, ქვეყნის სასამართლომ კონსტიტუციის საფუძველზე ამას ხელი შეუშალოს. ამის დასტურად გამოდგება Freedom House-ის უკანასკნელი კვლევა , რომლის მიხედვითაც სომხეთის სასამართლო სისტემას ხელისუფლებისგან დამოუკიდებლობა და ავტონომია აკლია.

ალიევმა მოულოდნელად საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა

 

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, მოულოდნელად ვადამდელი არჩევნების დანიშვნას მოაწერა ხელი, ოფიციალური მიზეზი არ დაუსახელებია. საპრეზიდენტო  არჩევნები აზერბაიჯანში 2018 წლის 17 ოქტომბერს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, 2018 წლის 11 აპრილს ჩატარდება, რამაც ოპოზიციურ პარტიებში დიდი კრიტიკა გამოიწვია.

როგორც Worldview.stratfor.com წერს, არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც არჩევნები დანიშნულ ვადაზე ადრე ჩატარდება. აზერბაიჯანის რამდენიმე ოპოზიციური პარტიის აზრით, ეს გადაწყვეტილება შესაძლოა მომავალ არჩევნებში ოპოზიციის გავლენის შესასუსტებლად გაკეთდა, რათა მათ არ დარჩეთ საკმარისი დრო არჩევნებისთვის მოსამზადებლად. გამოცემის თქმით, ეს ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ოპოზიციური პარტიები ალიევისთვის პრობლემას არასდროს წარმოადგენდა და თითქმის 15-წლიანი მმართველობის განმავლობაში მან ყველა არჩევნები მოიგო 75%-ზე მეტი მხარდაჭერით.

გამოცემის ვარაუდით, აზერბაიჯანს შესაძლოა სურს თავიდან აიცილოს ევროსაბჭოს სანქციები, რომლებიც ადვოკატისა და ოპოზიციური პარტიის ლიდერ ილგარ მამადოვის დაპატიმრებასთან დაკავშირებით დაეკისრება. მათი აზრით, თუ აზერბაიჯანის მთავრობა სანქციების არიდების მიზნით მამადოვს გაათავისუფლებს, ამას არჩევნების შემდეგ იზამს, რათა მამადოვისგან პოლიტიკური გამოწვევა არ მიიღოს.

ამ ვერსიას ეხმიანება კავკასიის საკითხების ანალიტიკოსი თომას დე ვალი, რომლის აზრით, მამადოვი, ისევე როგორც ნავალნი პუტინისთვის, ალიევთან რეალური შანსების მქონე მოწინააღმდეგეა. მისი თქმით, მამადოვის პარტია იურისტებისა და ეკონომისტებისგან შედგება, რომელთაც ქვეყნის ეკონომიკის მოდერნიზების და ქვეყნის დემოკრატიისკენ სწრაფვის იდეები ამოძრავებთ და აზერბაიჯანის ელიტის ნაწილის ბუნებრივი მხარდაჭერაც აქვთ.

თომას დე ვალმა საკუთარი ტვიტერის გვერდზე დაწერა, რომ არჩევნების გადმოტანა სწორედ მამადოვის გათავისუფლების მიზნით მოხდა, რათა აზერბაიჯანმა ევროსაბჭოს სანქციებს აარიდოს თავი.

[red_box]გალში ეთნიკურად ქართველმა მომღერალმა სკანდალი გამოიწვია[/red_box]

რუსეთში მოღვაწერ ეთნიკურად ქართველი საოპერო მომღერლის, გიორგი თოდუას კონცერტმა აფხაზეთში პოლიტიკური სკანდალი გამოიწვია. გალში კონცერტის შემდეგ მომღერალმა ქართულ გამოცემა Livepress.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ არა აფხაზეთის რესპუბლიკაში, არამედ სამშობლოში ჩაატარა კონცერტი.

Eurasianet-ის ინფორმაციით, გალის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა, თემურ ნადარაიამ, სპეციალურად ამ ინტერვიუს გამო გაკეთებულ პრესკონფერენციაზე მომღერალს პროვოკატორი უწოდა და განაცხადა, რომ “მისთვის აფხაზეთისკენ მიმავალი გზა სამუდამოდ ჩაიკეტა”.

გამოცემის თქმით, გალში მცხოვრები ქართველები, რომლებსაც სოხუმი ყოველთვის ეჭვით უყურებს და “პროქართველურ მეხუთე კოლონიად მიაჩნია”, სტუმრის კრიტიკამ უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა.

გამოცემის ინფორმაციით, აფხაზურმა ოპოზიციურმა პარტია “ამცახარამ” ამ ეპიზოდთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მომხდარმა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის უუნარობა წარმოაჩინა და მისი გადადგომა მოითხოვა.


პროექტი დაფინანსებულია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს მიერ. მასალაში გამოყენებული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ან ნეტგაზეთის პოზიციებს. პროექტი ითვალისწინებს ყოველთვიური დაიჯესტის გამოცემას, რომელიც ყოველი თვის განმავლობაში საერთაშორისო მედიასა და ანალიტიკური გამოცემებში კავკასიის რეგიონზე კონცენტრირებულ საკითხებს მიმოიხილავს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი