ახალი ამბები

სააკაშვილი: ახლა ხომ დავრწმუნდით, რომ რუსეთი ახორციელებს გეგმაზომიერ შეტევას?!

23 სექტემბერი, 2013 •
სააკაშვილი: ახლა ხომ დავრწმუნდით, რომ რუსეთი ახორციელებს გეგმაზომიერ შეტევას?!

“ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ დავკარგეთ კონტროლი უფრო მეტ სასოფლო-სამეურნეო მიწაზე, ვიდრე იყო ქურთაში და თამარაშენში, ოღონდ იმ პირობებში, როცა ამის შესახებ პრაქტიკულად ვერავინ ვერ გაიგო და რუსეთმა არანაირი პოლიტიკური ფასი არ გადაიხადა.

 

ხომ ამბობდნენ ხშირად, რომ ყველაფერი იმის ბრალი იყო, რომ პუტინი მე ვერ მიტანდა? ახლა ხომ დავრწმუნდით, რომ რუსეთი ახორციელებს გეგმაზომიერ შეტევას საქართველოს სუვერენიტეტზე და საზღვრებზე, მიუხედავად იმისა, ვინ არის საქართველოს ხელისუფლებაში.

 

პატარა ქვეყნისთვის ერთადერთი შანსი თავისი პოზიციების დაცვის არის საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო მხარდაჭერა. ბოლო თვეებში ყველა ინტერვიუში დასავლურ გამოცემებთან საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმეორებს, რომ ომი იყო საქართველოს ბრალი. რომ საქართველოს, როგორც ქვეყანას, თურმე არ უნდა ჰქონდეს არც მსოფლიო, არც რეგიონალური ამბიციები და მნიშვნელობა.

 

თუ მნიშვნელობა არა გვაქვს, თუ ყველაფერი ჩვენი ბრალი იყო, ვინ მოვა ჩვენს დასაცავად? ჩვენი ოფიციალური პირების ლექსიკიდან გაქრა სიტყვა ოკუპაცია და ეგრევე ამერიკელებმა და ევროპელებმა შეწყვიტეს ოკუპაციაზე ლაპარაკი. ამ ერთი წლის განმავლობაში, ეს არის უპრეცედენტო ფაქტი საქართველოს ისტორიაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი არ ყოფილა ოფიციალური ვიზიტით მიწვეული არც აშშ-ში და არც დასავლეთ ევროპის რომელიმე ქვეყნებში. და ამასობაში ჩვენი პროკურორი ერთი კვირა იმყოფებოდა, ოკუპირებული ქვეყნის პროკურორი, ოკუპანტი ქვეყნის დედაქალაქში – მოსკოვში და ბევრი სხვა გაუგებარი რევერანსი გაკეთდა.

 

ეს არის სისუსტის გამოსხივება. ახლა კუდის ქიცინის დრო კი არ არის და წაწოლის დრო. რაც უფრო წავწვებით, მით უფრო ადვილად გადაგვივლიან, არამედ საჭიროა საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზაცია, ჩვენი ერთიანობის დემონსტრირება. რუსეთს ცბიერებით და ვითომ ეშმაკობით ვერავინ ვერ მოუგებს ამ საკითხებში, მაგრამ რუსეთის ოკუპაციის უკან დახევა შესაძლებელია მწყობრი საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვების პირობებში და არა იმ პირობებში, როცა ამერიკის კონგრესი იღებს რეზოლუციას, რომ საქართველოში დემოკრატია არაა. ადრე იღებდნენ რეზოლუციებს, რომ საქართველოს დეოკუპაცია მოხდეს, ახლა- რეზოლუციას დემოკრატიაზე და სხვადასხვა კრიტიკულ თემებზე.

 

ჩვენ ახლა გვჭირდება ერთიანობა, ზეგ გაეროში ვაპირებ მხოლოდ ამაზე ლაპარაკს, ამ საკითხებზე, მაგრამ მხოლოდ ჩემი ლაპარაკი არ არის საკმარისი, ყველა ქართულმა პოლიტიკურმა ძალამ, მთავრობამ და მეც, ყველამ უნდა გამოვიჩინოთ ერთიანობა, სიმტკიცე და ყველამ უნდა გამოვავლინოთ, რომ გვიყვარს ჩვენი სამშობლო და მზად ვართ ვიბრძოლოთ მისი ინტერესებისთვის”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი