ახალი ამბები

პუტინის მმართველობა ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოში შედის

23 სექტემბერი, 2013 •
პუტინის მმართველობა ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოში შედის

ვლადიმერ პუტინი
ვლადიმერ პუტინი

 “იზვესტიას” ცნობით, მომავალ კვირაში რუსეთის განათლების სამინისტრო ახალი სახელმძღვანელოს კონცეფციას წარმოადგენს, რომლითაც მოსწავლეებს რუსეთის ისტორიას არა მხოლოდ 2000 წლამდე ასწავლიან, როგორც აქამდე იყო, არამედ 2012 წლამდე.

 

როგორც “იზვესტია” იუწყება, ამ საკითხთან დაკავშირებით იყო აზრთა სხვაობა სწავლულებს და ისტორიკოსებს შორის. სწავლულები მიიჩნევენ, რომ ვლადიმერ პუტინის მმართველობის პერიოდის შეფასება და ანალიზი ჯერ ნაადრევია, რომ ის სახელმძღვანელოში შეიტანონ.

 

თავად რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინი “არ ერევა სწავლულებისა და მასწავლებლების საქმიანობაში. მოდით, პროფესიონალებმა გადაწყვიტონ, როგორი უნდა იყოს ეს სახელმძღვანელო და უნდა შევიდეს თუ არა მასში ახლანდელი პრეზიდენტის მმართველობის პერიოდი”.

 

“იზვესტიას” ცნობით, ახალი სახელმძღვანელო 2015-16 წლებისთვის მზად იქნება, თუმცა ამ სახელმძღვანელოთი სწავლება სკოლებში 2020 წლისთვის დაიწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი