ქუთაისის ტრანსპორტის სამსახურის უფროსი ნიკა კეპულაძე ამბობს, რომ მოძრაობის შეზღუდვაზე ნებართვა საპატრულო პოლიციამ გასცა, თუმცა, მისივე განმარტებით, პოლიციას მერიის სამსახური არ გაუფრთხილებია:
“ჩვენ მოძრაობის შეზღუდვის შესახებ ინფორმაციის დონეზეც არ ვიცოდით. ამ დილით, როცა ჩვენი ტრანსპორტით გამოვედით, უკვე შეზღუდული იყო მოძრაობა. ამას საპატრულო პოლიცია აკეთებს და, სამწუხაროდ, საქმის კურსში არ ვიყავით. გაფრთხილება არ ყოფილა, ჩვენ თვითონ ამ დილით უზრუნველვყავით, რომ შემოვლითი გზით ევლო საქალაქო ტრანსპორტს. ტრანსპორტი ადის პუშკინის ქუჩაზე, მერე საღარაძის ქუჩაზე, გადადის გოგებაშვილით საფიჩხიაზე. ხოლო წერეთლის ქუჩაზე #1 ავტობუსები და “მარშუტკები” ჩვეულებრივად მუშაობენ.”
კეპულაძე ამბობს, რომ პოლიციას მისი სამსახური უნდა გაეფრთხილებინა:
“მეც იმ აზრზე ვარ, რომ უნდა გაეფრთხილებინათ სამსახური. როდესაც 2 კვირის წინ გადაიკეტა მოედანი, მარგველაშვილის შტაბის პრეზენტაციის დროს, მაშინ ჩვენი რეკომენდაციები გაითვალისწინეს და წინასწარ ვიცოდით და რაღაც გადავგეგმეთ. ეს ალბათ სპონტანურად მოხდა და … ყოველ შემთხვევაში ტრანსპორტს შეფერხება არ აქვს, მგონია, მოსახლეობა უკმაყოფილო არ იქნება.”
ბერა ივანიშვილის პრესსამსახურის წარმომადგენელი თათია ხელაია ამბობს, რომ შესაბამისი განცხადება ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებლის კოტე ლომიძის სახელზე შეიტანეს:
“ჩვენ, როცა მერიას მივმართეთ განცხადებით, რომ ცენტრალურ მოედანზე კონცერტის ჩატარების უფლება მოეცათ, მივუთითეთ ისიც, რომ დაგვჭირდებოდა მაგ გზის გადაკეტვა ამ დღეების განმავლობაში. არანაირი სამართალდარღვევა აქ არ არის. ჩვენ ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელს მივმართეთ.”