ახალი ამბები

GMG-ის საქმეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია იხილავს

23 სექტემბერი, 2013 •
GMG-ის საქმეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია იხილავს

კომისიის წევრებმა ამ დროისთვის უკვე დაკითხეს შპს “მადის“ წარმომადგენელი ავთანდილ დევიძე.


“8 თვის განმავლოვაში დაპატიმრებული ვიყავი და ჩემგან საკაბელო ტელევიზია GMG-ის სასარგებლოდ კომპანიის ლიცენზიის დათმობას ითხოვდნენ. პატიმრობის განმავლობაში ჩემთან დასავლეთ საქართველოს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე შალვა ბოლქვაძე დადიოდა და წილის დათმობას მთხოვდა, თუმცა ყველაფერი საუბრის დონეზე რჩებოდა და ფიზიკურ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია,” – განაცხადა დევიძემ.


მისივე თქმით, კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ კომპანია “მადის” წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება საბიუჯეტო დავალიანების მიზეზით წამოიწყო:


“დაახლოებით 43 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაგვაკისრეს. ამის შემდეგ დამაკავეს და 8 თვის განმავლობაში ოცდასამამდე სასამართლო პროცესი ჩატარდა, საპროცესო გარიგებაზეც ყველა სხდომაზე უარი მითხრეს. თუმცა სრულიად მოულოდნელად, რამდენიმე თვეში გამათავისუფლეს. თვენახევრის შემდეგ ჩემთან ეროვნული მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენელი გიორგი რატიშვილი მოვიდა, მამუკა გამყრელიძესთან ერთად, რომელიც საკაბელო ტელევიზია GMG-ის წარმომადგენელია. რატიშვილმა ამჯერადაც ლიცენზიის დათმობა მომთხოვა და დავეთანხმე.”


აღნიშნულ ვერსიას არ იზიარებს GMG-ის წარმომადგენელი მამუკა გამყრელიძე და ამბობს, რომ კომპანია “მადის” მფლობელისგან ლიცენზია 14 000 ლარად შეიძინა:


“ვიცოდი, რომ დევიძეს 4 ლიცენზია გააჩნდა და გადაწყვიტა მისგან ერთი ლიცენზია შემეძინა, ან მექირავებინა. ეს მეთოდი საკმაოდ დამკვიდრებულია და სამაუწყებლო კომპანიებს, რომელთაც ლიცენზია არ გააჩნიათ, შეუძლიათ ეს ლიცენზია შეისყიდონ ან იქირაონ. ჩემგან არანაირი ზეწოლა არ მომხდარა ბატონ დევიძეზე, ხოლო თუ  რა ხდებოდა ძალოვან უწყებებსა და შპს “მადის” მფლობელებს შორის, ეს სასამართლოს გადასაწყვეტია. ჩვენ ლიცენზია დევიძისგან ვიყიდეთ და ამაში თავიდან 10 000 ლარი, ხოლო შემდეგ დამატებით 4000 ლარი გადავიხადეთ.”


როგორც საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თინა ხიდაშელი ამბობს, დევიძის პრობლემები იმ საერთო ტენდეციიის ნაწილია, რაც 2007-2008 წლებში ტელევიზიებს ემართებოდათ:


“ჩემთვის მთავარი პრობლემა არის ის, რომ რამდენად დადასტურდება ამ ყველა დაკითხვის შემდეგ და იმ დოკუმენტებით, რომლებსაც მოგვაწვდიან, თანხვედრა ინტერესების და რამდენად აღმოჩნდება, რომ “GMG” გახდა მოსარგებლე, საბოლოო ჯამში, იმ უკანონობის კასკადის, რომელიც ამ კომპანიების წინააღმდეგ იყო განვითარებული. როდესაც ერთმანეთის მიყოლებით, წინა კვირაში დავკითხეთ ბათუმის რამდენიმე საკაბელო, ზუსტად იგივე ტარიფებს ასახელებენ, 7-9 ლარს, რომელსაც ითხოვდნენ მათგან GMG-ის ქსელის ჩართვისთვის. თბილისში ბევრი საკაბელოა და ჩვენ ყველას მოვუსმენთ, ისინიც ასევე ასახელებენ ერთსა და იმავე ტარიფს. საფუძვლიანი ეჭვი ჩნდება, რომ ამის უკან რაღაც იდგა და ამიტომ ჩვენი ვალდებულებაა, დეტალურად გავარკვიოთ რა ხდებოდა.”


GMG – 2010 წლის 27 ივლისს დააფუძნა მამუკა გამყრელიძემ, თუმცა „რუსთავი 2“–ის გადაცემა „ვის უნდა 20 ათასის“ ყოფილი წამყვანი მხოლოდ 20 დღე იყო GMG–ის 100%–იანი წილის მფლობელი. დღეის მონაცემებით, კომპანიაში წილის 15%-ს ფლობს ლევან ყუბანეიშვილის კუთვნილი ფირმა – შპს “ახალი მედია ჯგუფი”, ხოლო 85%-ს – თამარ გამყრელიძე.


GMG-მ 2010 წლის 3 დეკემბერს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიმართა და შპს „მადის“კუთვნილი საკაბელო საერთო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურების N1411 ლიცენზიის (ეს ლიცენზია ოზურგეთის საკაბელო კომპანია შპს “მადს” 2004 წელს ჰქონდა მიღებული) გადაცემა მოითხოვა. კომუნიკაციების კომისიამ დააკმაყოფილა ეს თხოვნა, რის შემდეგაც GMG-მ კომისიას ამ ლიცენზიის მოდიფიცირება და კერძო ტელემაუწყებლობის ლიცენზია (ლიცენზიის სახეობა: სპეციალიზებული (გასართობ-შემეცნებითი) ტელემაუწყებლობა) სთხოვა. გადაწყვეტილება მოდიფიცირების შესახებ კომისიამ 2010 წლის 31 დეკემბერს მიიღო.

 

2010 წლის წლის დეკემბერშივე, საჯარო რეესტრის მონაცემებით,  „გლობალ მედია ჯგუფის“ საწესდებო კაპიტალი, რომელიც 100 ლარს შეადგენდა, გაიზარდა ნახევარ მილიონ 50 ათასი ლარით. დოკუმენტს ხელს აწერენ  გიორგი კოღუაშვილი და ლევან ყუბანეიშვილი.

 

2011 წლის თებერვლიდან  GMG–მ საკაბელო ტელევიზიების ეთერით ოთხი არხით – ორი სპორტული და ორი კინოარხით დაიწყო მაუწყებლობა. იმავდროულად, საკაბელო ტელევიზიებმა ყველა სპორტული არხი გათიშეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი