ახალი ამბები

შსს–ს არქივის თანამშრომელი ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ახალ ვერსიაზე ფილმს იღებს

22 სექტემბერი, 2013 • • 2256
შსს–ს არქივის თანამშრომელი ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ახალ ვერსიაზე ფილმს იღებს

“შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივმა, უწყების სხვა სტრუქტურული დანაყოფების დახმარებით,  ილია ჭავჭავაძის მკვლელობისა და მის მიერ საგურამომდე განვლილი უკანასკნელი გზის შესახებ მხატვრულ–დოკუმენტური ფილმის – „ვინ მოკლა ილია…“ გადაღება დაიწყო. ფილმის გადაღება ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმისა და სხვადასხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტების მიხედვით  მიმდინარეობს. ფილმის რეჟისორი და სცენარის ავტორი შსს-ს არქივის თანამშრომელი მიხეილ ბერინაშვილია, ხოლო მთავარ როლებს მოწვეული მსახიობები – კოტე თოლორდავა, ნანუკა ხუსკივაძე, ზაზა იაქაშვილი და გივი ბერიკაშვილი ასრულებენ”– ნათქვამია სტრუქტურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

სამინისტროს ინფორმაციით, ილია ჭავავაძის მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივშია დაცული და 11 ტომს მოიცავს. შსს–მ ფილმის გადაღება  მას შემდეგ დაგეგმა, რაც ისტორიკოსებმა და მკვლევარებმა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში  ილია ჭავჭავაძის მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი და აქამდე უცნობი გარემოება აღმოაჩინეს.

 

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს. შეკითხვაზე რატომ იღებს ფილმ შსს–ს არქივის თანამშრომელი, უწყებაში განგვიცხადეს, რომ იგი პროფესიით რეჟისორია.

 

ფილმის გადაღება თბილისსა და მის შემოგარენში ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი