ახალი ამბები

შსს: სანდრო გირგვლიანის საქმეში ბრალდებული ოლეგ მელნიკოვი თბილისშია

21 სექტემბერი, 2013 •
შსს: სანდრო გირგვლიანის საქმეში ბრალდებული ოლეგ  მელნიკოვი თბილისშია

ოლეგ მელნიკოვი ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა და 10 თვის წინ  უკრაინაში დააკავეს. ამ დროის მანძილზე საქართველო  უკრაინის სამართალდამცავ ორგანოებთან მისი ექსტრადიციის მიზნით მოლაპარაკებებს აწარმოებდა.

 

“რამდენიმესაფეხურიანი სამართლებრივი პროცედურების გავლის შემდეგ უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ მელნიკოვის საქართველოში ექსტრადიციის გადაწყვეტილება მიიღო. ოლეგ მელნიკოვს ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რამაც ფიზიკური პირის უფლების არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით”–ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გარდა ამისა,  2013 წელს ოლეგ მელნიკოვს ბრალი წაეყენა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე სსსკ-ს 24-143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (დახმარება თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი ან მეტი პირის მიმართ, სხვა დანაშაულის გაადვილების მიზნით).

მასალების გადაბეჭდვის წესი