ახალი ამბები

ბუნებრივი აირის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება შაჰ-დენიზის მე-2 ფაზის ფარგლებში

20 სექტემბერი, 2013 •
ბუნებრივი აირის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება შაჰ-დენიზის მე-2 ფაზის ფარგლებში

შაჰ-დენიზის მე-2 ფაზის ფარგლებში გათვალისწინებულია სამხრეთკავკასიური მილსადენის გაფართოება, რათა მოხდეს თურქეთის მიმართულებით წლიურად დამატებით 16 მლრდ კუბური მეტრი გაზის მიწოდება.

 

დაგეგმილია პარალელური მილსადენის მშენებლობა – 387 კმ აზერბაიჯანის, ხოლო 55 კმ – საქართველოს ტერიტორიაზე; 2 დამატებითი საკომპრესორო სადგურის, ახალი წნევის რეგულირებისა და გამზომი სადგურის ინსტალაცია საქართველოში.

 

ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, სამუშაოებში რამდენიმე ასეული დოლარის ინვესტიცია ჩაიდება, მათ შორის 400 მლნ დოლარამდე საქართველოსთვის შეძენილ საქონელსა და მომსახურებაზე დაიხარჯება. მშენებლობის პიკის პერიოდში ქვეყანაში დაახლოებით 2000, ხოლო ექსპლუატაციის პერიოდში დაახლოებით 125 ახალი მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ამასთან, საქართველოს პორტებისა და რკინიგზის გამოყენებით გადაიზიდება დაახლოებით 350 000 ტ სამშენებლო ტვირთი და მასალები.

 

არსებული შეთანხმების თანახმად, საქართველოს შეუძლია ტრანზიტით გატარებული გაზის 5% შეღავათიან ფასად შეისყიდოს, რაც მილსადენის მაქსიმალური დატვირთვის შემთხვევაში წელიწადში დამატებით მილიარდ კუბურ მეტრ გაზზე მეტს შეადგენს.

 

შაჰ დენიზის საბადო ყველაზე დიდი საბადოა აზერბაიჯანში. მდებარეობს კასპიის ზღვაში, ბაქოს სამხრეთ-აღმოსავლეთით 70 კმ-ში. აღმოაჩინეს 1999 წელს. საბადოს ოპერატორები არიან კომპანიები – BP (25.5%), Statoil (25.5%),SOCAR (10%),Total S.A. (10%), LUKoil (10%), NIOC (10%), TPAO(9%).

 

საბადოს რეზერვი დაახლოებით 1 ტრილიონი კუბური მეტრია. საბადოზე გაზისა და გაზის კონდენსანტის მოპოვება დაიწყო 2006 წელს. საბადოს პირველი ფაზის განვითარებაზე 6 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. საბადოს მეორე ფაზა 28 მლდ აშშ დოლარად არის შეფასებული, საიდანაც „სოკარმა“ უნდა დაფაროს 2,8 მლდ აშშ დოლარი (10%); მეორე ფაზიდან ამოსაღები გაზის სავარაუდო მოცულობაა 25 მლრდ კუბ მეტრი გაზი წელიწადში (პიკური მოპოვება);

 

დღემდე საბადოდან 43 მლრდ კუბური მეტრი გაზია ამოღებული.

 

კახა კალაძე ბაქოში სამუშაო ვიზიტით 18-19 სექტემბერს იმყოფებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი