ქალაქის საკრებულოს წევრებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქუთაისის ცენტრალური მოედნის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.
„დღეს, ხვალ და ზეგ მთელს მსოფლიოში ტარდება აქცია „დავასუფთავოთ დედამიწა“, ამ აქციას მიერთებულია 130 ქვეყანა, მათ შორის საქართველოც. ჩვენ ვასუფთავებთ ქუთაისს. ჩვენ ბოლო პერიოდში რამდენჯერმე დავასუფთავეთ ეს ტერიტორია, მაგრამ რამდენჯერაც ვასუფთავებთ, ჩვენი მოქალაქეების გარკვეული ნაწილი უფრო მეტ ნარჩენს ყრის. ამიტომ, ამ მასიური ქმედებით მოქალაქეებს გვინდა ვაჩვენოთ, რომ თავი შეიკავონ დაბინძურებისგან და ვიცხოვროთ სუფთა გარემოში,“ – ამბობს “მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრების“ დარბაზის სპიკერი თეიმურაზ კეპულაძე.
დღვანდელ აქცია შვედეთის საერთაშორისო სააგენტოს (sida) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მასში მონაწილეობა ასევე სტუდენტებმა, პედაგოგებმა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა მიიღეს.
როგორც ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე მოქალაქეებს პირდება, ასეთ აქციებს თვითმმართველობა სისტემატიურ სახეს მისცემს:
„მთელ მსოფლიოში ტარდება აქცია „დავასუფთავოთ მსოფლიო“ და მის ნაწილად იქცა ტრადიცია „დავასუფთავოთ საქართველო – დავასუფთავოთ ქუთაისი.“ როგორც აქამდე, ქუთაისის თვითმმართველობა წელსაც შეუერთდა ამ აქციას, სამსახურებიდან არიან წარმომადგენლები, რომლებიც ასუფთავებენ ამ სკვერს და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ასეთ აქციებს მივცეთ სისტემატიური ხასიათი.“
გარემოსდაცვითი კამპანია „დავასუფთავოთ მსოფლიო“ საფუძველი 1992 წელს გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით ჩაეყარა. კამპანია აერთიანებს მსოფლიოს მრავალი ხელისუფლების და ბიზნესის წარმომადგენლებს, საზოგადოებრივ და არასამთავრობო ორგანიზაციებს, სკოლებს, ცალკეულ მოქალაქეებს. კამპანია ყოველი წლის სექტემბერში და მაისში ტარდება.







