ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ომბუდსმენი: ტატუნაშვილი ნაცემი იყო და ცხინვალის საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა

23 თებერვალი, 2018 • 1747
ომბუდსმენი: ტატუნაშვილი ნაცემი იყო და ცხინვალის საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა

საქართველოს სახალხო დამცველისათვის მიწოდებული ინფორმაციით, ცხივნალის იზოლატორიდან საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი საავადმყოფოში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს და სამედიცინო პერსონალის შეფასებით, დაზიანებები მიანიშნებდა, რომ იგი ნაცემი იყო.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საოკუპაციო ძალებს, დაუყოვნებლივ გადმოსცენ ტატუნაშვილის ცხედარი საქართველოს ხელისუფლებას, რათა მას ჩაუტარდეს სამედიცინო ექპერტიზა და დადგინდეს გარდაცვალების გამომწვევი მიზეზები და ხანდაზმულობა; ასევე, ითანამშრომლონ საქართველოსთან საქმის ეფექტური გამოძიების მიზნით.

სახალხო დამცველი ასევე მოუწოდებს დე ფაქტო ხელისუფლებას, სასწრაფოდ გაათავისუფლოს არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული მისი ორი თანასოფლელი (ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყანჩავეთიდან).

“მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას იმ ფაქტს, რომ მოქალაქის სიცოცხლის სავარაუდო უფლების დარღვევაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ე.წ. სამხრეთ ოსეთზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ქვეყანას,” – აცხადებს სახალხო დამცველი.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ახალგორში ახალგაზრდების, მათ შორის არასრულწლოვნების დაკავება ჩვეულ მოვლენად იქცა. დაკავებულები გადაჰყავთ ალკოჰოლურ და ნარკოლოგიურ შემოწმებაზე, რა დროსაც მათ ფიზიკურ შეურაცყოფას აყენებენ.

ომბუდსმენის განცხადებით, ტატუნაშვილის შეთხვევა მიანიშნებს, რომ სრულიად დაუცველია საოკუპაციო ხაზზე მცხოვრები მოსახლეობა, რომელთაც ყოველდღიურ რეჟიმში აკავებენ რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ჯარები. სახალხდო დამცველის განცხადებით, 2017 წლის იანვარი-ნოემბრის მონაცემებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის გამყოფ ხაზზე 121 მოქალაქე იყო დაკავებული. რამდენიმე მათგანის მიმართ დაკავების დროს ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობასაც.

სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველა საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დაცვით და სადამკვირვებლო ორგანიზაციას, არ დაიშუროს ძალისხმევა არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტზე ეფექტური გამოძიებისა და დამნაშავეების დასჯის უზრუნველსაყოფად; ასევე, რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობის დასაყენებლად:

“ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პირობებში, როდესაც არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციას არ აქვს ე.წ. სამხრეთ ოსეთში შესვლისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესწავლის შესაძლებლობა. ამის გარდა, ჯერ ისევ გამოუძიებელია 2014 წელს ახალგორში გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარებული დავით ბაშარულის საქმე და დაუსჯელია 2016 წელს აფხაზეთის გამყოფ ხაზზე მოკლული გიგა ოთხოზორიას მკვლელი.”

[red_box]არჩილ ტატუნაშვილის საქმე[/red_box]

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის ცნობით, 23 თებერვალს, ღამით, დაკავებული საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების მიზეზი გაკვეთის შემდეგ დაადგინეს. ცხინვალში აცხადებენ, რომ არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილის მიზეზი გულის უკმარისობა გახდა.

საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე აცხადებს, რომ ცხინვალის იზოლატორში საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით ქართული მხარე გამოიყენებს ყველა საერთაშორისო ფორმატს, რათა მოხდეს დროული და ადეკვატური რეაგირება.

მასალების გადაბეჭდვის წესი