ახალი ამბებისაზოგადოება

როგორ უნდა მოვიპოვოთ ლიტვაში სასწავლებლად დაფინანსება

23 თებერვალი, 2018 • 3104
როგორ უნდა მოვიპოვოთ ლიტვაში სასწავლებლად დაფინანსება

ამჟამად ლიტვაში საქართველოს 141 მოქალაქე იღებს უმაღლეს განათლებას. 2018 -2019 წლებისთვის ქვეყანა სახელმწიფო გრანტებს აცხადებს საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომელთაც უმაღლესი განათლების მიღება ლიტვაში სურთ.

უნივერსიტეტებმა საკუთარი პროგრამები დღეს, 23 თებერვალს, “ექსპოჯორჯიას” მეთერთმეტე პავილიონში წარადგინეს, გამოფენა გაგრძელდება და ხვალაც ჩატარდება.

ლუდვიკას ვილიმასი, ლიტვის საგანმანათლებლო ფონდის კომუნიკაციების სპეციალისტი, ამბობს, რომ 141 სტუდენტი, რომელიც საქართველოდან ლიტვაში სწავლობს, მცირე რაოდენობაა. მაშინ, როცა უკრაინის 500 მოქალაქე იღებს უმაღლეს განათლებას ლიტვაში.

“ლიტვაში განათლების მიღება სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით იაფია. არ ვამბობთ, რომ ყველაზე დაბალი ფასი გვაქვს, მაგრამ იაფია და განათლების ხარისხი მაღალია”,- ამბობს ვილიმასი “ნეტგაზეთთან” საუბრისას. 

მარი დავითურმა თბილისში, ბრიტანული აკადემიის დასრულების შემდეგ  სწავლის გაგრძელება ლიტვაში გადაწყვიტა. ამისთვის მან საკონსულტაციო კომპანიას მიმართა. საბოლოოდ კი მენეჯმენტისა და ეკონომიკის უნივერსიტეტზე შეაჩერა არჩევანი, რომელიც ლიტვაში ნორვეგიული ბიზნეს-სკოლის დაფუძნებულია.

“ლიტვა არც ისე შორსაა, მაინც პირველად მიდიხარ და პირველად იწყებ დამოუკიდებელ ცხოვრებას. ძალიან ბევრი საერთაშორისო გამოცდილება შეიძლება მიიღო ამ უნივერსიტეტიდან, ბევრი გაცვლითი პროგრამა და ორმაგი პროგრამაა ინტეგრირებული”,- ამბობს მარიამი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მარიამ დავითურმა ორწელიწადნახევარი ლიტვაში ისწავლა, შემდეგ უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამით აშშ-ში გაემგზავრა სასწავლებლად ერთი სემესტრით, ხოლო ახლა ასევე უნივერსიტეტის ორმაგი პროგრამით ბოლო სასწავლო წელს საფრანგეთში ატარებს. როგორც თავად ამბობს, აშშ-ში და საფრანგეთში სწავლის საფასური არ გადაუხდია, ის ლიტვის უნივერსიტეტს უხდიდა გადასახადს, რომელიც აშშ-თან და საფრანგეთთან შედარებით იაფია. უნივერსიტეტში, სადაც მარიამი სწავლობს, სწავლის მაქსიმალური საფასური 5 000 ევროა.

რა სასწავლო სტიპენდიებს თავაზობს ლიტვა საქართველოს?

ლიტვა საქართველოს სამი სახის სასწავლო პროგრამას სთავაზობს. პირველია სამაგისტრო და ინტეგრირებული პროგრამები, მოკლევადიანი პროგრამები და ენისა და კულტურის კურსები.

ლიტვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2018-19 სასწავლო წლისთვის 70 სახელმწიფო გრანტს გასცემს სხვა ქევეყნის მოქალაქეებისათვის. სახელმწიფო დაფინანსება ეხება სამაგისტრო და ინტეგრირებულ პროგრამებს.

ლიტვა სახელმწიფო გრანტით დააფინანსებს უკრაინის, ბელარუსის, საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვას, იაპონიის, ჩინეთის, კორეის სტუდენტებს.

გამარჯვებულ აპლიკანტები სწავლის განმავლობაში ყოველთვიურ სტიპენდიას მიიღებენ 380 ევროს ოდენობით, მხოლოდ უკრაინიდან, ბელარუსიდან და საქართველოდან გამარჯვებული აპლიკანტები მიიღებენ დაფინანსების იმ ოდენობას, რომელიც ლიტვაში სწავლის გადასახადის ეროვნულ სტანდარტს არ აღემატება. სწავლის გადასახადი ლიტვაში ფაკულტეტების მიხედვით განსხვავდება, მინიმალური გადასახადი 2295 ევროა, ხოლო მაქსიმალური- 12 760 ევრო.

სამაგისტრო პროგრამაზე ლიტვა ყოველთვიურ თანხას და სასწავლო გრანტს სთავაზობს უკრაინის, საქართველოს, ბელარუსის და იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც ლიტვური წარმოშობა აქვთ. ჯამში, 50 სასწავლო გრანტია გამოყოფილი, საიდანაც 40 უკრაინის მოქალაქეებისთვისაა განკუთვნილი.

იმისთვის, რომ კონკურსში მონაწილეობა მიიღოთ, უნდა აკმაყოფილებდეთ სხვადასხვა მოთხოვნებს. პირველ რიგში, უნდა იყოთ იმ ქვეყნის მოქალაქე, რომლისთვისაც გათვალისწინებულია სახელმწიფო დაფინანსება. ასევე აუცილებლად უნდა ფლობდეთ ბაკალავრის დიპლომს, კანდიდატმა უნდა წარადგინოს წერილი მინიმუმ ერთი ლიტვური უმაღლესი სასწავლებლიდან, რომ ის მიღებულია კონკრეტულ სასწავლებელში სამაგისტრო პროგრამაზე სწავლისთვის. კანდიდატი უნდა ფლობდეს ენის ცოდნის სერტიფიკატს (B2 დონეზე), იქნება ეს ინგლისური თუ ლიტვური ენა. კანდიდატს მანამდე არ უნდა ჰქონდეს მიღებული აღნიშნული დაფინანსება.

აპლიკაცია სახელმწიფო გრანტის მოსაპოვებლად ონლაინ უნდა შეავსოთ. შერჩევის პროცესი კი ორ ეტაპად ჩატარდება.

პირველი ეტაპის დედლაინია 2018 წლის 2 მაისი. ამ დრომდე თქვენ აპლიკაციის ონლაინ სისტემაში უნდა შეავსოთ თქვენი პერსონალური მონაცემები, ატვირთოთ ენის ფლობის სერტიფიკატი და სამოტივაციო წერილი, სადაც უნდა ახსნათ, რატომ ხართ შესაფერისი კანდიდატი სახელმწიფო გრანტის მოსაპოვებლად, ასევე უნდა ისაუბროთ იმის შესახებ, თუ რატომ აირჩიეთ კონკრეტული სასწავლო პროგრამა და როგორ გამოიყენებთ ლიტვაში მიღებულ განათლებას სამომავლოდ. ასევე უნდა მიანიშნოთ იმ მიღწევების შესახებ, რომელიც უკვე არჩეულ პროგრამასთან დაკავშირებით დააგროვეთ. პირველ ეტაპზე უნდა წარადგინოთ წერილი იმასთან დაკავშირებით, რომ მიღებული ხართ ლიტვის ერთ უმაღლეს სასწავლებელში მაინც.

შერჩევის მეორე ეტაპი 10 ივლისს სრულდება, ამ თარიღამდე, თქვენ უნდა ატვირთოთ დიპლომი, რომელიც უკვე მოპოვებული გაქვთ, იქნება ეს ბაკალავრის თუ მაგისტრის დიპლომი. დოკუმენტი ატვირთული უნდა იყოს ინგლისურ ან ლიტვურ ენაზე და მასში უნდა იყოს ინფორმაცია თქვენი ქულების შესახებ, რომელიც მიღებული გაქვთ. თუ სწავლა დაასრულეთ, მაგრამ დიპლომი მზად არაა, უნდა გაგზავნოთ დოკუმენტი, რომელსაც უნივერსიტეტი გასცემს და ზემოთ აღნიშნული ინფორმაციაა მითითებული.

შეფასებისას 30% ენიჭება სამოტივაციო წერილს, 20%- ენის ფლობის დონეს და 50% -აკადემიურ მოსწრებას. პრიორიტეტი მიენიჭებათ იმ კანდიდატებს, რომლებიც ლიტვურად აპირებენ სწავლას.

სახელმწიფო დაფინანსების მოპოვების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება აპლიკანტებისთვის 2018 წლის აგვისტოს დასაწყისში გახდება ცნობილი.

მოკლევადიანი პროგრამები და ენის კურსები

სამაგისტრო პროგრამის გარდა, ლიტვა საქართველოს სთავაზობს მოკლევადიან სასწავლო პროგრამებსაც, რომლის ხანგრძლივობა ერთი ან ორი სემესტრია. მოკლევადიანი პროგრამის შესარჩევად უნდა ეწვიოთ პლატფორმას.

მოკლვადიან პროგრამაზე დაფინანსების მოსაპოვებლად კანდიდატმა უნდა წარადგინოს უნივერსიტეტში მიღების შესახებ წერილი, იგი ასევე უნდა იყოს საქართველოს რომელიმე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი და ფლობდეს ენის ცოდნის სერტიფიკატს. გამარჯვებული კანდიდატი მიიღებს სტიპენდიას 380 ევროს ოდენებით, ხოლო მგზავრობის და საცხოვრებელი ხარჯების დაფარვა თავად მოუწევს.

აპლიკაციის წარდგენის დედლაინი 2018 წლის 1 მარტამდეა, ხოლო პასუხები 2 მაისამდე გახდება ცნობილი.

ლიტვა საქართველოს ასევე სთავაზობს ლიტვური ენისა და კულტურის კურსებს, 2017 წელს ენისა და კულტურის კურსების მიღება ლიტვის 5 უნივერსიტეტში იყო შესაძლებელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი