“აღნიშნულ საქმეზე პროკურორი იყო რევაზ ნადოი, რომელსაც ბოლო პერიოდში გაუუარესდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამის გამო ის ვერ გამოცხადდა 17 სექტემბერს ჩანიშნულ სხდომაზე. 18 სექტემბერს, ანუ გუშინ, რეზო ნადოი გამოცხადდა სამსახურში, თუმცა კვლავ შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემა და ის სასწრაფო დახმარების მანქანამ გადაიყვანა. ექიმის რჩევით დღეს ის იმყოფება ბიულეტენზე. იმის გამო, რომ პროკურატურას ბრალი არ დასდონ სასამართლო განხილვის გაჭიანურებაში იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც რეზო ნადოი უჭერდა მხარს, სახელმწიფო ბრალდებას ჩაერთო სხვა პროკურორი, რითაც უზრუნველყოფილი იქნა გონივრულ ვადებში სასამართლო განხილვის დასრულება”, – განაცხადა ხათუნა პაიჭაძემ.
მისივე თქმით, პროკურორი ია დარჯანია, რომელიც სასამართლო პროცესზე რევაზ ნადოის ნაცვლად გამოცხადდა აღნიშნულ საქმეზე, მუშაობას გააგრძელებს.
აღნიშნული საქმე ეხება 2006 წლის 26-27 მარტს მომხდარ ე.წ. ციხის ბუნტს, რომელიც შეეხო სასჯელაღსრულების #1, #5 და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებას. საქმეზე ბაჩო ახალაიას ბრალი წარდგენილი აქვს სისიხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ და გ ქვეპუნქტებით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.




