ახალი ამბები

“თვალებში ნაცრის შეყრა” ხუდონჰესის პროექტის განხილვაზე

19 სექტემბერი, 2013 •
“თვალებში ნაცრის შეყრა” ხუდონჰესის პროექტის განხილვაზე


სტუდენტმა მარიამ გელოვანმა და მისმა დამ ხუდონჰესის მშენებლობის პროექტის დღევანდელი განხილვის შესახებ ინტერნეტში გავრცელებული ანონსით გაიგეს. ქორთიარდ მარიოტში გამართულ შეხვედრაზე, სადაც ინვესტორები და მთავრობა დაინტერესებული პირებისთვის პროექტზე პრეზენტაციას აკეთებდნენ, დაგვიანებით მივიდნენ. თუმცა მარიამმა მაინც მოასწრო, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილისთვის და უცხოელი ინვესტორებისთვის საჯაროდ განეცხადებინა, რომ ხუდონჰესის მშენებლობა მას და მის ოჯახს დააზარალებს.


მარიამ გელოვანის მშობლები და ახლობლები ხაიშში ცხოვრობენ. როგორც მარიამი ამბობს, მის ოჯახს აქვს მეურნეობა და პატარა მაღაზია. გიგანტური ჰესის მშენებლობის შემთხვევაში ეს ყველაფერი დაიტბორება. 


“კომპენსაციის თანხის ოდენობა ჯერ არც უთქვამთ, მაგრამ რაც უნდა დაასახელონ, მნიშვნელობა არ აქვს. სახლის გარდა ჩვენი საარსებო წყაროც იქ არის. გვაქვს ჩვენი, სოფლის პროდუქტი და ყველაფერი აწყობილია ამ მხრივ. სხვაგან გადასახლების შემთხვევაში, რას გვთავაზობენ? ასე მარტივად რომ საუბრობენ ადამიანების გადასახლებაზე, რას ფიქრობენ?”- ამბობს მარიამი ნეტგაზეთთან საუბარში. მისივე თქმით, სოფელში მოსახლეობას აშინებენ.


“კონკრეტულად არავინ იმუქრება, თუმცა სოფელში გავრცელდა ამბავი, რომ ჯობს წინააღმდეგობა არ გავუწიოთ ამ ჰესის მშენებლობას, რადგან ვის რა ბრალდებით დაიჭერენ და რა მეთოდებით აიძულებენ დათანხმებას, არავინ იცის. ახლაც, ინვესტორებს ოფისის გახსნა უნდოდათ სოფელში და ადგილობრივებმა ნება არ მივეცით, რაზეც მუქარა იყო, – თქვენი პოლიციის თუ არა სხვა პოლიციის ძალით მაინც გავხსნითო,”- ამბობს მარიამი. 

 

ის, რომ ხუდონჰესის მშენებლობის საკითხი უკვე გადაწყვეტილია და ადგილობრივ მოსახლეობასთან მოლაპარაკება მაინც დადებითაც დასრულდება, ეჭვი არ ეპარება ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს. 

 

“თუმცა ზედმეტი მოლოდინი არ უნდა შეექმნათ, მაგალითად, ხშირად არის შემთხვევები, რომ ცალკეული პირები და ოჯახები ცდილობენ მაქსიმალური სარგებელი მიიღონ და არაადეკვატურ წინადადებებს აყენებენ, ყველაფერს აქვს საზღვარი,” – აცხადებს ილია ელოშვილი. 

 

ხუდონჰესის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) განხილვას “ქორთიარდ მერიოტში” 200-მდე ადამიანი დაესწრო. კომპანია “ტრანს ელექტრიკამ”, რომელიც პროექტით გათვალისწინებულ სამშენებლო და საექსპლუატაციო სამუშაოებს შეასრულებს, პროექტის გზშ-სთან ერთად, განსახლება-კომპენსაციის გეგმაც წარმოადგინა. პარალელურად ქორთიარდ მერიოტთან ხუდონჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მოქალაქეებმა აქცია გამართეს. 

 

“ჩვენ მრავალი წერია ამ საკითხზე არასამთავრობო ორანგანიზაციებთან და ექსპერტებთან ერთად ვმუშაობთ. ხუდენჰესის მშენებლობა კატასტროფაა სვანეთისთვის, სრულად შეცვლის ის არა მხოლოდ ადგილობრივ ეკოლოგიას, არამედ მთელი კუთხის. გარდა ამისა, იქ არის დიდი კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც ბოლომდე არც არის გამოკვლეული და ეს ყველაფერი წყალქვეშ უნდა წავიდეს. არჩევნებამდე “ქართული ოცნებაც” ეწინააღმდეგებოდა გიგანტური ჰესების მშენებლობას და საშუალო და მცირე ჰესების აშენების მომხრე იყო, რაც მინიმალურ გავლენას მოახდენდა გარემოზე. ძალიან სამწუხაროა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ისინი უარესს აკეთებენ,”- ამბობს თეიმურაზ მურვანიძე, პარტია “საქართველოს გზის” თავმჯდომარე. 

 
საზოგადოებასთან დღევანდელი შეხვედრა, სადაც ინვესტორმა თავად წარმოადგინა პრეზენტაცია მოსახლეობის განსახლების შესახებ, მალევე დასრულდა. ბევრ დამსწრეს აზრის გამოხატვის საშუალება არც მიეცა. ენერგეტის მინისტრის მოადგილის განმარტებით, დარბაზი მხოლოდ 2 საათით დაიქირავეს და ეს დრო ამოწურული იყო უკვე. 
 
 

 
 
საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრად შეაფასა დღევანდელი შეხვედრა ნაირა გელაშვილმა ნეტგაზეთთან საუბარში.

 

“დღევანდელი შეხვედრა იყო საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა. ეს უნდა ყოფილიყო საჯარო განხილვა, სინამდვილეში მთელი დრო წაიღეს თვითონ პროექტის მესვეურებმა და ინვესტორებმა. ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა ეს ანგარიში, რომელიც აშკარად იყო ძალიან ტენდენციური და დამცინავი იყო ისიც, რომ გამოსახლების გეგმა უკვე არსებობს. საქართველოს ჰყავს უკვე 250 ათაზე მეტი ძალით აყრილი და უსაკხლაროდ დარენილი, თითქოს ეს არ იყოს საკმარისი და ახლა ისტორულ სოფლებსაც ძირავენ წყალში. აქ ჩანს მხოლოდ ფინანსური დაინტერესება. ვფიქრობ, სერიოზული საზოგადოებრივი ბრძოლა უნდა დაიწყოს. ჩემმა თაობამ ამ ჰესის საკითხს მთელი ენერგია შეალია, რაღაც გველეშაპად იქცა ხუდონჰესი, რომელსაც ყველა ხელისუფლება თავიდან იწყებს. რამდენი ენერგია უნდა შევალიოთ კიდე?! პირადად ვიწვევ დებატებში ბატონ ივანიშვილს, ეკოლოგიის კომიტეტის თავმჯდომარეს და კახა კალაძეს, რომელსაც ინტერესები აქვს ენერგოსისტემაში და რომელიც გვიმტკიცებს, რომ გაასხვისა ეს ინტერესები. დაუსაბუთოს საზოგადოებას, რომ ის არ არის ნამდვილად ამ პროექტით დაინტერესებული,”- ამბობს ნაირა გელაშვილი. 


“დარწმუნებული ვარ, რომ ინდივიდუალური მოლაპარაკებით თთოეულ ოჯახთან და საკმაოდ ადეკვატური კომპენსაციით მივაღწევთ დადებით შედეგს. იგეგმება 800 ადამიანზე ნაკლების (220 ოჯახზე ნაკლები) გამოსახლება ხუთი სოფლიდან, რომელიც პირდაპირი ზემოქმედების ქვეშ ჰყვება, რამდენიმე სოფელი კი – ირიბი ზემოქმედების ქვეშ,” – აცხადებს პაატა წერეთელი, “ტრანს ელექტრიკა ჯორჯიას” დირექტორი.

 

კითხვაზე, რას ფიქრობს ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ხატზე დაფიცების საკითხზე, წერეთელი პასუხობს, რომ ის არ არის კომპეტენტური, ისაუბროს ფიცის დადების თემაზე: “ეს თავად ფიცის დამდებ პირებს და საეკლესიო პირებს უნდა კითხოთ, ალბათ, ისინი უფრო კომპეტენტური იქნებიან პასუხის გასაცემად”.


მასალების გადაბეჭდვის წესი