ახალი ამბები

ინტერფაქსის ცნობთ, ბათუმში დაკავებული ლაკაევი ეჭვმიტანილია რუსეთის საელჩოს თანამშრომლის მკვლელობაში

19 სექტემბერი, 2013 •
ინტერფაქსის ცნობთ, ბათუმში დაკავებული ლაკაევი ეჭვმიტანილია რუსეთის საელჩოს თანამშრომლის მკვლელობაში

რუსეთის საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსი” აფხაზეთის სამართალდამცავი უწყებიდან ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთის საელჩოს პირველი მდივნის დმიტრი ვიშერნევის მკვლელობაში ეჭვმიტანილი იუსუფ ლაკაევია, რომელიც მკვლელობის შემდეგ საქართველოში გადავიდა, საიდანაც თურქეთში აპირებდა გადასვლას, მაგრამ საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის საქართველოში დააკავეს.

 

ვიშერნევი აფხაზეთში 9 სექტემბერს საკუთარ ავტომანქანაში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

 

საქართველოს შსს-ს ცნობით კი, 13 სექტემბერს შსს-ს კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა მიიღეს ოპერატიული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ფირუზ წულუკიძე ქ. ბათუმში მდებარე დროებით საცხოვრებელ ბინაში უცხო ქვეყნის მოქალაქეს მალავდა, რომელიც საქართველოს საზღვრის გვერდის ავლით, უკანონოდ უნდა გადაეყვანა თურქეთის რესპუბლიკაში. მათ აღნიშნულ საქმიანობაში დახმარებას ბათუმში ასევე დროებით მცხოვრები, თემურ ბახუნტარაძე უწევდა.

 

როგორც საქართველოს შსს იუწყება, ეს უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც საქართველოში არალეგალურად იმყოფებოდა, არის იუსუფ ლაკაევი, რომელიც 13 სექტემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქალაქ ბათუმში, ალ. პუშკინისა და გრიბოედოვის ქუჩების კვეთაზე, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა შეაჩერა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა მოსთხოვეს. ამის საპასუხოდ, შსს-ს ცნობით, აღნიშნულმა პირმა ხელჩანთიდან ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო და პოლიციელების მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა. თავდამსხმელმა მიმალვა სცადა, რა დროსაც რამდენიმე უმისამართო გასროლა მოახდინა, რის შედეგადაც დაიჭრნენ ბათუმის საქალაქო სამმართველოს უბნის ინსპექტორ–გამომძიებელი ი.დ და მოქალაქე ე.ხ; პოლიციამ გახსნა საპასუხო ცეცხლი თავდამსხმელის მისამართით, თავდამსხმელი დაიჭრა. სამართალდამცველებმა თავდამსხმელიც და მისი თანხმლები პირები – ფირუზ წულუკიძე და თემურ ბახუნტარაძე ადგილზევე დააკავეს.

 

“ნეტგაზეთი” შეეცედა საქართველოს შსს-ში გადაემოწმებინა “ინტერფაქსის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თუმცა უწყების პრესსამსახურის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.


საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტის” ცნობით, რუსეთი საქართველოს მიმართავს თხოვნით გადასცეს ვიშრნევის მკვლელობაში ეჭვმიტანილი. ამ ინფორმაციას სააგენტო რუსეთის საგამოძიებო ორგანოს ოფიციალური წარმომადგენლის ვლადიმირ მარკინის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მისი თქმით, მზადდება შესაბამისი თხოვნა, რათა მოხდეს ლაკაევის საქართველოდან რუსეთში ექსტრადირება. ლაკაევი უკანონო შეიარაღებული ფორმირების ჩამოყალობებისთვისაა ნასამართლევი.

მასალების გადაბეჭდვის წესი