ახალი ამბები

ჯასტინ ტრუდო ბოლივუდში შეხვედრაზე ინდური საქორწილო სამოსით მივიდა

23 თებერვალი, 2018 • 2845
ჯასტინ ტრუდო ბოლივუდში შეხვედრაზე ინდური საქორწილო სამოსით მივიდა

კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო, რომელიც ინდოეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, სამოსის გამო კრიტიკის ობიექტი გახდა. თითქმის ყველა შეხვედრაზე ტრუდო ინდურ ნაციონალურ სამოსში გამოწყობილი მივიდა. ბოლივუდში გამართულ შეხვედრაზე კი ისეთი სამოსი ეცვა, რაც ინდურ ფილმებში ქორწილის დროს ატარებენ კაცები.

BBC წერს, რომ კანადის პირველი პირის ოჯახს ვიზიტისას მინიმუმ სამჯერ ეცვა ინდური ნაციონალური ტანსაცმელი. პირველად, როცა მაჰათმა განდის საცხოვრებელი მოინახულეს. პრემიერ-მინისტრის ოჯახი ეროვნულ სამოსს ატარებდა მაშინაც, როცა ოქროს ტაძარს ეწვივნენ.

ხუმრობისა და კრიტიკის ობიექტი ტრუდო განსაკუთრებულად მას შემდეგ გახდა, რაც მუმბაიში ბოლივუდს ესტუმრა. ტრუდო შერვანს ატარებდა, რასაც ინდური ფილმების თანახმად, სიძე ატარებს საკუთარ ქორწილში. ტრუდოს ცოლს ყვავილებით მოქარგული სარი ეცვა და მისი შვილებიც ინდურ საქორწილო სამოსს ატარებდნენ.  BBC წერს, რომ ბოლივუდში ტრუდოს სტუმრობისას მისი ჩაცმულობა უცნაური იმიტომაც იყო, რომ თავად ბოლივუდელი მსახიობები შავ კოსტიუმებში გამოწყობილი დახვდნენ კანადის პრემიერ-მინისტრს.

კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო ცოლთან, სოფი ტრუდოსთან და შვილებთან ერთად ინდოეთში, ნიუ-დელში, 17 თებერვალს ჩაფრინდა. ტრუდო ინდოეთში 7-დღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, რომელიც ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. ჯასტინ ტრუდოს ვიზიტი ასევე დაგეგმილი აქვს აგრაში, აჰამაბადში, მუმბაისა და ამტრიცარში.

მასალების გადაბეჭდვის წესი