დღესვე, 31-ე და ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონების რამდენიმე სამხედრო მოსამსახურე და ქართველი ინსტრუქტორები, რომლებმაც ჯარისკაცები ISAF-ის მისიისთვის მოამზადეს, ბრიგადის-გენერალმა, ვახტანგ კაპანაძემ „გენერალ მაზნიაშვილისა“ და „გენერალ კვინიტაძის“ მედლებით დააჯილდოვა. პოლკოვნიკმა ძნელაძემ, ფართომასშტაბიანი სწავლებების დაგეგმვისა და მართვისას გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და ინიციატივისთვის, ამერიკელ ინსტრუქტორთა ჯგუფის მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ რიჩარდ კრავიერს მედალი „გენერალი მაზნიაშვილი“ გადასცა. ევროპაში აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა რიჩარდ ტრაიონმა ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს, ვიცე-პოლკოვნიკებს რობერტ არღვლიანსა და ფრიდონ ტერელაძეს ISAF-ის მისიის წარმატებით შესრულებისათვის ამერიკული უწყებრივი მედლები „ბრინჯაოს ვარსკვლავი“ გადასცა.
უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში მონაწილე სამშვიდობოების გაცილების ცერემონიალს საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები და საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი დაესწრნენ. ღონისძიებაზე იმყოფებოდა, ასევე, აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის შტაბის უფროსი, გენერალი ჯეიმს ბათერვორთი.
31-ე და ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონები ერთი თვის განმავლობაში, როტაციის წესით, III ქვეითი ბრიგადის 33-ე და IV ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონებს ჩაანაცვლებენ. 31-ე ბატალიონი ავღანეთის საერთაშორისო მისიაში მონაწილეობას ბაზა „ლეზერნიკზე“ უკვე მეორედ მიიღებს. ISAF-ის მისიის შესრულება პირველად სწორედ ამ ბატალიონის სამხედროებმა 2010 წლის აპრილიდან დაიწყეს. ბათუმის ცალკეული მსუბუქი ბატალიონი მისიას ამერიკული კონტინგეტის შემადგენლობაში ჰელმანდის პროვინციაში განახორციელებს.
ორივე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ექვსთვიანი ინტენსიური მომზადება ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ გაიარეს. სწავლებას ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითი ჯარების საექსპედიციო ბრიგადა ხელმძღვანელობდა. სამხედროები გერმანიის ქალაქ ჰოჰენფელსშიც იმყოფებოდნენ, სადაც სამხედრო წვრთნებს აშშ-ის გაერთიანებული მრავალეროვნული მზადყოფნის ცენტრში (JMRC) გადიოდნენ.




