“ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ეს ხალხი არ წამოვიდეს, ოკუპაციას ვუპასუხებთ ხალხის ადგილზე დარჩენით, ამას ვამბობ თვეების განმავლობაში. ყოველი ახალი ბოძის დარჭობაზე გიპასუხებთ, რომ ოკუპაცია გრძელდება და ჩვენი მიზანია ხალხის ადგილზე დატოვება,” – ეს განცხადება პაატა ზაქარეიშვილმა დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, გააკეთა ჟურნალისტებთან.
მისივე თქმით, დიცში ამოქმედდა სამი ახალი ჭაბურღილი და მოსახლეობას მიეწოდება სასმელი და სარწყავი წყალი.

“შსს-მ და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა გააკეთეს განცხადება, ჩვენმა სამინისტრომაც გააკეთა განცხადება. თუ თქვენ განცხადებებს ითვლით, ლაზარეს ულვაშების არ იყოს “დაკარგული სამოთხიდან”, ეს სხვა ამბავია. მავთულხლართები გაიბმება, სამწუხაროდ, ტერიტორია უკვე წაგვართვეს. სააკაშვილმა დაუშვა ოკუპაცია, ჩვენ ვეხმარებით მოქალაქეებს, ვინც მოხვდა ამ ზონაში, რომ ტერიტორია არ დატოვონ”, – აცხადებს მინისტრი.
პაატა ზაქარეიშვილი, ასევე, გამოეხმაურა პრეზიდენტ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებას სოფელ დიცში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, სადაც რუსეთის საოკუპაციო ჯარი რკინის კონსტრუქცებისა და მავთულხლართების ინსტალაციას ახორციელებს. სააკაშვილის თქმით, ბოლო თვეებში რუსებმა მიითვისეს 400 ჰექტარზე მეტი ჩვენი მიწა:
“ესაა პირდაპირი პასუხი იმისა, რასაც ჩვენ ყოველთვის ვიძახდით, რომ რაც უფრო მეტს დაუწვები, მით უფრო მეტად აგაცოცდება, მით უფრო ადვილად გადაგივლის”, – განაცხადა სააკაშვილმა, რაზეც ზაქარეიშვილი ასე პასუხობს:
“პრეზიდენტი სააკაშვილი 400 მეტრზე ლაპარაკობს. მან კილომეტრები ჩააბარა, ეს 400 მეტრი ამ კილომეტრების ნაწილია. მან თავისი ავანტიურისტული პოლიტიკით საშუალება მისცა რუსეთს, მოეხდინა ქვეყნის ოკუპაცია, სამწუხაროდ და საუბედუროდ, ქვეყნის ოკუპაცია გრძელდება. ოკუპაცია არ არის ერთჯერადი, ერთდღიანი აქცია, ეს არის პროცესი. სამწუხაროდ, მივეცით რუსეთს საშუალება, მოეხდინა აგრესია, საომარი მოქმედებების დაშვება და ოკუპაცია. საოკუპაციო ჯარები განაგრძობენ ოკუპაციას, ეს ცალსახაა, სააკაშვილი ვერ უმკლავდებოდა ოკუპაციას, ისე ჩვენ ვერ ვუმკლავდებით. სააკაშვილმა შეახოცა ჯარისკაცები, ახალგაზრდა ბიჭები, არიან დაკარგულები და დახოცილები.”
რუსეთის საოკუპაციო ჯარი სოფელ დიცში პერიოდულად ახორციელებს ე.წ. საზღვრის მშენებლობის პროცესს.




