ახალი ამბები

კოტე კუბლაშვილი: უვადოდ დანიშნული მოსამართლეების გარეშე ქვეყანა წარმატებული ვერ იქნება

19 სექტემბერი, 2013 •
კოტე კუბლაშვილი: უვადოდ დანიშნული მოსამართლეების გარეშე ქვეყანა წარმატებული ვერ იქნება

“წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გვეყოლება ორი კატეგორია მოსამართლეებისა: ერთი – ათწლიანი ვადით და მეორე – უვადოდ დანიშნულები. ეს პირიქით, უფრო გააუარესებს მდგომარეობას. კონსტიტუციის ის ნორმა, რომელიც მართლაც ძალიან ცუდი ნორმაა და რომელიც ამბობს, რომ დანიშვნის წესი არ შეიძლება გავრცელდეს მოქმედ მოსამართლეებზე, ჩვენ შეგვიძლია ამ ნორმის მიმართ გამოვიყენოთ ორგანული კანონის ისეთი ჩანაწერი, რომელიც არ შეეწინააღმდეგება: დანიშვნის წესი პირდაპირ არ გავრცელდება მოქმედ მოსამართლეებზე, მაგრამ გავრცელდება სხვაგვარი წესი, რაც ჩვენ გვიდევს პროექტში, რომ მათი უფლებამოსილება გაგრძელდეს და არა ხელახლა დაინიშნონ. თუკი მოვინდომებთ, თუკი იქნება ნება და სურვილი, ამის გაკეთება შესაძლებელია”, – აცხადებს კოტე კუბლაშვილი.

 

აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ამ წუთებში სასტუმრო “რედისონში” “სასამართლოსთან თანამშრომლობის ჯგუფთან” ერთად შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან. მათ შორისაა “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” გამგეობის წევრი დიმიტრი ხაჩიძე.

 

“უზენაესი სასამართლოს პოზიციით დღეს მოქმედი მოსამართლეები ავტომატურად უნდა გადაინიშნონ უვადოოდ, 65 წლის ასაკამდე. ეს ცვლილება კი, რაც კონსტიტუციაშია და ამოქმედდება, 2010 წელს იქნა მიღებული, რათა მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა მომხდარიყო, მაგრამ არც მაშინ და დღესაც არ არის ასეთი პოზიცია, რომ მოქმედი მოსამართლეებიც ავტომატურად გადაინიშნონ, ჩვენ ამას ვეწინააღმდეგებით, რადგან ის მოსამართლეები, ვინც დღეს მოქმედებენ, დანიშნული არიან კონკრეტული ვადით და მხოლოდ ამ ვადის ამოწურვის შემდეგ შესაძლოა ვიმსჯელოთ მათი უვადოდ დანიშვნა-არდანიშვნის თაობაზე”, – აცხადებს დიმიტრი ხაჩიძე.

 

მისივე თქმით, გამოსაცდელი ვადა მოსამართლეებისთვის მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში არსებობს:

 

“მაგალითად, გერმანიაში არსებობს ასეთი ვადა. უფრო მეტი დროითაც არსებობს, ვიდრე საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს. რა ვუყოთ დღეს მოქმედ მოსამართლეებს, თუ, დავუშვათ, საბჭომ ჩათვალა, რომ მათ ვერ შეასრულეს ის მოვალეობა, რაც მოსამართლემ უნდა შეასრულოს. მოკლედ რომ ვთქვათ, ავტომატური გადანიშვნა ძალიან მარტივი არგუმენტია და, რაც მთავარია, ამას არ ითვალისწინებს კონსტიტუცია. მე თვითონ ვიყავი საკონსტიტუციო კომისიის წევრი, ვინც ეს გადაწყვეტიელბა მიიღო. იქ არ ყოფილა საუბარი მოქმედი მოსამართლეების ავტომატურ დანიშვნაზე”, – აცხადებს დიმიტრი ხაჩიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი