რა პროცესები მიმდინარეობს, თქვენი აზრით, საზოგადოებრივ მაუწყებელში? ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ საზოგადოებისთვის გაურკვეველი რჩება, რეალურად ვინ მართავს სიტუაციას მაუწყებელში, – ერთი მხრივ, ძველი სამეურვეო საბჭოა დარჩენილი, მეორე მხრივ, მაუწყებლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მმართველი გუნდის მხარდამჭერია. არის თუ არა უკვე ვითარება ჩიხში შესული და ვის ინტერესებშია კრიზისის შექმნა?
ის ვითარება, რაც შეიქმნა საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ეს არის კრიზისი. აქ არის რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი, რაც ამ კრიზისის ბუნებას განსაზღვრავს. პირველი ეს არის ის, რომ დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სივრცეში მიდის საზოგადოებრივი მაუწყებლის მოპოვებისთვის არა ფარული, არამედ ღია პოლიტიკური ბრძოლა ყოფილ პოლიტიკურ მმართველ ძალას, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა” და დღეს მოქმედ სამთავრობო ძალას, “ქართულ ოცნებას” შორის. შეიძლება აქ არ იყოს პერსონიფიცირებულად გამოხატული ან ერთი ან მეორე მხარის, მთელი პარტიის ინტერესები, მაგრამ გარკვეული ჯგუფები ამ ორ პოლიტიკურ ძალაში ცდილობენ მოიპოვონ ძალაუფლება საზოგადოებრივ მაუწყებელზე.
მეორე მხრივ, ეს არის მმართველობითი კრიზისი, როდესაც ვერც საბჭო, ვერც მენეჯმენტი ვერ იღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომლის დასაბუთებასაც შეძლებს. ამიტომ ის გამოდის პრინციპით, მე ასე მინდა და ასე ვაკეთებ. ეს არის თავისთავად მმართველობითი კრიზისი. და მესამე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის შემოქმედებითი კრიზისი და კრიტიკული აზროვნების დეფიციტი ზოგადად პროგრამირებაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მედიისთვის და აუცილებელად სჭირდება საზოგადოებრივ მაუწყებელს. და ამიტომაც ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე არ არის ასეთი პათოსის მქონე გადაცემები, სადაც არის მაღალი რანგის შემოქმედებითი პროდუქტი და არის ძალიან რაფინირებული კრიტიკული აზროვნება ეთერში.
რა თქმა უნდა, ნებისმიერ კრიზისს აქვს გამოსავალი და ეს გამოსავალი უნდა მოვძებნოთ და აუცილებლად უნდა ვეცადოთ ყველა, რომ ამ ჩიხური სიტუაციიდან მოვძებნოთ ისეთი გამოსავალი, რომ ვნახოთ მინიმალური დანაკარგი. მინიმალური დანაკარგი არის ის, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ნორმალური ფუნქციონირებით მიაღწიოს საავარიო რეჟიმში 2014 წლის პირველ იანვრამდე, როდესაც მოხდება საბჭოს ახალი წესით ფორმირება და მაქსიმალური დანაკარგი იქნება ის, თუ ჩვენ ვერ შევცვლით ვერაფერს.
კონკრეტულად რა უნდა გაკეთდეს და ვისი მხრიდან? რა იქნება გამოსავალი შექმნილ სიტუაციაში?
ერთი მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ის, რომ სამეურვეო საბჭო შეიკრიბოს, მისმა თითოეულმა წევრმა სწორად გაიაზროს, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო 6 სექტემბერს, თითოეულმა მათგანმა ღიად უთხრას საზოგადოებას, თუ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, პირადად მან რატომ დაუჭირა მხარი გენერალური დირექტორის მოხსნას ახლა და ამ ფორმით, რითაც წაახალისა პოლიტიკური ბრძოლის პროცესი საზოგადოებრივი მაუწყებლის არენაზე. ეს უნდა განმარტონ მათ და თუ მოიძებნება სათანადო რესურსი თავად საბჭოში, ჩემი აზრით, საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ მან 6 სექტემბრის თავისივე გადაწყვეტილება დროებით შეაჩეროს და გარკვეული დათქმები გააკეთოს იმისთვის, რომ პროცესი უმტკივნეულოდ მივიდეს 1 იანვრამდე.
მეორე მხრივ, გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, რომელიც პრაქტიკულად თვითნებურად ჩაერია სარედაქციო პოლიტიკაში, როდესაც სწორედ ახლა, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ამ ფორმით, ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე ეთერიდან დაითხოვა ორი ჟურნალისტი და დახურა ორი პროგრამა, და ალბათ სწორი გამოსავალი იქნება, ჩემი აზრით, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ არ გავწიროთ საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა, ეს გადაწყვეტილებაც იყოს გაუქმებული. და უკვე თუ აღდგება 6 სექტემბრის სტატუს-კვო და საავარიო რეჟიმში გააგძელებს საზოგადოებრივი მაუწყებელი არსებობას, ჩვენ ამ ფორმით მივალთ და პარალელურად მოვახერხებთ, რომ პოლიტიკურ ძალებს ვაიძულებთ დატოვონ სივრცე და ამ ფორმით აღარ ჩაერიონ საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობაში, ჩვენ შეიძლება საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა გადავარჩინოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, რა ვითარება გვაქვს – ნაციონალური მოძრაობა, რომელიც 8 წლის განმავლობაში მართავდა ტელევიზიას, მან დაინახა რეალური სურათი, რომ პირველი იანვრიდან დაიწყება აბსოლუტურად ახალი პროცესი, შეიქმნება ახალი საბჭო, სადაც მათ მიერ მხარდაჭერილი წევრებიც იყვნენ საბჭოში, მაგრამ მათ არ ექნებათ ისეთი გავლენა, როგორიც ჰქონდათ აქამდე, ანუ ერთსულოვანი გადაწყვეტილებების მიღების შანსი იქნება მინიმალური, და ამ დროს მან თავისი ბოლო ბერკეტი გამოიყენა, – სამეურვეო საბჭოს მიაღებინა საკმაოდ გაუაზრებელი გადაწყვეტილება გენერალური დირექტორის მოხსნისა სწორედ ახლა. ბუნებრივია, თუ დღეს მოქმედი კანონმდებლობით ვიხელმძღვანელებთ, საბჭომ უნდა აირჩიოს დირექტორი, სავარაუდოდ, ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყისში. ეს იქნება დირექტორი, რომელიც იქნება მთლიანად მხარდაჭერილი ნაციონალური მოძრაობის მიერ და ის გააკეთებს ყოველთვის იმას, რაც ამ პოლიტიკურ ძალას უნდა, რომ არ დაკარგოს კონტროლი საზოგადოებრივ მაუწყებელზე, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მან დაკარგოს კონტროლი საბჭოზე. იმიტომ, რომ გენერალური დირექტორის გათავისუფლება თანამდებობიდან ძალიან კარგად არის განსაზღვრული როგორც ძველ ვერსიაში კანონის, ისე ახალში. ასე ხელაღებით დირექტორის გათავისუფლება სამეურვეო საბჭოს არ შეუძლია.
როდესაც ეს გადაწვეტილება მიიღო, მე მიმაჩნია, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება, ჯერ პარტიამ და შემდეგ სამეურვეო საბჭომ, ამან მოახდინა პროვოცირება იმ შეფარული განწყობებისა, რომელიც “ქართულ ოცნებას” გააჩნდა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ. საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკაზე გარკვეულწილად გვქონდა ინფორმაცია, რომ სწორედ მთავრობიდან, კანცელარიიდან, მმართველი პარტიიდან რაღაც გარკვეული მესიჯ-ბოქსებით მართავდნენ, მაგრამ ეს არ იყო სტრუქტურირებული ფორმის, ისე, როგორც ჩვენ მიჩვეული ვიყავით ამ ბოლო წლებში, მაგრამ როგორც კი დაინახა “ქართულმა ოცნებამ” “ნაციონალური მოძრაობის” მოქმედება, ის მომენტალურად გადავიდა შეტევაზე, ამოვიდა იატაკქვეშეთიდან, მისცა რეაქცია ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილებას, რომელიც პრაქტიკულად გაახმოვანა სამეურვეო საბჭომ და სწორედ ასე პრინციპულად დააყენა საკითხი, რომ თუ თქვენ ასე იქცევით, მაშინ ჩვენ ასე მოვიქცევით, და ეს ასე მოქცევა იყო სწორედ ეკა კვესიტაძის და დავით პაიჭაძის ეთერიდან გათავისუფლება.
ეს არსობრივად ერთმანეთის გამომწვევი პროცესებია და ეს ზუსტად ის შემთხვევაა, როდესაც ცალკეული პერსონები, რომლებიც საზოგადოებრივ მაუწყებელის შინაარს და პოლიტიკას ქმნიდნენ, სწორედ ისინი დღეს არიან თამაშგარე მდგომარეობაში. დღეს უკვე ღიად, საზოგადოებრივი მაუწყებლის სივრცეში ერთმანეთს უპირისპირდება ორი პოლიტიკური ძალა. სწორედ ეს კლავს საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას.
ანუ თავიდანვე, საზოგადოებრივ მაუწყებელზე “ნაციონალურმა მოძრაობამ” შექმნა კრიზისი?
ორივე ძალას ჰქონდა ამის სურვილი. “ნაციონალური მოძრაობა” წავიდა ვაბანკზე, მაგრამ არც “ქართულმა ოცნებამ” დაიხია უკან. და ჩვენ მივიღეთ ძალიან გაუგებარი ვითარება. ჩვენ დღეს უნდა გადავარჩინოთ არა კონკრეტული ადამიანები თანამდებობებზე, არამედ საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა.
რა ბერკეტები აქვს საზოგადოებას, რა ფორმით უნდა გადაარჩინოს?
ჩვენ ყველამ ერთად უნდა მოვითხოვოთ, რომ საბჭომ კიდევ ერთხელ გადახედოს გადაწყვეტილებას, დააბრუნოს 6 სექტემბრის სტატუს-კვო. და შემდეგ უკვე მენეჯმენტმა, მიმაჩნია, რომ ყოველგვარი ზედმეტი მოძრაობების გარეშე უნდა მიიყვანოს ეს სარედაქციო პროექტი პირველ იანვრამდე და ხელი შეუწყოს იმას, რომ ამ თვენახევრის განმავლობაში, რომ მოქალაქეებმა რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიიღონ, მათი ინფორმირებულობის ხარისხი გაიზარდოს და ნორმალური საარჩევნო პროცესი იყოს ქვეყანაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ არ არის ნორმალური, რომ არჩევნებამდე 40 დღით ადრე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მთავარი თემა არის არა საპრეზიდენტო არჩევნები, არამედ იმაზე, რომ ვინ უფრო მართალია, თამაზ ტყემალაძე, ემზარ გოგუაძე, ეკა კვესიტაძე, დავით პაიჭაძე თუ გიორგი ბარათაშვილი. ეს არ არის მთავარი კითხვა, მთავარი კითხვა არის ის, რომ საბჭომ გენერალური დირექტორი არ უნდა გაათავისუფლოს პოლიტიკური მოსაზრებით, თუ გათავისუფლება უნდა, არგუმენტირებულად უნდა გაათავისუფლოს, და გენერალურმა დირექტორმა, მით უმეტეს, მისი მოვალეობის შემსრულებელმა, ანუ ნაკლები ლეგიტიმაციის ადამიანმა არ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომ ჟურნალისტი, პროდუსერი დაითხოვოს სამსახურიდან და მნიშნველოვანი საზოგადოებრივ პოლიტიკური გადაცემების წამყვანები. ეს უნდა მოგვარდეს ამ ორ- სამ დღეში და ეს იქნება კარგი მაგალითი იმისა, რომ ჩვენ შეგვიძლია იდეა საზოგადოებრივი მაუწყებლისა გადავარჩინოთ. ამის შემდეგ როგორი იქნება საბჭო, იქნებიან საბჭოს დღევანდელი წევრები, იქნება გიორგი ბარათაშვილი ისევ დირექტორი, იქნება თუ არა ეკა კვესიტაძე ისევ ეთერში, ეს უკვე უნდა გადაწყვიტოს დიდი შეთანხმებით არჩეულმა საბჭომ და მათ მიერ დანიშნულმა გენერალურმა დირექტორმა, რომლის მთავარი მიზანი არ იქნება პოლიტიკური ბრძოლის გაშლა მაუწყებელში.
აღნიშნული გადაცემების დახურვა საარჩევნო გარემოზე როგორ აისახება? როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გათავისუფლებულმა ჟურნალისტებმა თქვეს, ეს პროცესი აუცილებლად აისახება წინასაარჩევნო პროცესზე და საარჩევნო გარემოზე.
თუ იქნება საჭიროება, რომ სხვა თოქ- შოუც დაემატოს, დაემატოს, უბრალოდ, სწორედ ახლა გამწვავდა თემა. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, ეს არის ხელოვნურად გამწვავებული თემა – პოლიტიკურ ძალებს, როგორც ერთს, ასევე მეორეს, ნაკლები პასუხისმგებლობა აქვთ საზოგადოების წინაშე და ვერ აცნობიერებენ, რამდენად მნიშვნელოვანი საპრეზიდენტო არჩევნები გველოდება. ამას აჩვენებს ეს პროცესი.




