ვებ-გვერდზე წარმოდგენილი იქნება საპრეზიდენტო კანდიდატთა შეხედულებები საშინაო და საგარეო პოლიტიკის, ასევე, საზოგადოებაში მიმდინარე ეთიკური დებატების შესახებ. ვებ-გვერდის სრული ვერსია 1 ოქტომბერს იქნება წარმოდგენილი და დაინტერესებულ პირებს საპრეზიდენტო კანდიდატთა მოსაზრებების გაცნობისა და მათი შედარების შესაძლებლობა ექნებათ. საპრეზიდენტო კანდიდატებისადმი უკვე დასმულ 20 შეკითხვასთან ერთად, 25 სექტემბრამდე, ამომრჩევლებსაც შეეძლებათ გაუგზავნონ შეკითხვა საპრეზიდენტო კანდიდატებს www.prezidenti.ge საშუალებით.
5 ყველაზე პოპულარულ შეკითხვას/საკითხს ნიმდ-ი გაუგზავნის კანდიდატებსაც და მათ პასუხებს ამავე ვებ-გვერდზე ასახავს. პროექტი ჰოლანდიის სამეფოს საელჩოს მიერაა დაფინანსებული და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან თანამშრომლობით ხორციელდება.
ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (NIMD) ჰოლანდიის პოლიტიკური პარტიების მიერ შექმნილი ორგანიზაციაა, რომელიც მხარს უჭერს დემოკრატიულ რეფორმებს მსოფლიოს 27 სახელმწიფოში. NIMD-ის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობა მუშაობს პოლიტიკური პარტიების ინსტიტუციონალიზაციისა და დემოკრატიზაციის, დემოკრატიის განათლებისა და დემოკრატიული რეფორმების მხარდასაჭერად სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში.




