ახალი ამბები

აშშ-ის ელჩი: სისტემა, სადაც ერთი პარტია რესურსების 90%-ს იღებს, მონოპოლიის საფრთხის ქვეშაა

22 თებერვალი, 2018 • 3501
აშშ-ის ელჩი: სისტემა, სადაც ერთი პარტია რესურსების 90%-ს იღებს, მონოპოლიის საფრთხის ქვეშაა

“ყველა გრანდიოზული მცდელობა ფუჭად ჩაივლის, თუ საქართველო ერთ რამეს ვერ გაითვალისწინებს: მან უნდა უზრუნველყოს დემოკრატიული გარდაქმნა”, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში, იან კელიმ, სამწლიანი მუშაობის შეჯამებისას განაცხადა. მან საქართველოს ბოლოდროინდელ მიღწევებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მომავალი დასავლეთისკენაა მიმართული. თუმცა სიტყვით გამოსვლისას კელი რამდენიმე საკვანძო პრობლემას, მათ შორის, საარჩევნო გარემოსაც შეეხო.

იან კელის განცხადებით, ქვეყნის დღის წესრიგში მმართველი პარტიის დომინანტური პოზიციის პრობლემა კვლავ რჩება. შეფასებისას ელჩი საერთაშორისო დამკვირვებელთა შეფასებებს დაეყრდნო და საარჩევნო პროცესში გამოვლენილ ზეწოლის ფაქტებს გაუსვა ხაზი.

“მიუხედავად იმისა, რომ OSCE/ODIHR-ის დამკვირვებლების შეფასებით 2017 წლის არჩევნების დროს დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები და კანდიდატებს თავისუფლად შეეძლოთ კამპანიის განხორციელება, შეფასებაში ასევე აღინიშნა, რომ ზოგადი საარჩევნო გარემო ხასიათდებოდა მმართველი პარტიის დომინანტური მდგომარეობით, მათ შორის, შეინიშნებოდა კანდიდატთა და ამომრჩეველთა დაშინების შემთხვევების ზრდა.

2018 და 2020 წლების არჩევნები იქნება პოლიტიკური პლურალიზმის შემდგომი ტესტი. მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისათვის, რომ პროცესმა სრულად დააკმაყოფილოს უმაღლესი სტანდარტები და უზფრუნველყოს თანაბარი გარემო”, – აღნიშნა მან.

ამავე კონტექსტში ელჩი საარჩევნო რესურსების თანაბარი განაწილების აუცილებლობასაც შეეხო. მისი თქმით, სისტემა, რომლის პირობებშიც მმართველი პარტია რესურსების აბსოლუტური უმრავლესობით სარგებლობს, საარჩევნო გარემო მონოპოლიის რისკის ქვეშ დგას.

“კვალიფიციური პარტიებისთვის აუცილებელია უკეთესი ხელმისაწვდომობა კამპანიისთვის საჭირო ფინანსებზე და გაზრდილი საეთერო დრო, განსაკუთრებით, დამოუკიდებელი კანდიდატებისთვის. სისტემა, სადაც ერთი პარტია იღებს 90%-ზე მეტ შემოწირულობას საარჩევნო კამპანიის წარმოებისათვის, დგას ერთ-ერთი პარტიული ძალაუფლების მონოპოლიის რისკის ქვეშ”, – განაცხადა იან კელიმ.

ელჩმა თავისი სამწლიანი საქმიანობა აშშ-ის საელჩოსა და რონდელის ფონდის კონფერენციაზე შეაჯამა, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის, ასევე დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან. იან კელი აშშ-ის ელჩის პოზიციაზე მიმდინარე წლის მარტამდე რჩება. მარტში კი 33-წლიან დიპლომატიურ საქმიანობას ასრულებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი