ახალი ამბებისაზოგადოება

ჰომოფობიური ძალადობა ოჯახში – ლესბოსელი ქალების ბრძოლა თავისუფლებისთვის

22 თებერვალი, 2018 •
ჰომოფობიური ძალადობა ოჯახში – ლესბოსელი ქალების ბრძოლა თავისუფლებისთვის

“პირდაპირ მითხრეს, რომ ეგ შენი მეგობარი ლესბოსელია, რახან მამაკაცურია და ფემინური არაა, ალბათ, გიყვარსო. დედაჩემი და მამაჩემი 2017 წლის ზაფხულში ფიზიკურად შემეხნენ. რატომ გაცვია “ბათინკი”, კაცის ფეხსაცმელიაო და ამ ფეხსაცმლით მცემეს. მაშინ სახლიდან პირველად წამოვედი”, – გვიყვება ლიკა [სახელი შეცვლილია].

“ჩემს ძმას ძალიან ბევრჯერ გაურტყამს ხელი ჩემს ორიენტაციაზე საუბრის დროს, ჩავუკეტივარ ოთახში, საიდანაც 5–6 დღე არ გამოვსულვარ”, – იხსენებს ელენე [სახელი შეცვლილია].

ელენე და ლიკა ლესბოსელი ქალები არიან, რომლებიც ჰომოფობიურ ნიადაგზე წლების განმავლობაში ოჯახის წევრებისგან ფსიქიკურ და ფიზიკურ ძალადობას განიცდიდნენ. ლიკამ პოლიციას მიმართა და შემაკავებელი ორდერი გამოწერეს მშობლების წინააღმდეგ,

ელენეს პოლიციისთვის არ მიუმართავს, იგი წლების მანძილზე ითმენდა ოჯახის ზეწოლას იქამდე, სანამ საზღვარგარეთ წავიდა და დამოუკიდებლად ცხოვრება დაიწყო.

“ნეტგაზეთი” გთავაზობთ ლიკას და ელენეს ისტორიებს. მათი ისტორიების შემდეგ კი “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” იურისტი ქეთი ბახტაძე გეტყვით, როგორ იცავს ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს და როგორ უნდა გაუმკვლადნენ ლგბტ თემის წევრები ამ მოვლენას.

ლიკა

ტიპურ ტრადიციულ ოჯახში ვიზრდებოდი, მშობლები მკაცრები არიან. ჩემი მეგობარი გოგო ხშირად მოდიოდა ჩემთან, ყურადღებას იჩენდა, საჩუქრებს მჩუქნიდა, ამ ყველაფერმა მშობლები დააეჭვა.

მე არ მიღიარებია სახლში ჩემი სექსუალური ორიენტაციის შესახებ. ვიცოდი, რომ ჩემი ოჯახის წევრების მხრიდან ამაზე ძალიან ხისტი რეაგირება იქნებოდა. მე და ჩემი შეყვარებული ორივე სრულწლოვნები ვიყავით და ჩვენი ცხოვრების განკარგვა თავად შეგვეძლო, უბრალოდ, დროს ვაჭიანურებდით და ვფიქრობდით, რომ ჯერ სწავლა დაგვემთავრებინა და შემდეგ გადავსულიყავით დამოუკიდებლად.

ლგბტ აქტივისტი 03.02.2018 credit: EPA/DIVYAKANT SOLANKI

მაგრამ ვერ მოხერხდა. მშობლებმა ძალადობა დაიწყეს. ეჭვიც კი საკმარისი გახდა ამისთვის. ეს არ იყო ერთჯერადი. ღამით მეღვიძებოდა და ჩემი მეგობრის სახელს ახსენებდნენ, რომ მან “გადაიყვანა ჭკუიდან, გჭირდება ფსიქოლოგი და ფსიქიატრი, უნდა გიმკურნალოთ”. მე უარვყოფდი ყველაფერს.  

პირდაპირ მითხრეს, რომ ეგ შენი მეგობარი ლესბოსელია, რახან მამაკაცურია და ფემინური არაა, ალბათ გიყვარსო. დედაჩემის და მამაჩემის მხრიდან ზაფხულში [2017] იყო ფიზიკური ზეწოლა. რატომ გაცვია “ბათინკი”, კაცის ფეხსაცმელიაო და ამ ფეხსაცმლით მცემეს. მაშინ წამოვედი სახლიდან პირველად.

ყოველდღიური ფსიქიკური ზეწოლა 1 წელი გრძელდებოდა, ბავშვობიდან მეუბნებოდნენ იმას, რომ არ უნდა ვიმეგობრო იმათთან, ვინც მათ არ მოსწონთ.

სახლიდან არაერთხელ წამოვსულვარ. ეს მესამეა და აღარ დავბრუნდები. პირველად რომ წამოვედი, მითხრეს, რომ ძალადობა აღარ განმეორდებოდა. პატიებაც მთხოვეს, რომ ეჭვის საფუძველზე არ უნდა გამოგვეთქვა პროტესტიო. დავბრუნდი სახლში, მივეცი შანსი. მეც არ ვიყავი მზად დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის, მაგრამ იგივე გაგრძელდა.

სახლში დაბრუნებიდან 8 თვის შემდეგ უკვე ნათესავები ჩართეს. სრულიად სანათესაო შეიკრიბა ჩემთან და მეუბნებოდნენ, რომ ლესბოსელობა მეღიარებინა, ჰორმონებით და ფსიქიკურად გიმკურნალებთ, თავს დაანებებ შენს მეგობარსო. თავს არ დავანებებ ჩემს მეგობარს, რადგან მასზე არაფერი არ იცით – მეთქი, მაშინ წადი სახლიდანო, – ეგონათ, სახლიდან არ წავიდოდი.

როცა შევიტყე, რომ ნათესავებიც აპირებდნენ ამაში ჩართვას, სახლში გაჩერებას აზრი აღარ ჰქონდა. წამოვედი სახლიდან, რის შემდეგაც დაიწყო მუქარა ჩემი მეგობრის მიმართაც, რომ დააპატიმრებდნენ, რადგან მან გადაგიყვანა ჭკუიდანო. ეს იყო ჩემს პარტნიორზე აშკარა ზეწოლა და გადაბრალებები. იყო მუქარები, რომ ქურდულ სამყაროს ჩავრევთ, ჩაგიდებთ და გაგანადგურებთო.

ჩვენ მეგობრის რჩევით “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერ ჯგუფს” მივმართეთ, რომელმაც ადვოკატთან გადაგვამისამართა. სამართლებრივ საკითხებში გარკვეული არ ვიყავით. პოლიციაში საჩივარი შევიტანეთ და გამოიწერა შემაკავებელი ორდერი მშობლების მიმართ.

ქუჩური გარჩევებისგან, რასაც ითხოვდნენ, დაცული არ ვიყავი. შემაკავებელი ორდერის გამოცემის შემდეგ ვეღარ ხმაურობდნენ ისე, როგორც უნდოდათ. მას შემდეგ ამოვისუნთქეთ და ყველას ვურჩევთ, რომ იგივე გააკეთონ, ვინც ოჯახის მხრიდან ძალადობას გრძნობს.

მას შემდეგ მშობლებმა უკან დაიხიეს, ვერ იფიქრებდნენ, რომ ამას გავაკეთებდი და შემეძლო დამოუკიდებლად არსებობა.

პოლიციაში იმიტომ მივედი, რომ დახმარება გაეწიათ. მაქვს უფლება დახმარება მივიღო და თვითონ მოვალენი არიან დახმარება აღმომიჩინონ. იყო მომენტები, როდესაც მიუღებელი იყო პოლიციის ქმედებები, ბოდიშებიც მოგვიხადეს… სახალხო დამცველის აპარატიც იყო ჩართული.

პრაიდი პრაღაში 12.08.2017 credit: EPA/MARTIN DIVISEK

მშობლებმა სანამ პოლიციის რეაგირება არ დაინახეს, მანამდე უაზრო კომენტარებს, რეკვებს და დაშინებებს თავი არ დაანებეს. რაც გაიაზრეს, რომ ჩავრიე პოლიცია, კანონი ჩემს მხარესაა, ჩემს მხარესაა ჩემი პარტნიორი და მეგობრები, “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი”, მას შემდეგ შეეშინდათ და შემორიგების ტექსტების გამოგზავნა დაიწყეს.

არ ვპასუხობ მათ. ფსიქოლოგიურად ვერ ვარ გამოსული მდგომარეობიდან. მწერენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, რომ დაბრუნდი და ყველაფერს გავაკეთებთ, ჩვენი დანაშაული როგორ გამოვისყიდოთო. ოღონდ ეს ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც გაიგეს, რომ მე დამოუკიდებელი ცხოვრება შემიძლია.

მე ადამიანი ვარ, რომელსაც მიტევება შეუძლია და მათ ამ ყველაფერს კიდევაც ვაპატიებ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათთან დავბრუნდები. მე არ მაქვს იმის გარანტია, რომ ისინი იმავეს არ დაიწყებენ.

ბევრი მეგობარი დავკარგე, რაზეც გული მწყდება. მშობლებმა უთხრეს, ნუ იმეგობრებ მაგათთანო. მამაჩემი ურეკავდა. მამაჩემი არ გაამართლეს და მეუბნებოდნენ, რომ გვერდით დამიდგებოდნენ, როდესაც ჩვენების მიცემა დამჭირდებოდა, მაგრამ ჩემთან ყოველდღიური კავშირი გაწყვიტეს. ისინი შეშინდნენ, არ უნდოდათ, რომ მშობლებთან პრობლემები შექმნოდათ. არ დამიდგნენ გვერდით. არა უშავს, ყველას თავისი ცხოვრება აქვს.  

გავაგრძელებინებ შემაკავებელ ორდერს. არ მინდა, რომ სისხლის სამართლის საქმე დაიწყოს. შემაკავებელი ორდერია გამოწერილი. მაგრამ თუკი ისინი განაგრძობდნენ მუქარას და ფიზიკურ ზეწოლას, სისხლის სამართლის კუთხით უნდა გამეგრძელებინა ეს ყველაფერი. მაგრამ მათაც უკან დაიხიეს და აღარ გაღრმავდა კონფლიქტი.

მშობლებისთვის არ მითქვამს, რომ ლესბოსელი ვარ, ვერ ბედავენ, რომ ეს შეკითხვა დამისვან. ახლა ბევრად უკეთესად ვარ იმ ხალხის დახმარებით, ვისაც მართლაც ვუყვარვარ და მარტო არ დამტოვეს. მივხვდი, რომ ოჯახის გარდა, თურმე ბევრი ადამიანი მყოლია, რომელსაც შეუძლია დამეხმაროს და მარტო არ დამტოვოს.

ელენე

15 წლის რომ ვიყავი, სხვა გრძნობები მქონდა ერთი გოგოს მიმართ. ჩემი ახლო მეგობარი იყო. იმდენად მოდიოდა მისგანაც, მივხვდით, რომ სხვა რამ გვაკავშირებდა. ეს გოგო ხშირად რჩებოდა ჩემთან, მეც ვრჩებოდი მასთან. დედაჩემი გვატყობდა, რომ ისეთი მეგობრული ურთიერთობა, როგორიც დაქალებშია, არ გვქონდა. აქედან დაიწყო მისი ეჭვები.

დედაჩემს იმხელა ეჭვები გაუჩნდა, რომ დაიწყო მეგობრების გადათვალიერება. მე თვითონაც არ მაქვს ”გოგოშკური” სტილი. მერე დაიწყო ჩემი მეგობრების გამოძიება, ვის როგორი სტილი ჰქონდა. ვინც ნამდვილად არ იყო ლესბოსელი, იმაზე მიდებდა ხელს – “ეს ასეთია, ის ისეთია, მოდი, შეწყვიტე მათთან ურთიერთობა. შენზე გავლენას იქონიებენო”.

რა თქმა უნდა, მას ძალიან ვეწინააღმდეგებოდი, მაგრამ ეს უფრო მძაფრდებოდა დედაჩემის მხრიდან. გაუსაძლისი ხდებოდა. შემდეგ ისე განვითარდა მოვლენები, რომ შეყვარებულიც მყავდა, მერე იმასაც დავშორდი.

ბოლოს ვინც მყავდა, მასაც დავშორდი, რადგან ყველაზე დიდი პრობლემები დედაჩემის მხრიდან მასთან შემექმნა. კონფლიქტები მას შემდეგ დაიწყო, რაც მისთვის გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებები მინახეს. მეძინა და დედაჩემმა შემაღვიძა, დარეკვა მინდაო. მე ტელეფონი მივეცი. როგორც ჩანს, შეძვრა, ყოველთვის აინტერესებდა დედაჩემს ჩემი ტელეფონი.

დედამ ამოიწერა მოკლე ტექსტური შეტყობინებები, შემდეგ ჩემს ერთ-ერთ ძმას უთხრა, რასაც დიდი კონფლიქტები მოჰყვა. მიშლიდნენ გარეთ გასვლას, ყველა მეგობართან ურთიერთობის გაწყვეტას მთხოვდნენ. ჩემმა ძმამ გამიმწარა ის პერიოდი. ძალიან ცუდად მექცეოდა. მიკრძალავდა ყველაფერს, ტელეფონი ჩამომართვა, ვეწინააღდეგებოდი, მაგრამ ძალა აღარ მქონდა. ვუჯერებდი.

ლგბტ უფლებათა აქტივისტები თბილისის საქალაქო სასამართლოსთან სოლიდარობას უცხადებენ დაკავებულ ებს. ფოტო © ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი

სამსახურთან მოდიოდა, სახლში მივყავდი, არ მაძლევდა უფლებას, რომ მეგობრებთან ერთად ვყოფილიყავი. ამ ბრძოლების შემდეგ არც ტელეფონი მქონდა, არც გარეთ გავდიოდი. რაღაცნაირად დავაჯერე, რომ არავისთან ურთიერთობა არ მქონდა. მერე ცოტა მოლბა ყველა. რაღაცები დავუთმე, მაგრამ არ შემიწყვეტია პარტნიორთან ურთიერთობა. როცა ვახერხებდი, მაინც ვეკონტაქტებოდი და ვნახულობდი.

ამ გოგოსთან ურთიერთობა ამის გამო ამერია, რომ ვეღარ უძლებდა ზეწოლას. დედაჩემი ტელეფონით ძალიან ცუდ რაღაცებს წერდა, ლანძღავდა, რომ ჩემი შვილი გადაიბირეთ, სხვა მეგობრებსაც წერდა, ურეკავდა, ეჩხუბებოდა.

დედაჩემი არასოდეს აღიარებდა ჩემს ორიენტაციას. მაინც იმედი ჰქონდა, რომ “გამოვსწორდებოდი”, ბიჭთან ვიქნებოდი. მე ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ არა. მთელი ბრძოლების შემდეგ ჩემი ძმა წავიდა საზღვარგარეთ და ვიგრძენი სრული თავისუფლება. რაც წავიდა, უფრო გავთამამდი, ჩვეულებრივ როგორც ვიყავი ადრე, ისე გავდიოდი, ისე ვაკეთებდი ყველაფერს, როგორც მინდოდა.

თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ დედაჩემი ხან სად მხვდებოდა, ხან – სად, მეგობრებთან თუ ვიყავი, იგებდა. არ ვიცი, როგორ. დამხვდებოდა ხოლმე, მეჩხუბებოდა, დამსდევდა ყველგან. ყოველთვის ვუხსნიდი, რომ მის მოსაწონთან ვერ ვიმეგობრებდი.

ამ ყველაფერთან ერთად ასაკი მემატებოდა და ჩემს ასაკს ვერ ვუთანაბრებდი  ფიქრებს. მინდოდა თავისუფლება, ჩემი სამსახური მქონდა, ჩემი ფული მქონდა. შემდეგ ისე წავიდა საქმე, რომ ჩემი პარტნიორი დამშორდა, ვისთანაც 4 წლის განმავლობაში ვიყავი. ვკამათობდი ამ გოგოსთან, სისულელეებზეც, ყველაფერზე, რაზეც არ უნდა გავბრაზებულიყავი, ვბრაზდებოდი. ამას დაემატა ისიც, რომ დედაჩემიც თავს არ ანებებდა ამ გოგოს.

ჩემი პარტნიორი მეუბნებოდა, ოჯახიდან წამოვსულიყავი, შევწინააღმდეგებოდი, მაგრამ ვერ ვდგამდი ამ ნაბიჯს, მეშინოდა. ძმებისთვის კატასტროფა იქნებოდა, რომ მეთქვა ჩემი ორიენტაციის შესახებ. სახლიდან წამოსვლაც ძალიან რთული იქნებოდა, შეიძლებოდა ძმებს მოვეკალი.

პარტნიორი რომ დამშორდა, ძალიან ცუდად გადავიტანე იმიტომ, რომ  4-ლიანი ურთიერთობა დამემსხვრა, როცა გეგმებიც მქონდა, მასთან ერთად წასვლას ვაპირებდი. ..

დაშორების შემდეგ იმდენად გავბოროტდი, გადავუსვი ხაზი ოჯახს, იმის მიუხედავად, რომ მართლა ძალიან მიყვარდა. მივხვდი, რის გამო დავკარგე ეს ადამიანი. ამ დროს დედაჩემი მოვიდა სახლში, არ ვიცი, რატომ მითხრა ეს სიტყვები, შეყვარებულს ხომ არ დაშორდი და მაგიტომ ხარ ცუდადო.

მაშინ გადამეკეტა, ავდექი და ვუთხარი ყველაფერი.  ვუთხარი: გოგო შეყვარებული მყავდა და თქვენთან ასეთმა ბრძოლებმა და ასეთმა ურთიერთობამ… ვუთხარი, რომ მისი ბრალი იყო. ბოლო–ბოლო გამოვტყდი ამ ყველაფერში. ეს მოხდა შარშან აპრილში. ვუთხარი ისიც, რომ არ შემიძლია ბიჭთან ურთიერთობა და ზოგადად არ მომწონს ბიჭები.

დედაჩემმა ჩემს ძმებთან ლაპარაკი დაიწყო, ძალიან ცუდი სიტყვებით მელაპარაკებოდა, ძალიან ცუდი სიტყვებით მომიხსენიებდა მეც, რომ ვიყავით გარყვნილები, საზიზღრები, გულისამრევები. მაშინ უკვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ საზღვარგარეთ წავიდოდი.

დედაჩემს საზღვარგარეთ წასვლაზე რომ ვუთხარი, დამეთანხმა, ჯობია წახვიდე, ოჯახს არცხვენო. წავედი საზღვარგარეთ ნათესავთან. დედაჩემს 2 თვის განმავლობაში საერთოდ არ ვეკონტაქტებოდი. ვაჩვენე, რომ ერთ ნაბიჯს თუ გადავდგამდი წასვლისას, მე აღარ დავბრუნდებოდი, მხოლოდ პერიოდულად მნახავდა ხოლმე.

2 თვის მერე ასეთი რაღაცა მომწერა: “დედა, მგონი, გაგიგე, როცა მოგინდება, დამირეკე”. რაღაცნაირად იმედი მომეცა, რომ ამ ყველაფერს სხვა თვალით შეხედა. როცა მზად ვიყავი ლაპარაკისთვის, ავდექი და დავურეკე.

ჯერ მომიკითხა, მერე ტირილი დაიწყო, მენატრებიო და მთელი ამბები. მერე ასეთი სიტყვები მითხრა, “დედა, როგორიც არ უნდა იყო, ჩემი შვილი ხარ, უბრალოდ, შენი ძმებისგან გიცავდი, ნუ მიბრაზდებიო”.

როგორი გრძნობა მქონდ, იცი? ფრთებს რომ გაშლი და გაფრინდები, რომ არ იღლები ამ ყველაფრის მოსმენით. მერე დავიწყეთ ლაპარაკი.  ჩემი ურთიერთობები განვიხილეთ. დედაჩემს მოვუყევი, როგორ არ შედგა ჩემი ურთიერთობა ერთ ბიჭთან, როგორ არ ვიყავი მასთან ბედნიერი, რომ რაც გოგო მყავს, უფრო ბედნიერად ვგრძნობ თავს. მეწინააღმდეგებოდა ამ საუბრის დროს, მაგრამ იმდენად კარგად ვუხსნიდი და გრძნობებით ვლაპარაკობდი, მაინც გაიგო ყველაფერი.

დედაჩემის მესმის. ახლანდელ დროში ძმები ცოტა რთული თემაა. ხომ ხვდებით, რამხელა ყურადღება იყო ჩემზე. ნებისმიერ ადამიანს დედისგან შეიძლება იგივე სიტუაცია ჰქონდეს. თავიდან ყველა დედა განიცდის, მაგრამ შვილს ვერ გთმობს. გულის სიღრმეში მჯეროდა, რომ გაიგებდა.

ერთადერთი ჩემი ძმის ცოლი მიჭერდა მხარს, რომელთანაც ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა. ჯერ კიდევ თავიდან, როცა მივხვდი, რომ ლესბოსელი ვიყავი, მაშინვე ვუთხარი. საქართველოდან რომ წავედი, როგორც გავიგე, ძალიან ბევრი უსაუბრია დედაჩემთან და აუხსნია, რასაც მე ვეუბნებოდი. დიდი ზეგავლენა მოახდინა ჩემმა რძალმა დედაჩემზე, ძალიან დამეხმარა.

ლგბტ აქტივისტების მიერ ვაჩნაძის ქუჩაზე მოხატული ასფალტი, 17 მაისს აღსანიშნავად. 17.05.2016 ფოტო: მარიამ სიხარულიძე.

ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემმა წასვლამ. ზოგჯერ ვფიქრდები, რატომ არ წავედი აქამდე, იქნებ არ დამეკარგა ის ადამიანი, რომელთანაც ამდენი ხნის ურთიერთობა მქონდა.

მე ჩემს ოჯახს ძალიან დიდი პატივს ვცემ. არასოდეს გავაკეთებდი იმას, რომ რომელიმეს პოლიციასთან შეხება ჰქონოდა. იყო ძალადობა, ჩემს ძმას ძალიან ბევრჯერ გაურტყამს ხელი ჩემს ორიენტაციაზე საუბრის დროს, ჩავუკეტივარ ოთახში და 5–6 დღე ნამდვილად არ გამოვსულვარ ოთახიდან. მეგობარი მყავს, რომელსაც აქვს მსგავსი გამოცდილება, მირჩია დაგეხმარები იურისტის ჩარევითო, მაგრამ არასოდეს არ წავსულვარ იმაზე, რომ პოლიცია ან იურისტები ჩამერია. ვიცოდი, რომ ეს სიტუაცია დალაგდებოდა. იმ დიდი ძალადობის დროს პოლიცია რომ გამომეძახა, ამით არაფერი შეიცვლებოდა.

უფროს ძმასთან მაქვს შესანიშნავი ურთიერთობა. როცა ეს ყველაფერი ვაღიარე, მაშინ მომისმინა და უფრო გამიგო. ერთადერთი სიტყვა რაც მითხრა, წადი აქედან და მიხედე შენს ცხოვრებას, ამ ოჯახში ამ ყველაფერს ვერ გააკეთებ. მაგით დამთავრდა ჩემი და ჩემი უფროსი ძმის ურთიერთობა ამ საკითხზე.

მამაჩემმა თავიდანვე რომ გაიგო ჩემ შესახებ, დედაჩემს გამოუცხადა, რომ რასაც უნდა, იმას გააკეთებსო. მამაჩემი ძალიან მშვიდი ადამიანია.  არ არის კონფლიქტური. მამაჩემი არც იმაში ერეოდა, მე რას გავაკეთებდი და არც იმაში, ჩემი ძმები რას მეტყოდნენ, ძალიან ნეიტრალური ეჭირა.

პატარა ძმასთან ურთიერთობა არ მაქვს დღემდე.  ისიც არ არის საქართველოში, საზღვარგარეთაა. როცა ტელეფონზე მირეკავს, არ ვპასუხობ. ვერ ვივიწყებ იმ ცუდს, რაც გამიკეთა. კიდევ დიდხანს ვერ მექნება ურთიერთობა, სანამ საბოლოოდ არ გადამივლის, ჯერ მცირე დროა გასული და მაინც ვერ ვრისკავ, მეშინია, რომ ისევ კონფლიქტი არ გამოვიწვიოთ ერთმანეთში.

ახლა ვარ ბედნიერი. დედასთან მაქვს კარგი ურთიერთობა. ზოგადად ყველაფერი დალაგდა ჩემს ცხოვრებაში. მყავს ახალი პარტნიორიც. ყველას ვურჩევ გააკეთოს ყველაფერი რაც შეუძლია თავისი თავის ბედნიერებისთვის. მე ეს ვისწავლე ამდენი წინააღმდეგობის და ბრძოლის შემდეგ.

სამართლებრივი მხარე

ლგბტ ადამიანების უმეტესობა ოჯახის წევრებისგან რაიმე სახის ძალადობას მაინც განიცდის. ოჯახში ძალადობისგან დასაცავად ეფექტური გზა კანონის ძალით შემაკავებელი ორდერის გამოწერაა, თუმცა თემის წევრები ამ გზას იშვიათად მიმართავენ.

იურისტი ქეთი ბახტაძე, რომელიც “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” თანამშრომელია და ლესბოსელ ქალებს სამართლებრივ დახმარებას უწევს, მათ შორის ოჯახში ძალადობისგან თავის დასაღწევად, ამბობს, რომ ჰომოფობიის ნიადაგზე ოჯახში ძალადობისგან ორჯერ გამოაწერინა შემაკავებელი ორდერი.

პირველი შემთხვევა 2016 წლის ზაფხულში მოხდა, როდესაც მას დაუკავშირდა ლესბოსელი ქალის მეგობარი, რომელიც მშობლებისგან ნაცემი მეგობრის დახმარებას ცდილობდა. იურისტის ჩარევის შემდეგ დედის მიმართ პოლიციამ გამოწერა შემეკავებელი ორდერი.

მეორე შემთხვევაში, 2018 წლის იანვარში ლესბოსელი ქალის მშობლების წინააღმდეგ, რომლებიც შვილზე ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალადობდნენ. შემაკავებელ ორდერს 24 თებერვალს ვადა ეწურება, რომელსაც დიდი ალბათობით გააგრძელებენ.

ქეთი ბახტაძე ამბობს, რომ ლგბტ ადამიანები თავს არიდებენ პოლიციისთვის მიმართვისგან, რადგან მათ მიმართ განხორციელებული ძალადობის მიუხედავად არ იმეტებენ ოჯახის წევრებს და უკან იხევენ, ან ეშინიათ პოლიციის განყოფილებაში იძულებითი “ქამინ აუთის” ან პოლიციის მხრიდან ხელახალი ზეწოლის.

ქეთი ბახტაძე ამბობს, რომ ლგბტ თემის ძალადობაგამოვლილ ქალებს “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” სოციალური მუშაკის დახმარებით უკავშირდება.  

“ვიზგის სერვისის მიმღებთა 99%–ს ფსიქოლოგიური ძალადობა გამოუცდია”, – ამბობს ქეთი ბახტაძე.

ჰომოფობიური ძალადობისგან დასაცავად იურისტი იყენებს ოჯახში ძალადობის კანონს, რომლის მიხედვითაც ქალ მსხვერპლებს შეუძლიათ მიმართონ პოლიციას შემაკავებელი ორდერის გამოსაწერად. თუმცა ეს კანონი არაა ეფექტური გეების მიმართ, რადგან ოჯახში ძალადობის შესახებ კანონი ქალებს იცავს.

ბახტაძის აზრით, გენდერული ძალადობის ერთ-ერთი ფორმა ჰომოფობიურ ნიადაგზეა და ოჯახში ძალადობის შესახებ კანონში უნდა შევიდეს ცვლილება, რომლის მიხედვითაც, გენდერულ ძალადობად ასევე მიიჩნევა სექსუალური ორიენტაციის ნიშნით ძალადობა ოჯახში.

“გეი და ბი ადამიანებიც რომ დავფაროთ, გვჭირდება გენდერული ძალადობის განმარტება კანონში, რომ ეს ძალადობად მიიჩნეოდეს… რომელიც მოიცავს მათ შორის ჰომოფობიურ და ტრანსფობიურ ძალადობას და საკმარისი იქნება შემაკავებელი ორდერისთვის”, – ამბობს ქეთი ბახტაძე.

ბახტაძის თქმით, შემკავებელი ორდერის გამოწერის შემდეგ მშობლების მიდგომა იცვლება. იგი ამბობს, რომ ორდერის გამოწერიდან 10 დღის შემდეგ მშობლები შვილებს დაუკავშირდნენ, პატიებას და სახლში დაბრუნებას სთხოვდნენ.

“პოლიცია რომ დაიბარებს, დაელაპარაკება და ეტყვის, რომ 21 წლის არის შენი შვილი, შენთან ერთად არ იცხოვრებს და ვერაფერს დაუშავებ, მორჩა. მისი შვილი აღარ არის მისი საკუთრება. ქალების შემთხვევაში ეს ძალიან ეფექტურია”, – ამბობს ქეთი ბახტაძე.

ბახტაძე ამბობს, რომ გოგოებისგან განსხვავებით ბიჭები თავს არიდებენ სამართლებრივ დახმარებას და ურჩევნიათ ოჯახში ძალადობა სხვა მეთოდებით მოაგვარონ – ნათესავი,, ან მეგობარი ჩარიონ და ასე შეურიგდნენ მშობლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი