ახალი ამბები

ბავშვთა ონკოლოგიის პროექტი აშშ-ის კლინიკის დახმარებით

18 სექტემბერი, 2013 •
ბავშვთა ონკოლოგიის პროექტი აშშ-ის კლინიკის დახმარებით

“ამჟამად ონკოლოგიით დაავადებული ბავშვები დაფანტული არიან. ჩვენთან, იაშვილის კლინიკაში მხოლოდ 18 წლამდე ონკოჰემატოლოგიური (ლეიკემია, ლიმფომა, ჰოჩკინსი) პაციენტები მკურნალობენ. სოლიდური სიმსივნეებით კი, მაგალითად, თავის ტვინის, ფილტვის და სხვა სიმსივნეებით გაფანტული არიან. მკურნალობის ერთიანი სისტემა ბავშვებისთვის არ არსებობს, სწორედ ამაში დაგვეხმარებიან ჩვენი უცხოელი კოლეგები. დელეგაციის წევრები შეაფასებენ მდგომარეობას საქართველოში, როგორ ვმუშაობთ ონკოლოგიის კუთხით, როგორ ხდება დაავადებების მართვა. ვიზიტის მიზანი საქართველოში ონკოლოგიური დარგის განხრით არსებული ვითარების შესწავლა და ამ მიმართულებით ტექნიკური მხარდაჭერაა,”- ამბობს ასმათ შენგელაია, იაშვილის კლინიკის ონკოჰემატოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 

 

პიტსბურგის საუნივერსიტეტო კლინიკის დელეგაციის შემადგენლობაში დოქტორი ბრუნო გრიდელი, ცენტრის სამედიცინო და სამეცნიერო დირექტორი, ჩაკ ბოგოსტა, საერთაშორისო და კომერციული სერვისების პრეზიდენტი და ლორეტა ჰანველი, საერთაშორისო და კომერციული სერვისების ვიცე-პრეზიდენტი შედიან. 

 

“ბავშვთა ონკოლოგიაში განსახორციელებელი პროექტი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ჩვენი ამოცანაა მთლიანად ონკოლოგიური სერვისების შეფასება და გეგმის შემუშავება,”- აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო.

 

აშშ-ის დელეგაციის ჩამოსვლა სწორედ მინისტრის აშშ-ში ვიზიტის დროს დაიგეგმა. 

 

“ონკოლოგია განსაკუთრებით პრობლემური მიმართულებაა საქართველოს ჯანდაცვაში. დღეს ონკოლოგიაში არ გვაქვს არანაირი ობიექტური მონაცემი, რამდენად ეფექტურად იმართება ონკოლოგია. დღეს ეს სისტემა არ არის ორგანიზებული სისტემურად, არის დიფუზიური, გაფანტული და თითოეული ექიმის დონეზე წყდება პაციენტის მოვლა. ეს არის მიუღებელი. უნდა გვქონდეს იმის საშუალება, რომ სამკურნალო პროცესის ხარისხი გავზომოთ. აუცილებელი პირობაა, რომ ამ დარგშიც იყოს ხარისხის კონტროლის სისტემა დანერგილი. თეორიულად, ამის ინტერესი აქვს სახელმწიფოსაც და კერძო მმართველსაც, მაგრამ სისტემურად უნდა აკონტროლებდეს სახელმწიფო ხარისხის მართვას. ჩვენ დღეს არ ვიცით, კარგად მკურნალობენ თუ ცუდად მკურნალობენ ონკოლოგიურ დაავადებებს,”- განაცხადა მინისტრმა დღეს, 7 აგვისტოს, მედიასთან შეხვედრის დროს.

 

მისი თქმით, ნაწილობრივ ეს “იმ განადგურებული ინფრასტრუქტურიდან გამომდინარეა, რომელიც ქვეყანაში არსებობს ყოფილი ეროვნული ონკოლოგიური ცენტრის სახით.”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი