ეს განცხადება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
15-წუთიან მოხსენებაში წულუკიანმა ის რეფორმები მიმოიხილა, რომელთაც საქართველოში იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს და რომლებიც, მინისტრის თქმით, საქართველოს ევროკავშირის სამართლებრივ სისტემასთან აახლოებს.
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, დღეს საქართველოში სასამართლო დამოუკიდებელია აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლისაგან:

“ჩვენ არ გვჭირდება მორჩილი სასამართლო. პირველი განკარგულება, რომელიც მე, როგორც ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, გავეცი, იყო ის, რომ პროკურატურას შეეწყვიტა სასამართლოზე ზეწოლა. ჩვენ ახალი კანონებით ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ სასამართლოში მხარეთა შეჯიბრების პრინციპს“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, იუსტიციის სამინისტრომ უკვე დაიწყო სასამართლო რეფორმის მეორე ტალღა, რომელიც მოსამართლეების დამოუკიდებლობას შუწყობს ხელს.
იუსტიციის მინისტრმა, ასევე, ისაუბრა საქართველოში უმცირესობების უფლებებზე, რელიგიათა შორის დიალოგის აუცილებლობაზე და აღნიშნა, რომ ყველა სახის დისკრიმინაცია კანონით დაისჯება.
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას იუსტიციის მინისტრმა საქართველოს მთავრობის საგარეო კურსზეც ისაუბრა:
“ქართველი ხალხი არ ირჩევს ევრაზიულ ან რომელიმე სხვა კავშირს, მან დიდი ხანია ევროპულ ოჯახთან ინტეგრირება არჩია. ჩვენ დიდი იმედით ვუყურებთ ვილნიუსის სამიტს, როგორც ამ გზაზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპს“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.




