ახალი ამბები

ქართული ოცნება სოციალ-დემოკრატები იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართავს

21 თებერვალი, 2018 • 1520
ქართული ოცნება სოციალ-დემოკრატები იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართავს

ფრაქცია ქართული ოცნება სოციალ-დემოკრატები იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართავს, რომ დაადგინოს საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლით დადგენილი წესით  შრომით დავების განმხილველი მოსამართლეების ვიწრო სპეციალიზაცია და მოსამართლეთა რაოდენობა.

“საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, შრომითი დავის სასამართლო განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 1 თვეს. ამ დათქმის მიუხედავად, პრაქტიკა აჩვენებს, რომ შრომითი დავის სასამართლო განხილვა ხშირად 3 წელზე მეტხანს გრძელდება. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში შრომითი დავის სხდომის ჩანიშვნას საშუალოდ 1 წელი და 6 თვე ესაჭიროება,”-წერია განცხადებაში.

პარტიაში მიაჩნიათ, რომ საქმეთა განხილვის გაჭიანურება უარყოფითად აისახება როგორც დასაქმებულის, ასევე, დამსაქმებლის ინტერესებზე. მათივე ინფორმაციით, შრომითი დავის მიმდინარეობისას დასაქმებული ვერ ახერხებს ალტერნატიული სამუშაო ადგილის მოძიებას, რაც ამ ადამიანებისა და მათი ოჯახების ფინანსური მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებას იწვევს.

“ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებული ვერ ახერხებს საბანკო ვალდებულებების შესრულებას, რაც შესაძლოა საცხოვრებლის დაკარგვით დასრულდეს. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ინფორმაციით, ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც დავის მიმდინარეობისას დამსაქმებლებს ფინანსური პრობლემები ექმნებათ და დავის დასრულებისას ვალაუვალნი (ვალს იდებენ) ხდებიან. ასეთ დროს სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება აზრს კარგავს და ვერ უზრუნველყოფს სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობასა და უფლებრივ აღდგენას,”-აცხადებენ პარტიაში.

პარტიის თანახმად, შრომითი დავების განმხილველი ვიწრო სპეციალიზაციის მოსამართლეთა განსაზღვრა დავების გაჭიანურების პრობლემას მოაგვარებს და გადაწვეტილებათა დასაბუთების ხარისხს გააუმჯობესებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი