ახალი ამბები

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაცით, “იმელის” ინვესტორს განუსაზღვრელი უფლებები აქვს

17 სექტემბერი, 2013 •
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაცით, “იმელის” ინვესტორს განუსაზღვრელი უფლებები აქვს

“იმელის” შენობის შემოღობილ ტერიტორიაზე ამჟამად სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს,- შენობას დემონტაჟისთვის ამზადებენ. როგორც სამშენებლო კომპანია “მონოლითმშენის” თანამშრომლები აცხადებენ, მიმდინარე წლის დეკემბერში ახალი სასტუმროს ე.წ. შავი კარკასი მზად უნდა იყოს. 


“იმელის” შენობის საკითხი დღეს, 17 სექტემბერს ქართული ხელოვნების ისტორიისა  და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულ ცენტრში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც პროექტის “რეგიონული თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობის განვითარებისათვის” ფარგლებში ICOMOS  საქართველოს მიერ იყო ორგანიზებული და მას სხვადასხვა სამინისტროს მაღალჩინოსანი ესწრებოდა, დამსწრე საზოგადოების მიერ დაისვა. მთავარი თხოვნა სახელმწიფო სტურქტურების (კულტურისა და ძეგლთა დაცვის და ეკონომიკის სამინისტროს) წარმომადგენელთა მისამართით იყო ის, რომ აღნიშნული, დამტკიცებული პროექტისა და გასაჩივრების ამოწურული ვადების მიუხედავად, იქნებ გადასცეს სახელმწიფომ  შენობის მესაკუთრე ინვესტორს “დაბი ჯგუფს” “იმელის” სანაცვლოდ ალტერნატიული ტერიტორია თბილისში. 


როგორც სამინისტროების მაღალჩინოსნებისგან დღევანდელ შეხვედრაზე გაირკვა, ისინი ინვესტორთან მოლაპარაკებას დღესაც ცდილობენ, თუმცა, მათივე თქმით, არსებობს შემაფერხებელი ფაქტორი:


“წინა ხელისუფლებისგან ინვესტორს მიღებული აქვს რამდენიმე შეპირების წერილი, რომელიც მათ აძლევთ პრაქტიკულად უსაზღვრო უფლებებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ეს ჩვენს სახელმწიფოს შეიძლება დაუჯდეს 40 -დან 120 მილიონ დოლარამდე. მათ აქვთ ხელზე საქართველოს სახელმწიფოს სახელით შეპირების წერილები, რომელშიც წერია, რომ ყველაფერი აქვთ ნაპატიები. ამის მიუხედავად, ჩვენ კიდევ არ ვაკლებთ მცდელობებს. ჩვენ მათ იმ ადგილის განვითარების რამდენიმე გეგმა გადავუგზავნეთ, რომელიც პრემიერმა თვითონ დაავალა არქიტექტურულ კომპანიებს და გარკვეული მონახაზიც გადავუგზავნეთ,”- განაცხადა შეხვედრის დროს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, დიმიტრი ქუმსიაშვილმა.

 

“იმელთან” დაკავშირებით საპროტესტო აქციები ჯერ კიდევ წლების წინ დაიწყო. კულტუროლოგებმა და ხელოვნებათმცოდნეებმა მაშინ აღნიშნული არქიტექტურული ძეგლის ნგრევა ვანდალიზმად შეაფასეს. ისინი კულტურის სამინისტროსა და სასტუმროს მშენებელ კომპანია ”დაბი ჯგუფისგან” შენობის ნგრევის შეწყვეტას მოითხოვდნენ. 


“იმელის” შენობას კულტურული ძეგლის სტატუსი წლების წინ კულტურის სამინისტრომ მოუხსნა. 

 

მშენებარე სასტუმროს მეპატრონე კომპანია “დაბი ჯგუფთან” ურთიერთობას ახალი ხელისუფლებაც აგრძელებს. ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურისა და აღნიშნული კომპანიის წარმომადგენელთა შეხვედრა თებერვალში გაიმართა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, „დაბი ჯგუფი“ საქართველოში მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს. როგორც ფინანსთა სამინისტროს მიერ მაშინ გავრცელებულ განცხადებაში წერია, მხარეებმა განიხილეს კომპანიის მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტების მდგომარეობა, სამომავლო საინვესტიციო პროექტები და შეხვედრაზე ინვესტორების მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა ქვეყანაში გაზარდონ ინვესტიციების მოცულობა. 




მასალების გადაბეჭდვის წესი