სტატიის ავტორი: ჯორჯ სოროსი.
დღევანდელი ეპოქა მსოფლიო ისტორიაში მტკივნეული რამ არის. ღია საზოგადოებები კრიზისშია. ამის საპირწონედ დიქტატორული რეჟიმები და მაფიოზური სახელმწიფოები, როგორიც არის ვლადიმერ პუტინის რუსეთი, აღზევების გზაზე არიან. აშშ-ში პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სურს, საკუთარი მაფიოზური სტილის სახელმწიფო დააფუძნოს, თუმცა კონსტიტუცია, სახელმწიფო ინსტიტუტები და ქმედითი სამოქალაქო საზოგადოება ამის საშუალებას არ მისცემს.
არა მხოლოდ ღია საზოგადოების გადარჩენაა კითხვის ნიშნის ქვეშ, არამედ მთლიანი ცივილიზაციაა დარტყმის ქვეშ. ასეთი მდგომარეობის შექმნისთვის ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი და ტრამპი ბევრს აკეთებენ. ჩანს, რომ ორივე მზად არის საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად ბირთულ ომზე წავიდეს. თუმცა ამ მდგომარეობის მიზეზი უფრო ღრმაა. კაცობრიობის უნარი, გამოიყენოს ბუნების ძალა როგორც კონსტრუქციული, ისე დესტრუქციული მიზნით, იზრდება, იმ დროს, როცა ჩვენი უნარი, ჯეროვნად ვმართოთ საკუთარი თავი, არამდგრადია და დაბალ დონეზეა.
გიგანტური ამერიკული ინტერნეტ პლატფორმების ზრდა და მონოპოლისტური ქცევები აშშ-ის ხელისუფლებას უმოქმედობაში ხელს უწყობს. ეს კომპანიები, ხშირ შემთხვევაში, ირგებენ ინოვატორისა და განმათავისუფლებლის როლს, თუმცა Facebook და Google ისეთი ძლიერი გახდა, რომ ახლა ისინი ინოვაციებს აფერხებენ. ჩვენ ამ პროცესის მხოლოდ დასაწყისში ვართ.
კომპანიები თავიანთ მოგებას გარემოს ექსპლუატაციისგან იღებენ. თუ ნავთობმომპოვებელი კომპანიები ფიზიკური გარემოს ექსპლუატაციას ახდენენ, სოციალური მედიის კომპანიები სოციალური გარემოს ექსპლუატაციას მიმართავენ. ეს განსაკუთრებით უზნეო საქციელია, რადგან ეს კომპანიები ზემოქმედებენ ადამიანის აზროვნებაზე. ეს ხელს უშლის დემოკრატიას ფუნქციონირებას და არჩევნების პროცესს.
რადგან სოციალური ქსელები ინტერნეტ პლათფორმებზე მომუშავე კომპანიები არიან და მათ მუდმივი ვიზიტორები ჰყავთ, მათი შემოსავლებიც მუდმივად იზრდება. სოციალური ქსელების ეფექტი ნამდვილად უპრეცედენტო და გარდამავალია, თუმცა არამდგრადიცაა. Facebook-მა 8.5 წელი მოანდომა იმას, რომ მილიარდი მომხმარებელი ჰყოლოდა, დაახლოებით 4 წელი კი, მომხმარებელთა რაოდენობა ორ მილიარდი რომ გამხდარიყო. ამ სიჩქარით Facebook სამ წელზე ნაკლე დროში დაასრულებს ადამიანების გარდაქმნას.
Facebook და Google ეფექტიანად აკონტროლებდნენ მთლიანი ციფრული რეკლამის შემოსავლების ნახევარს. იმისთვის, რომ თავიანთ დომინანტური პოზიცია შეინარჩუნონ, მათ უნდა გაზარდონ თავიანთი მასშტაბი და მომხმარებელთა რაოდენობა. ამჟამად ისინი მომხმარებელს მოსახერხებელი პლატფორმით უზრუნველყოფენ. რაც უფრო მეტ დროს გაატარებენ მომხმარებლები პლატფორმაზე, მით უფრო ძვირფასი იქნება კომპანიებისთვის. მეტიც, რადგანაც გარკვეული ინფორმაციის გამავრცელებლებს არ შეუძლიათ თავი აარიდონ ამ პლატფორმებს, მათ უწევთ ამ წესებზე დათანხმება. სოციალურ მედიაკომპანიების მოგებაში მათაც შეაქვთ წვლილი. ამ კომპანიების გასაოცარი მოგება, უმეტესად, დაკავშირებულია იმასთან, რომ ისინი თავს არიდებენ მათ პლატფორმებზე განთავსებული კონტენტენზე პასუხისმგებლობას.
ეს კომპანიები ამტკიცებენ, რომ ისინი, უბრალოდ, ინფორმაციის გამტარებლები არიან, თუმცა, რადგანაც ისინი რეალურად მონოპოლისტები არიან, მათ ეს კონტენტი საზოგადოებისთვის სასარგებლოდ უნდა აქციონ, უნდა იყოს მკაცრი რეგულაციები, რომლის მიზანიც კომპეტენციის შენარჩუნება, ინოვაცია და ღია წვდომა იქნება.
სოციალური მედიის კომპანიების ნამდვილი მომხმარებლები რეკლამის დამკვეთები არიან, თუმცა ნელ-ნელა ჩნდება ახალი ბიზნესმოდელი. ეს მოდელი მხოლოდ რეკლამირებას არ ეფუძნება, მისი კიდევ ერთი მიზანი პროდუქციისა და სერვისების პირდაპირ მომხმარებლებზე გაყიდვაა. ამისთვის ისინი იყენებენ მომხმარებლის შესახებ მათ კონტროლირებად ინფორმაციას და დისკრიმინაციული ფასით (როდესაც ერთ სერვისში ადამიანები განსხვავებულ ფასს იხდიან) დიდ სარგებელს იღებენ, რაც სხვა შემთხვევაში მომხმარებლებთან უნდა გაეყოთ. მათი მოგება უფრო მეტად იზრდება, სერვისების ერთობლიობა და დისკრიმინაციული ფასები ძირს უთხრის საბაზრო ეკონომიკის ეფექტურობას. სოციალური მედიის კომპანიები ატყუებენ თავიანთ მომხმარებლებს, მათ ყურადღებას საკუთარი სარეკლამო მიზნებისკენ მიმართავენ. ეს განსაკუთრებით საზიანოა ახალგაზრდებისთვის.
გარკვეული მსგავსება არსებობს აზარტული თამაშებების კომპანებსა და ამ ინტერნეტ პლატფორმებს შორის. კაზინოებს მომხმარებლის გამოსაჭერად მეთოდი აქვთ განვითარებული. ეს გულისხმობს იმას, თუ როგორ ახარჯინებს აზარტული თამაშები მომხმარებელს ფულს მაშინაც კი, როცა ეს ფული საერთოდ არ აქვთ. სოციალური მედიის კომპანიები ნამდვილად არწმუნებენ ხალხს, გასცენ საკუთარი პირადი ინფორმაცია. მათი ძალა არის იმ მექანიზმის ჩამოყალიბება, რაც ადამიანების ყურადღებას მიიქცევს. დღეს ეს პროცესი სულ რამდენიმე კომპანიის ხელშია.
ეს არის მნიშვნელოვანი მტკიცებულება იმისა, რასაც ჯონ სტიუარტ მილი აზრის თავისუფლებას ეძახდა. ის, ვინც ციფრულ ეპოქაში დაიბადა და ერთხელ დაიკარგა, მისი დაბრუნება რთული იქნება. ამას მოჰყვება ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები. თავისუფალი აზროვნების არმქონე ადამიანების მანიპულირება ადვილად შესაძლებელი იქნება. ეს საფრთხე საკმაოდ ნათელია მომავალში. ამან მიშვნელოვანი როლი ითამაშა 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში. ჰორიზონტზე უფრო საგანგაშო პერსეპექტივებიც ჩანს. ეს არის ალიანსი ავტორიტარულ სახელმწიფოებსა და მონაცემებით მდიდარ ტექნოლოგიურ კომპანიებს შორის. მათი მიზანია, ერთმანეთთან დაკავშირებული, თვალთვალის ახლად შექმნილი კორპორატიული სისტემები, უკვე განვითარებულ სახელმწიფოსგან დაფინანსებულ მექანიზმებთან დააკავშირონ. ამის შედეგი იქნება ტოტალური კონტროლი, რომელსაც, ალბათ, ჯორჯ ორუელიც ვერ წარმოიდგენდა.
ქვეყნები, სადაც ასეთი არაწმინდა ქორწინებები უკვე შედგა, რუსეთი და ჩინეთია. ჩინეთის საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანიები, ფაქტობრივად, აშშ-ის ინტერნეტ პლატფორმების მსგავსია. ჩინეთში ასეთ კომპანიებს სახელმწიფოსგან და პრეზიდენტ სი ძიმ პინის რეჟიმისგამ სრული მხარდაჭერა აქვს. ჩინეთის მთავრობა საკმარისად ძლიერია იმისთვის, რომ დაიცვას თავისი ეროვნული ჩემპიონები, სულ მცირე, მის საზღვრებში მაინც. აშშ-ში დაფუძნებულ ინფორმაციულ ტექნოლოგიების კომპანიებს უკვე ჰქონდათ ცდუნება, კომპრომისზე წასულიყვნენ საკუთარ თავთან, რათა შესულიყვენენ ამ მზარდ ბაზარზე. ამ ქვეყნების დიქტატორ მმართველებს შეუძლიათ, ბედნიერები იყვნენ თანამშრომლობით იმ კომპანიებთან, რომლებიც მოსახლეობოს კონტროლის მეთოდებს ავითარებენ, ასევე, აფართოებენ თავიან ძალას და გავლენას აშშ-სა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებზე. ამ ინტერენტ პლატფორმების მფლობელები საკუთარ თავს მსოფლიოს შემოქმედებად მიიჩნევენ. ფაქტობრივად, ისინი საკუთარი დომინანტური პოზიციის მონები არიან. ისინი დომინანტობის გამო ეგზისტენციალურ ბრძოლაში არიან ჩართული ისეთ მზარდ ხელოვნურ ინტელექტთან, როგორიც არის, მაგალითად, თვითმავალი მანქანები.
უმუშევრობაზე ინოვაციების გავლენა ხელისუფლების პოლიტიკაზეა დამოკიდებული. ევროკავშირი და ძირითადად ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები, აშშ-გან განსხვავებით, უფრო ფრთხილ სოციალურ პოლიტიკას ირჩევენ. ისინი იცავენ დასაქმებულებს და არა – სამუშაო ადგილებს. ისინი მზად არიან, დასაქმებულების გადამზადებაში გადაიხადონ. ეს უქმნის დაცულობის განცდას დასაქმებულებს ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში, რადგან მათ უფრო მეტად ეხმარებიან ინოვაციური ტექნოლოგიების ათვისებაში, ვიდრე აშშ-ში.
ინტერნეტ მონოპოლიები არ ამჟღავნებენ არანაირ სურვილს, დაიცვან საზოგადოებები იმ შედეგებისაგან, რაც მათ ქმედებებს მოჰყვება. მათი ასეთი საქციელი საშიშია საზოგადოებისთვის და ხელისუფლებამ საკუთარ თავზე უნდა აიღოს საზოგადოების რეგულაციების გზით დაცვის პასუხისმგებლობა. აშშ-ში რეგულატორები საკმარისად ძლიერები არ არიან იმისთვის, რომ მონოპოლიებს დაუპირისპირდნენ, რადგან მონოპოლიებს პოლიტიკაზე დიდი გავლენა აქვთ. ამ მხრივ, ევროკავშირს უკეთ შეუძლია პოზიციონირება, რადგან მას არ აქვს რაიმე საკუთარი გიგანტური ინტერნეტ პლატფორმა. ევროკავშირს აშშ-გან განსხვავებული მონოპოლიის განმარტება აქვს. მაშინ, როდესაც აშშ-ის კანონმდებლობა ფოკუსირებულია მონოპოლიის შექმნაზე, ევროკავშირის კანონმდებლობა კრძალავს მონოპოლიებს, არ აქვს მნიშვნელობა, რა გზით შეიქმნა ის. ევროკავშირს პერსონალური მონაცემების დაცვის გაცილებით ძლიერი კანონები აქვს, ვიდრე ამერიკას.
უფრო მეტიც, აშშ-ის კანონმდებლობაში არსებობს უცნაური დოქტრინა, რომლითაც იზომება მომხმარებლის მიერ მომსახურეობაში გადახდილი თანხის ზიანი, თუმცა თითქმის შეუძლებელია დაამტკიცო, რომ გიგანტური ინტერნეტ პლატფორმების სერვისების უმეტესობა უფასოა. მეტიც, ეს დოქტრინა უყურადღებოდ ტოვებს ამ კომპანიების მიერ მომხმარებლებზე შეგროვებულ ინფორმაციას. ევროკავშირის კონკურენციის კომისარი მარგარეტ ვესტაგერი ჩემპიონია ამ მიმართულებით. Google-ის წინააღმდეგ სასამართლო დავა შვიდი წელი გრძელდებოდა და ამის შედეგი იყო დაჩქარებული რეგულაციების მიღება. ევროკავშირის ასეთმა მიდგომამ აშშ-ში დამოკიდებულებების ცვლილება გამოიწვია. ახლა მხოლოდ დროის ამბავია, რომ აშშ-ის ინტერნეტ დომინანტი კომპანიებს წყალი შეუდგეთ. რეგულაციები და გადასახადები იქნება მათი განადგურება.
სტატია ქვეყნდება The Project Syndicate-ისა და “ნეტგაზეთის” შეთანხმების შესაბამისად.