“თუ როგორ უნდა მოხდეს ეს, ამაზე მიდის მსჯელობა, ჩვენ გვაქვს მუდმივი კონსულტაციები ეუთოს გენერალურ მდივანთან. მე ოქტომბერში ვენაში მექნება შეხვედრები ამ მიმართულებით. მოგეხსენებათ, არის რამდენიმე ვარიანტი, ამათ უმეტესობას რუსეთი ბლოკავს, მაგრამ ვნახოთ, შეიძლება ვიპოვოთ გამოსავალი. შეიძლება ეს იყოს ეუთოს რომელიმე ინსტიტუტის დაფუძნება საქართველოში პირველ ეტაპზე, მაგრამ როგორი სახით იქნება ეს ყველაფერი, ეს არის სწორედ გასათვალისწინებელი პოლიტიკური განზომილებიდან, რათა არ მოხდეს რაღაც სახით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევა იმის გამო, რომ რომელიმე მისიას თუნდაც სახელწოდებაში ჰქონდეს ჩვენთვის მიუღებელი ტერმინი”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მისივე თქმით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მდივნის, რანკო კრივოკაპიჩის ჩამოსვლის ძირითადი მიზანი საპრეზიდენტო არჩევნებზე დაკვირვებაა და დღევანდელ შეხვედრაზე ეს საკითხიც განიხილებოდა:
“ძალიან სასიხარულოა, რომ ძალიან დიდი რაოდენობის დამკვირვებლებით ჩამოდის ეუთო საქართველოში, რადგანაც ჩვენი მიზანი, რომ თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები ჩავატაროთ, ყველაზე კარგად შეფასებული იქნება სწორედ მათი მხრიდან. გარდა ამისა, მათ ჰყავთ გრძელვადიანი დამკვირვებლები, რომლებიც უკვე აკეთებენ პირველ კომენტარს იმის თაობაზე, რომ საარჩევნო გარემო ბევრად უკეთესია და პრინციპულად განსხვავებულია შარშანდელი წინასაარჩევნო გარემოსგან”, – განაცხადა ფანჯიკიძემ. მისივე თქმით, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ დამკვირვებლებს მუშაობისთვის საუკეთესო პირობები ჰქონდეთ.





