აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის იმ განცხადებას ეხმაურებიან, სადაც მინისტრი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება მიისწრაფვის, აფხაზებთან და ოსებთან შერიგების აქტიური პოლიტიკა გაატაროს
“ბოლო 25 წლის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა პოლიტიკური ძალის არაერთ წარმომადგენელს გაუკეთებია მრავალრიცხოვანი განცხადებები აფხაზეთთან და ოსეთთან მშვიდობიანი დარეგულირების პროცესის დაწყების სწრაფვასთან დაკავშირებით. თუმცა, პრაქტიკაში, საქართველოს ხელისუფლება უგულებელყოფს რეგიონში შექმნილ პოლიტიკურ-სამართლებრივ ფაქტორებს და მტკიცე უარს აცხადებს უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიების შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე, რომელიც მთავარი დოკუმენტი იქნებოდა მხარეებს შორის სრულყოფილი დიალოგის აღსადგენად.
იმედი ვიქონიოთ, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება სწორ დასკვნებს გამოიტანს და რეალურ ნაბიჯებს გადადგამს, რომელიც ორ ქვეყანას შორის ნდობის აღდგენისკენ იქნება მიმართული”, – ნათქვამია აფხაზეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
აქვე აფხაზური მხარე აცხადებს, რომ ქართულმა მხარემ, პირველ რიგში, უარი უნდა თქვას აფხაზეთის მოქალაქეების მიმართ პოლიტიკურ, ფინანსურ-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ ზეწოლაზე და უნდა შეწყვიტოს მათი რესპუბლიკის საერთაშორისო იზოლაციის უპერსპექტივო მცდელობები – “აფხაზურ მხარესთან წლების განმავლობაში დაგროვებული მრავალრიცხოვანი პრობლემების გადასაჭრელად შინაარსობრივი დიალოგი დაიწყოს”.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ 19 თებერვლის გამოსვლის დროს განაცხადა:
“ჩვენ გვინდა კიდევ უფრო აქტიური შერიგების პოლიტიკის წარმოება ჩვენს მოქალაქეებთან, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღეს და საოკუპაციო ხაზს მიღმა. ამისთვის, ვფიქრობთ, შესაბამისი, კიდევ უფრო მეტი აქტიური ნაბიჯის გადადგმას. შერიგებისა და თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის აპარატი მუშაობს ამ საკითხებზე. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მხოლოდ მეტი აქტიური ნაბიჯით, მიმართული შერიგებისკენ, ახალი შესაძლებლობების გამონახვისკენ, იქნება წინაპირობა შემდგომი პოზიტიური ნაბიჯებისა”.