ახალი ამბები

თურქეთისა და სირიის სამთავრობო ძალების შეტაკება აფრინში – ესკალაციის საფრთხე

21 თებერვალი, 2018 •
თურქეთისა და სირიის სამთავრობო ძალების შეტაკება აფრინში – ესკალაციის საფრთხე

სირიის მრავალწლიანი სამოქალაქო ომი, შესაძლოა, ახალ ეტაპზე გადავიდეს. ამის მიზეზი თურქეთის მიერ სირიის ტერიტორიაზე შესვლა და სირიის სამთავრობო არმიის პასუხია. ვითარება რეგიონში ბოლო დღეებში უკიდურესად დაიძაბა.

20 იანვარს სირიის აფრინის რეგიონში თურქეთმა წამოიწყო ოპერაცია “ზეთისხილის რტო”, რომლის მიზანი სირიის ტერიტორიაზე, 30 კილომეტრის სირღმეში, ქურთი მებრძოლებისგან თავისუფალი ბუფერული ზონის შექმნაა. BBC-ის ინფორმაციით, თურქეთის არმიამ, ამბოხებულ სირიელებთან ერთად, უკვე მოახერხა 45 სოფლის დაპყრობა.

რამდენიმეწლიანი სამოქალაქო ომის შემდეგ სირიაში მცხოვრებმა ქურთებმა ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით მოახერხეს ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ტერორისტებისგან სირიის გარკვეული ტერიტორიის გათავისუფლება. ამ ტერიტორიებს შორისაა თურქეთის მოსაზღვრე აფრინის რეგიონი. თურქეთი კი ქურთ მებრძოლებს ტერორისტებად მიიჩნევს და არ სურს, მათი მმართველობა დაუშვას მოსაზღვრე რეგიონში. სწორედ ამ მიზანს ემსახურება მათი შეჭრა აფრინში. ბოლო დღეებში ცნობილი გახდა, რომ ქურთმა მებრძოლებმა სირიის სამთავრობო ძალებს სამხედრო დახმარება სთხოვეს. გარკვეული პერიოდით ყოყმანის შემდეგ, ასადის რეჟიმმა აფრინში სამხედროები გაგზავნა, თუმცა თურქეთის არმიამ მათი კოლონა დაბომბა და ალყაში მოაქცია.

ასადის რეჟიმი თურქეთის ქმედებებს ღია აგრესიად აფასებს, თურქეთი კი მას მოუწოდებს, ნუ ჩაერევა აღნიშნულ საკითხში. თურქული სამთავრობო საინფორმაციო სააგენტოები წერენ, რომ თურქეთის არმიამ მოახლოებულ “პროტერორისტულ” ძალებს გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა.

სირიის ლიდერის, ბაშარ ალ ასადის ძალების აფრინში შესვლას წინ უძღოდა მათ აჯანყებულთა მიერ დაკავებული დამასკოს გარეუბნის დაბომბვა, რასაც 120 ადამიანი ემსხვერპლა. ათეულობით რუსი ეროვნების მსხვერპლის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია რუსეთის ხელისუფლებამაც. ისინი ბოლო წუთამდე უარყოფდნენ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბოლო დღეებში სირიაში შეტაკებებს ათეულობით რუსი სამხედრო ემსხვერპლა.

სირიაში არეულობა და სამოქალაქო ომი 2011 წელს, პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის ჩამოგდების მიზნით დაიწყო. ასეულ ათასობით ადამიანი დაიღუპა, მილიონობით კი ლტოლვილად იქცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი