სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში ნათქვამია, რომ სახალხო დამცველის რწმუნებული დაკავებულებს შეხვდა და მათ მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებათ:
“მედია საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 2013 წლის 13 სექტემბერს ბათუმში დააკავეს ჩეჩენი ეროვნების მოქალაქე და მისი თანმხლები პირები, რომლებმაც დაკავების დროს წინააღმდეგობა გაუწიეს სამართალდამცავებს. ამავე ინფორმაციით, დაკავების დროს, ორმხრივი სროლის შედეგად, დაიჭრა როგორც ჩეჩენი ეროვნების მოქალაქე, ასევე პოლიციის თანამშრომლები და ერთი გამვლელი.
2013 წლის 14 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა დაიწყო მოცემული საქმის შესწავლა. 14 და 15 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებული, საკითხის შესწავლის მიზნით, აჭარისა და გურიის დროებითი მოთავსების იზოლატორში დაკავებულ პირებს – ფირუზ წულუკიძესა და თემურ ბახუნტარაძეს შეხვდა. ორივე დაკავებულს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა, რაც მათი განმარტებით, დაკავების დროს მიიღეს. ასეთივე ჩანაწერია გაკეთებული აჭარისა და გურიის დროებითი მოთავსების იზოლატორში არსებული პირად საქმეებშიც”, – ნათქვამია განცხადებაში.
სახალხო დამცველის აპარატმა, მის ხელთ არსებული მასალები შემდგომი რეაგირებისათვის საქართველოს მთავარ პროკურატურას გადაუგზავნა.
ფირუზ წულუკიძეს, თემურ ბახუნტარიძესა და რუსეთის მოქალაქე ჩეჩენი ეროვნების იუსუფ ლაკიევს ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ წინასწარი პატიმრობა დღეს, 16 სექტემბერს შეუფარდა. ისინი სამართალდაცავებმა 13 სექტემბერს, ბათუმში დააკავეს.





