ახალი ამბებიკომენტარი

გოშხეთელიანის საქმეზე სიტყვის შეზღუდვის საშიში პრეცედენტი შეიქმნა – ბერაია

20 თებერვალი, 2018 • 3560
გოშხეთელიანის საქმეზე სიტყვის შეზღუდვის საშიში პრეცედენტი შეიქმნა – ბერაია

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კანონის უზენაესობის მიმართულების ხელმძღვანელი, გიორგი ბერაია აცხადებს, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალის, დეა გოშხეთელიანის წინააღმდეგ შემაკავებელი ორდერის გამოცემა და სასამართლოს გადაწყვეტილებით დამტკიცება გამოხატვის თავისუფლების კონტექსტში იყო საკმაოდ საშიში პრეცედენტი, რომელიც ჩამოაყალიბა, ერთი მხრივ, პოლიციამ და შემდგომში, უკვე პირველი ინსტანციის სასამართლომ, როდესაც პირს მოსთხოვეს ფეისბუკ აქტივობის შეზღუდვა.

როგორც გორგი ბერაია აცხადებს, მნიშვნელოვანია, რომ კანონმდებლობაში განსაზღვრული გვაქვს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვების საფუძვლები. მისი თქმით, მაგალითად, ამგვარი საფუძველი შეიძლება იყოს ცილისწამება, ასევე მუქარა, რომელიც წარმოშობს ამ მუქარის განხორციელების მაღალ რისკს და ა.შ. თუმცა ისეთი საფუძველი, როგორც არის გარკვეული ინფორმაციის გავრცელებით ვიღაცის შეწუხება და განაწყენება, ამის გამო გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიულ სახელმწიფოებში არ იზღუდება.

“ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისთვის აუცილებელია, რომ პირველ რიგში, შეზღუდვა გათვალისწინებული იყოს განჭვრეტადი კანონით. ამ შემთხვევაში ეს ფორმალური წესიც კი პრობლემურია იმიტომ, რომ კანონში, რომელიც ეხება შემაკავებელი ორდერის გამოცემის საკითხს, ამგვარი პირდაპირი უფლებამოსილება, რომ გამოხატვის თავისუფლება შეუზღუდონ კონკრეტულ პირს, განსაზღვრული არ არის. ოჯახში ძალადობის შესახებ კანონში არის გარკვეული  ჩამონათვალი, მაგალითად, შეიძლება მოხდეს მოძალადის მსხვერპლის საცხოვრებელი სახლიდან გარიდება, ასევე, შეიძლება მას აეკრძალოს პირთან მიახლოება.

ამგვარ ღონისძიებებთან ერთად, ასევე, არის ზოგადი საფუძველი – და სხვა ღონისძიებები, რომლებიც შესაძლოა საჭირო იყოს ამ კონტექსტში. თუმცა იქ არ არის ასეთი მკვეთრად განსაზღვრული მითითება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის უფლებამოსილებაზე. შესაბამისად, სანამ არსებით შეფასებაზე გადავალთ, ამ შემთხვევაში სადავოა, საერთოდ ფორმალური კრიტერიუმები რამდენად არის დაცული კანონით განსაზღვრულობის, რაც აუცილებელია გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად ადამიანის უფლებების სამართლით,” – ამბობს ბერაია.

სასამართლომ ყოფილი ცოლის მიმართ ძალადობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა

რაც შეეხება უშუალოდ შინაარსობრივ შეფასებას, როგორც გიორგი ბერაია განმარტავს, სიტყვისა და გამოხატვის შესახებ კანონი განსაზღვრავს, თუ როდის არის შესაძლებელი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და რა პირობებით. მისი თქმით, გამოხატვის თავისუფლების უზარმაზარი ფუქნციიდან გამომდინარე, ეს არის საკმაოდ მკაცრი მოთხოვნები:

“ასე, უბრალოდ, რომ პოლიციამ გამოსცეს შემაკავებელი ორდერი, რომელიც რამდენიმე დღეში საჩივრდება სასამართლოში და ასეთი მარტივი პროცედურით მოხდეს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, არის სრულად მიუღებელი  და ძალიან საშიშ პრეცედენტს აწესებს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების სტანდარტებთან დაკავშირებით.”

კითხვაზე, რა შეიძლება გამოიწვიოს ამ პრეცედენტმა, იურისტი გვპასუხობს, რომ შეიძლება ამან მიიღოს ტენდენციის სახე და პოლიციის გადაწყვეტილებით, რომელიც დაუყოვნებლივ შედის ძალაში, ადამიანებს აუკრძალონ ფეისბუკზე გარკვეული შინაარსის ინფორმაციის პოსტვა.

“პოლიციის მიერ გაცემული შემაკავებელი ორდერი შეიძლება სასამართლოში გასაჩივრდეს, თუმცა პოლიციის მიერ გამოწერილი შემაკავებელი ორდერი ძალაში დაუყოვნებლივ  შედის. ეს  არ აკმაყოფილებს როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ სტანდარტებს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში.

აქ კიდევ ცალკე გარემოება ის, რომ ეს შეზღუდვა დაუწესეს ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალს, რაც კიდევ ცალკე მნიშვნელოვანი გარემოებაა და ამ საქმეს უფრო გაუგებარს ხდის. ანუ, ადამიანს აუკრძალეს იმ შესაძლო ზეწოლაზე და ძალადობაზე საუბარი, რასაც განიცდიდა ოჯახში. მით უმეტეს, თუ არ მეშლება, დღეს მისი ქმარი იმყოფება წინასწარ პატიმრობაში ამ საქმეზე.

“გამოხატვის თავისუფლების დაცვის გარანტიები,  პირველ რიგში, სჭირდება ისეთ გამოხატვას, რომელიც ვიღაცას არ სიამოვნებს, თორემ ყველასთვის მისაღები სიტყვადაცვას არც საჭიროებს იმიტომ, რომ არც არავინ არის მისი წინააღმდეგი. ამ შემთხვევაში, როდესაც არ არსებობ,ს მაგალითად, ცილისწამება, და კანონით განსაზღვრული სხვა ლეგიტიმური საფუძვლები, რომლებსაც განიხილავს სამივე ინსტანციის სასამართლო გაცილებით რთული პროცედურებით, დაუშვებელია იზღუდებოდეს გამოხატვის თავისუფლება, მით უმეტეს კი, ოჯახში ძალადობის მსხვერპლის,” – აცხადებს გიორგი ბერაია.

სასამართლომ ყოფილი ცოლის მიმართ ძალადობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა

როგორც IDFI-ის წევრი განმარტავს, ასევე მნიშვნელოვანია, რომ შემაკავებელი ორდერის გამოცემის შესახებ გადაწყვეტილება საჩივრდება სააპელაციო ინსტანციაში, რომლის გადაწყვეტილებაც საბოლოოა – ეს მაშინ, როცა გამოხატვის თავისუფლებაზე მოქმედი სტანდარტები დადგენილი არის სწორედ უზენაესი სასამართლოს მიერ:

“აქვე ისიც საინტერესოა, რომ დასაშვებობის კრიტერიუმებში უზენაეს სასამართლოს პირდაპირ უწერია, რომ ნებისმიერი დავა, რომელიც ეხება გამოხატვის თავისუფლებას, მან უნდა მიიღოს განსახილველად. თუმცა შემაკავებელ ორდერზე კანონმდებლობა არ იძლევა შესაძლებლობას, რომ უზენაესში გასაჩივრდეს გადაწყვეტილება. ესეც გარკვეულწილად პრობლემაა. ასეთი გამარტივებული პროცედურით, როდესაც ორი ინსტანცია იღებს მხოლოდ გადაწყვეტილებას გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე.”

FB პოსტების გამო დეა გოშხეთელიანის წინააღმდეგ შემაკავებელი ორდერი გამოსცეს – საია

საბოლოოდ, გიორგი ბერაიას განცხადებით, ეს იყო ძალიან საფრთხის შემცველი პრეცედენტი ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების დაცვის სტანდარტების კუთხით. შესაბამისად, როგორც იურისტი აცხადებს, მისასალმებელია, რომ დღეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება. თუმცა, როგორც ცნობილია, ფეისბუკის სტატუსის გამო გოშხეთელიანის წინააღმდეგ მეორე შემაკავებელი ორდერიც არსებობს, რომელიც თბილისის პოლიციამ მიიღო და ჯერ კიდევ ძალაშია.

მასალების გადაბეჭდვის წესი