“ცრუ შეტყობინებების ავტორები ოპერატიულად იქნებიან დადგენილები და კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან.
ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება სისხლის სამართლის დანაშაულია, რომელიც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
იმ შემთხვევაში, თუ ცრუ ზარის ავტორი არასრულწლოვანია, პასუხისმგებლობა დანაშაულზე დაეკისრება მის მშობლებს ან მეურვეებს. ამასთანავე, ზიანის ანაზღაურება, რომელიც ცრუ განგაშის შედეგად ორგანიზაციებს მიადგათ, ზარის არასრულწლოვანი ავტორის მეურვეებს დაეკისრებათ.
აქვე, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ მიმდინარე თვეში შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, ცრუ შეტყობინების ავტორების მიმართ კანონი კიდევ უფრო გამკაცრდება”.
შეგახსენებთ, რომ დღეს ორი შეტყობინება შევიდა 112-ში – ტელეკომპანია “იმედისა” და საქართველოს პარლამენტის შენობაში ბომბის არსებობის თაობაზე. ამ დროისთვის ორივე შენობა ევაკუირებულია. ბოლო ერთი კვირის მანძილზე კი 112-ში უკვე შვიდი ცრუ შეტყობინება შევიდა სხვადასხვა დაწესებულებაში ბომბის არსებობის თაობაზე, აქედან სამი შეტყობინება იყო ტელეკომპანია “იმედთან” დაკავშირებით, ორი – “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით, ერთი – აეროპორტთან დაკავშირებით და ერთი პარლამენტთან დაკავშირებით. საქართველოს პარლამენტის შენობაში ბომბის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინება რამდენიმე კვირის წინაც შევიდა 112-ში.




