აქციის მონაწილეებისგან ისმის შეძახილები – “უნივერსიტეტი ჭაობშია!” “ნუ ატყუებთ სტუდენტებს!” აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ ბანერი, წარწერით – “თსუ – ლიდერი უნივესრიტეტი, ნუ მატყუებ!”

“ამდენი წლის მანძილზე ტრადიციადაც კი იქცა აქციები ამ პრობლემასთან დაკავშირებით. ეს არის, პირველ რიგში, ბაზების პრობლემა, ასევე, განათლების ხარისხის პრობლემა, უნივერსიტეტი არ ეკუთვნის სტუდენტებს, მოვითხოვთ, რომ აღნიშნულ საკითხს ყურადღება მიაქციონ”, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ანა-მარია ბრაგვაძე.

სტუდენტების აქცია, 16 სექტემბერი, 2013
სტუდენტების აქცია, 16 სექტემბერი, 2013

 

აქციას ორგანიზატორებმა ასეთი სახელწოდება მისცეს – „სპილო ოთახში – პრობლემები თსუ-ში.“


“სპილო ოთახში“ ინგლისური იდიომაა იმ პრობლემის აღსანიშნავად, რომელიც უზარმაზარია, თუმცა მის მოგვარებაზე არავინ ზრუნავს. წარმოუდგენელია, არა, ვერ შეამჩნიო სპილო ოთახში?! უნივერსიტეტის ბაზა გაუმართავია; ბიუროკრატია სტუდენტებზე ძალადობს; არ გვაქვს შესაძლებლობა ჩავერთოთ კვლევით საქმიანობაში; გავიაროთ პრაქტიკული მეცადინეობები; უნივერსიტეტის გადასახადი მაღალი, სწავლის ხარისხი კი დაბალია; უნივერსიტეტში სტუდენტების რიცხვს ზრდიან მაშინ, როდესაც არ ავითარებენ შესაბამის ინფრასტრუქტურასა და არ ზრდიან ადამიანურ რესურსებს. პრობლემად რჩება ქართულ ენაზე ძირითადი ლიტერატურის მოწოდება; უნივერსიტეტი ჯერ კიდევ გაუმჭვირვალეა, ნაკლებია მმართველი სტუდენტური სტრუქტურის ანგარიშვალდებულება; სტუდენტების მიზანია უნივერსიტეტის ახალი რექტორისა და ადმინისტრაციის ყურადღების მიპყრობა უნივერსიტეტისათვის აქტუალურ პრობლემებზე და მათი გადაწყვეტის კონკრეტული გეგმების მოსმენა.


ჩვენ მოვუწოდებთ სახელმწიფოს მეტი ინვესტიცია მოახდინოს განათლებაში. მოვითხოვთ სწავლის საფასურის შემცირებას და მაღალი ხარისხის განათლებას!” – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც აქციის მონაწილეები ავრცელებენ.


აქციის მონაწილეებს დღეს თსუ-ს ახალმა რექტორმა, ვლადიმერ პაპავამ შეხვედრა შესთავაზა აღნიშნულ პრობლემებზე სასაუბროდ.


საზეიმო ღონისძიებაზე საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ სტუდენტებს მიმართა: “ღმერთმა გახსნას თქვენი გონება და გული, რომ თქვენი გული იყოს ტაძარი სულისა წმინდისა, დალოცვილი იყავით და გახარებული და თქვენი სულიერებით და დიდი განათლებით ემსახურეთ თქვენს ქვეყანას”.

პატრიარქი თსუ-ში სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებაზე
პატრიარქი თსუ-ში სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებაზე

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ სტუდენტებს მიმართა:


“ძვირფასო სტუდენტებო, პატრიარქმა დაგვლოცა, ამაზე კარგი რა უნდა გვენატრა დღეს?! მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, თქვენი წარმატება არის ჩვენი წარმატება და ჩვენი წარმატება არის ქვეყნის წარმატება. განათლების სამინისტრო, იცოდეთ, რომ თქვენს გვერდით დგას. გისურვებთ იყოთ აქტიურად ჩართულები იმ ჯანსაღი საგანმანათლებლო გარემოს ჩამოყალიბებაში, რომელიც ასე ძალიან გვჭირდება დღეს”.


აქციის მონაწილეების თქმით, ისინი დღეს, 11:30 საათზე შეხვდებიან თსუ-ს რექტორს, ვლადიმერ პაპავას.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *