ახალი ამბები

კობახიძე ჩაბუქის გათავისუფლებაზე: თურქეთთან მეგობრული ურთიერთობები გაგრძელდება

19 თებერვალი, 2018 • 2111
კობახიძე ჩაბუქის გათავისუფლებაზე: თურქეთთან მეგობრული ურთიერთობები გაგრძელდება

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერის, თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქის გათავისუფლებასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ თურქეთთან მეგობრული ურთიერთობები გაგრძელდება:

“ეს სასამართლოს მიერ მისაღები გადაწყვეტილება იყო  და სასამართლომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ჩვენ, ბუნებრივია, პატივს ვცემთ მას. რაც შეეხება ჩვენს საერთაშორისო პოზიციებს და პარტნიორებთან ურთიერთობას, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, ყველა პირობებში დავალაგოთ ურთიერთობები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან. თურქეთი არის ჩვენთვის სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენი მეგობრული ურთიერთობები აუცილებლად გაგრძელდება, ამაში დარწმუნებული ვარ”,- განაცხადა კობახიძე ჟურნალისტებთან საუბრისას.

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ჩაბუქი წინასაექსტრადიციო პატიმრობისაგან 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დღეს, 19 თებერვალს გაათავისუფლა.


დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერი, თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს დააკავეს. 23 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ მუსტაფა ჩაბუქს წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარემ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და ჩაბუქსითვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭება მოითხოვა, თუმცა მეორე ინსტანციამ საქალაქოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.  პატიმრობის ვადა მას 23 თებერვალს ეწურება.

ჩაბუქის დაკავებას თურქეთის მხარე ითხოვს, რომელიც ამტკიცებს, რომ იგი “ტერორისტულ ორგანიზაცია” FETO-ს საქმიანობას უწყობდა ხელს. ამ ფაქტს ერთი დღით უსწრებდა წინ თურქეთის მთავრობის ვიზიტი საქართველოში, რომელზეც ოფიციალური ინფორმაციით, ეკონომიკური და კულტურის საკითხები განიხილეს.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, საკითხის კომენტირებისას, ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი “იმედის” ეთერში აცხადებდა, რომ თუ მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირება მოხდება, ის მოხვდება ევროპული სტანდარტის ციხეში, სადაც არ დაექვემდებარება წამებას.

დაპატიმრებამდე მუსტაფა ჩაბუქი 15 წლის განმავლობაში საქართველოში საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა – იყო მასწავლებელი, წლების განმავლობაში აწყობდა საერთაშორისო და ადგილობრივ ოლიმპიადებს მოსწავლეებისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი