“936 თურქი მოქალაქიდან ჩვენ ვამოწმებთ, ვინმეს თუ აქვს ჩვენთვის მომართული და ამაზე დეტალურ ინფორმაციას გამოვაქვეყნებთ. მე ამ წუთში ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ამ სიაში არიან ადამიანები, ვინც ჩვენს თვალსაწიერზე არასოდეს გამოჩენილა და არის ერთი ქალბატონი, მაგალითად, რომელსაც ჩვენ უკვე მივანიჭეთ მოქალაქეობა და სააკაშვილმა ხელმეორედ მიანიჭა მას მოქალაქეობა. აქედან გამიმდიანრე ნათელია, რომ საქართველოს პრეზიდენტი ჩვეულ სტილში აგრძელებს მუშაობას, ის უგულებელყოფს სახელმწიფოს სხვა სტრუქტურებს და საკუთარი ადმინისტრაციის გარდა არავისთან კონსულტაციებს არ გადის ისეთ სასიცოცხლო და სახელმწიფოებრივ საკითხებზე, როგორიც არის მათ შორის მოქალაქეობა. სერვისების განვითარების სააგენტო და იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურის გვერდის ავლით მოქალაქეობის საკითხის გადაჭრა, რა თქმა უნდა, არასასურველია და მე პირადად პრეზიდენტს ამ საქციელს ვერ მოვუწონებ”, – განაცხადა წულუკიანმა.
თურქეთის მოქალაქეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე დღეს სპეციალური ბრიფინგი გამართა პრეზიდენტის პრესსპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ:
“დაპირებისამებრ, როგორც ადრე იყო გაცხადებული, თურქეთში მცხოვრებ ჩვენს იმ თანამემამულეებს, რომლებმაც იციან ქართული ენა და დღემდე შეინარჩუნეს ქართველობა, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭათ. აქვე მინდა მოგაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია, რომ საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის მოქალაქეობას წელიწადში დაახლოებით ათი ათასამდე მსურველს ანიჭებდა. დღევანდელი მონაცემებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შემოსულია 1000-მდე განაცხადი. თუმცა ძალიან სამწუხაროა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში იუსტიციის სამინისტრომ საქართველოს ათი ათასობით მოქალაქეს შეუწყვიტა მოქალაქეობა“, – განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.





