საკრებულოს თავმჯდომარის, თამაზ მარგველაშვილის თქმით, საკრებულოს წევრები კონსულტაციას გამართავენ და მერის მოვალეობის შემსრულებელს დღესვე შეარჩევენ:
„მე მივიღე თანხმობა შევასრულო ბატონი დიმიტრი კოპალიანის თხოვნა თანამდებობიდან წასვლის შესახებ. ახლა დაიწერება ბრძანება. ის დატოვებს თანამდებობას და დღესვე გავივლით კონსულტაციას და დავნიშნავთ მერის მოვალეობის შემსრულებელს.“
მისივე განმარტებით, კონსულტაციების შედეგად გადაწყდება ისიც, მომდევნო მერს საკრებულო პირდაპირ დანიშნავს, თუ კონკურსის შედეგად შეირჩევა.
„ჩვენ არანაირი პრობლემა არ გაგვაჩნია, კონსულტაციები, რა თქმა უნდა, გაიმართება მერის მოვალეობის შემსრულებლის შერჩევაზე. მე მოვუწოდებ ყველა ფრაქციას, აქტიურად ჩაერთონ ამ კონსულტაციებში. სავარაუდო კანდიდატი არ გვყავს, არსებობს 4 ვიცე-მერი და აუცილებლად მათგან ერთ-ერთი იქნება.“
ფრაქცია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის “ თავჯდომარე კახა ნემსიწვერიძე ყველა ფრაქციას კონსულტაციებში ჩართვისკენ მოუწოდებს:

“კონსულტაციები, რა თქმა უნდა, გაიმართება მერის მოვალეობის შემსრულებლის შერჩევაზე. მე მოვუწოდებ ყველა ფრაქციას, აქტიურად ჩაერთონ ამ კოსულტაციებში. სავარაუდო კანდიდატი არ გვყავს, არსებობს 4 ვიცე-მერი და აუცილებლად მათგან ერთ-ერთი იქნება.“
ქალაქში შექმნილ ვითარებას ანარქიას უწოდებს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავჯდომარე გია უკლება და ამბობს, რომ ქუთაისს თვითმმართველობა რეალურად არ გააჩნია:
„ქალაქში ჩიხური მდგომარეობაა და ქალაქს თვითმმართველობა აღარ ყავს. ვიცით, რომ ერთმა გათავისუფლებულმა ვიცე-მერმა სასამართლო პროცესი მოიგო და ის უნდა აღადგინონ. მეორე ყოფილი ვიცე-მერის პროცესი დღეს გაიმართება. აქედან გამომდინარე, კანონის მხრივაც ვაკუუმია შექმნილი, არ ვიცით ვინ უნდა შეასრულოს მერის მოვალეობა. ქალაქს არ ჰყავს თვითმმართველობა და ქალაქში არის სრული ანარქია. ეს სავალალო სიტუაცია მივიღეთ დღეს ქართული ოცნების წყალობით.“
„ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მღვდელაძე მიიჩნევს, რომ კარგია იმპიჩმენტის გამოუყენებლად რომ გადაწყდა საკითხი. მღვდელაძის აზრით, დიმიტრი კოპალიანი არ იყო იმ ადგილზე, სადაც თავს იგრძნობდა, როგორც თევზი წყალში:
„ის იყო ადგილზე, სადაც მისი შესაძლებლობები ვერ ვლინდებოდა. მე მასთან წუხელ ღამით მქონდა საუბარი. მას ჰქონდა გეგმები, მაგრამ ამ გეგმების განხორციელებას ჭირდებოდა დრო და, სამწუხაროდ, მან პოლიტიკური გამოუცდელობის გამო ვერ შეძლო საქმის კეთება მოესწრო. მან მთელი დრო მოანდომა პოლიტიკური ხრიკების ამოხსნას. იყო ეს მისი სისუსტე, რომ ის არასწორ ადგილზე მოხვდა.”
მღვდეელაძე ასევე ამბობს, რომ, მისი ინფორმაციით, კოპალიანს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან აქვს შეთავაზება, რასაც უნდა დათანხმდეს:
„მე ვთვლი, რომ ძალიან სწორი შეთავაზება აქვს განათლების სამინისტროდან, ზუსტი პოზიცია არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იქ თავის საქმეს კარგად გააკეთებს და თავს იგრძნობს, როგორც თევზი წყალში. ზუსტად არ ვიცი, რა პოზიციაზეა საუბარი.“
მღვდელაძე ასევე მიიჩნევს, რომ ყველაზე მეტი შანსი მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნის კუთხით, ვიცე-მერ კოტე ლომიძეს აქვს:
„მერის შვებულებაში ყოფნის დროს მოვალეობას ასრულებდა კოტე ლომიძე. ამ ხნის განმავლობაში მას არ გაუკეთებია რაიმე ისეთი, რასაც უარყოფითად შევაფასებ, პირიქით, მე მის მუშაობას დადებითად ვაფასებ. მე ვთვლი, რომ ყველაზე მეტი შანსი მას აქვს და ლოგიკურია ის იყოს მოვალეობის შემსრულებელი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ დღეს ეს საკითხი გადაწყვეტილია. არსებობს უწყებათაშორისი კომისიის დასკვნები, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მკვეთრ ცვლილებებს მოვერიდოთ და არ გამოვრიცხავ, რომ აქედან გამომდინარე ჩვენ გარკვეული კონკურსები შევაყოვნოთ არჩევნებამდე და არჩევნების დასრულების შემდეგ ჩვენ აუცილებლად უნდა ავირჩიოთ მერი კონკურსის წესით.“








