ნეტგაზეთი | ხმაური პარლამენტში პრეზიდენტის ვეტოს გამო ხმაური პარლამენტში პრეზიდენტის ვეტოს გამო – Netgazeti
RU | GE  

ხმაური პარლამენტში პრეზიდენტის ვეტოს გამო

დღეს მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით მედიაორგანიზაციების წარმომადგელები პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს შეხვდნენ. შეხვედრაზე განიხილებოდა კანონპროექტის ორი საკითხი: საზოგადოებრივი მაუწყებლის სარეკლამო დრო და შესყიდვების საკითხი.

სხდომის დასაწყისშივე, სიტყვიერად ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ტელეკომპანია კავკასიის ხელმძღვანელი ნინო ჯანგირაშვილი და ირაკლი კობახიძე. დაპირისპირების მიზეზი სარეკლამო ბაზარი გახდა. ნინო ჯანგირაშვილის თქმით, სარეკლამო ბაზარი 2014 წლიდან მკვეთრად შემცირდა, რაზეც ირაკლი კობახიძემ უთხრა, რომ ტყუილის თქმის საშუალებას არ მისცემდა, რადგან მისი თქმით, ბოლო 3-4 წლის განმავლობაში სარეკლამო ბაზარი 25 მლნ ლარით გაიზარდა.

“თქვენ ბრძანდებით პარლამენტის თავმჯდომარე და რეგლამენტის ფასი ყველაზე კარგად უნდა გესმოდეთ. თუ შეიძლება, არ შემაწყვეტინოთ. მანამდე იყო ბაზრის ზრდის ტენდენცია, თუმცა 2014 წლის შემდეგ ბაზრის კლების ტენცენცია დაიწყო,”-განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.

ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანიის ხელმძღვანელს უთხრა, რომ ტყუილს ლაპარაკობდა. ამის შემდეგ ნინო ჯანგირაშვილმა სხდომათა დარბაზი დატოვა.

“ჩვენ მოვიტანეთ ციფრები, რომლითაც ვადასტურებთ იმას, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ წინა შეხვედრაზე არასწორი მონაცემები თქვა. მან თქვა, რომ ბოლო წლებში ბაზარი იზრდებოდა. ჩვენ მოვიტანეთ მონაცემები, რომ ბაზარი იკლებდა 2014 წლის შემდეგ,”-აცხადებს ნინო ჯანგირაშვილი.

სხდომათა დარბაზი დატოვა ტელეკომპანია რუსთვი 2-ის იურისტმა თამთა მურადაშვილმაც. ტელეკომპანიის იურისტმა სხდომის დატოვების მიზეზად ირაკლი კობახიძის აგრესიულობა და სარეკლამო ბაზრის მონაცემებზე მათი არგუმენტების უგულებელყოფა დაასახელა.

“ის ამბობს, რომ თითქოს ლარში სარეკლამო ბაზარი გაიზარდა. მაშინ, როცა რეკლამა არის პროდუქტი, რომელიც დოლარში იყიდება. არ ვიცი, საიდან მოაქვს მას ეს ციფრები. თუ ეს მარეგულირებელი კომისიიდან არის, მაშინ მობრძანებულიყო მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე. მათ საჯაროდ განაცხადეს, რომ ამ კანონპროექტს მხარს უჭერენ. ირაკლი კობახიძე არანაირ არგუმენტაციას სარეკლამო ბაზრის კლებასთან დაკავშირებით არ იღებდა,”-განაცხადა თამთა მურადაშვილმა.

მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესებს პარლამენტის თავმჯდომარე საზოგადოებრივ მაუწყებელზე პოლიტიკურ შტურმად აფასებს. მისი თქმით, საპარლამენტო უმრვლესობამ პრეზიდენტის ვეტო უნდა დაძლიოს.

კანონპროექტის მიხედვით, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო  საზოგადოებრივ მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე კომერციული რეკლამა არ განთავსდება უქმე დღეებში, აგრეთვე, საუკეთესო დროს (19:00 – 24:00). კომერციული რეკლამის მოცულობა ყოველ საათში არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს. თუმცა იზრდება კომერციული რეკლამის ხანგრძლივობა სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალებისა და კონკურსების ფარგლებში. ამ შემთხვევაში კომერციული რეკლამის მოცულობა დღე-ღამის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 60 წუთს( ნაცვლად 30 წუთისა), ხოლო ყოველ საათში – 12 წუთს.

სხდომაზე მედიაორგანიზაციების მხრიდან გამოითქვა მოსაზრება, რომ შესაძლოა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სარეკლამო დრო ძალიან იაფად გაყიდოს, რითაც რეგიონული ტელევიზიები დაზარალდებიან.

პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ შეუძლებელია საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 1000-ლარიანი რეკლამაზე 100 ლარი დააწესოს.

“ეს სისხლის სამართლის დანაშაული იქნება და ამის დადასტურება შეუძლია აუდიტის სამსახურს, ამის იდენტიფიცირება შეუძლია პროკურატურას. შესაბამისად, ამას საზოგადოებრივ მაუწყებელში ვერავინ ვერ გააკეთებს,”-ამბობს ირაკლი კობახიძე.

პარლამენტმა მაუწყებლობის შესახებ ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით 2017 წლის 12 დეკემბერს მიიღო. ცვლილებას პლენარულ სხდომაზე 85 მომხრე და 6 მოწინააღმდეგე ჰყავდა.

ცვლილებების მიხედვით, საზოგადოებრივ მაუწყებელს შეუძლია  პროდუქციის არანაკლებ 25%-ისა დაუთმოს დამოუკიდებელი კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებულ პროგრამებს, რომელთა შესყიდვაზე არ ვრცელდება  „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი.

აგრეთვე, ახალი  რედაქციით დგინდება, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი არ გავრცელდება საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ტელე-, რადიო-, ასევე ვებ-გვერდისა და სოციალური ქსელისთვის განკუთვნილი პროდუქციის (პროგრამა, გადაცემა, ფილმი, სპექტაკლი, სერიალი, რეპორტაჟი, კულტურული ღონისძიება) ან/და მის შესაქმნელად საჭირო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე, აგრეთვე სატელიტური თანამგზავრის საშუალებით ტელე-/რადიოპროდუქციის გავრცელებასთან ან/და მის მიღებასთან დაკავშირებული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე.

პრეზიდენტმა კანონპროექტს ვეტო 2018 წლის იანვარში დაადო. დღეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტის მხრიდან ვეტოს დაძლევა მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაში არსებული კონსენსუსის წინააღმდეგ წასვლა იქნება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.