როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალები თავისუფლებისთვის” წარმომადგენელი ლიზა ანდღულაძე ამბობს, ერთ-ერთ მოქალაქეზე განხორციელდა უკანონო, იძულებითი ღონისძიებები სამართალდამცავთა მხრიდან, კერძოდ, მას ჩაუტარეს იძულებითი სამედიცინო მანიპულაციები, მასზე ძალადობდნენ ფსიქოლოგიურად, ემუქრებოდნენ, რისი მიზანიც პოლიციასთან თანამშრომლობა იყო:
“მსხვერპლი დაკავებული იყო 32 საათის განმავლობაში, რა დროსაც მას არ მიეწოდებოდა სასიცოცხლო მნიშვნელობის პრეპარატები. ფაქტი გასაჩივრებულია შსს–ს გენერალურ ინსპექციაში, რასაც რეაგირება დღემდე არ მოჰყოლია. პოლიციელთა მიერ შედგენილია ყალბი ექსპერტიზის დასკვნა, რის საფუძველზეც მსხვერპლის მიმართ მიმდინარეობს სამართალწარმოება თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტზე”, – აცხადებს ლიზა ანდღულაძე.
ფაქტთან დაკავშირებით მასალები გადაგზავნილია სახალხო დამცველის აპარატშიც.
“პოლიციის მიზანი იყო, რომ ამ ადამიანს ეთანამშრომლა პოლიციასთან, ის არის ზიანის შემცირების პროგრამების სოციალური მუშაკი, მუშაობს სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლებთან. საქართველოს გააჩნია ხელშეკრულება საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის გლობალურ ფონდთან, რომელიც ითვალისწინებს ნარკოტიკების მომხმარებელებისთვის ზიანის შემცირების მიმართულებით სხვადასხვა სერვისების მიწოდებას. პოლიციის მიდგომა ხელს უშლის ამ პროცესს. საქართველოს ვალდებულების შესრულებას პირნათლად, ცხადია, ეჭვქვეშ დგება. და როდესაც პოლიცილები თხოვენ ამ კონკრეტული მსხვერპლიდან, რომ მას ჩაეშვა ე.წ. მომხმარებლები, ეს არის პოლიციის მხრიდან ამ ვალდებულების არშესრულებას. ამაზე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ წავიდა, მან არ დაარღვია საკუთარი თანამშრომლების და ბენეფიციარების უფლებები და არ “ჩაუშვა” ეს ადამიანები,”- აცხადებს ნეტგაზეთთან საუბარში ალექსი შოშიკელაშვილი, დაზარალებულის უფლებების დამცველი.

არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, ეს ადამიანი 3 აგვისტოს დააკავეს სარფის საბაჟოსთან, როდესაც ის თურქეთიდან საქართველოში ბრუნდებოდა:
“დაგვხვდა შავი ფერის ტოიოტას მარკის ავტომანქანა სერიის N775, 8 მამაკაცი და 1 ქალბატონი. წარმოადგინეს მოსამართლე ლარისა ლიპარტელიანის მიერ გაცემული ჩხრეკის ოქმი, რომელიც გაცემული იყო 29 ივლისს. ავტომობილში მოხდა თითოეული ჩვენგანის გაშიშვლება და პირადი ნივთებიდან ამოღებული იქნა პრეპარატები. ჩხრეკა მოხდა საჯაროდ და დარღვეული იქნა კონფიდენციალობის პრინციპი, რა დროსაც ამოღებული პრეპარატები მიჩნეული იქნა, როგორც ნარკოტიკული საშუალებები, და ჩემგან მოითხოვდნენ საჯაროდ მეღიარებინა, თუ რა პრეპარატები იყო. ჩხრეკა მოხდა გარე კაფეში 11:30 წთ-ზე. ჩხრეკის დროს პოლიციელების მხრიდან აღინიშნებოდა მუქარა: „მოვა ჩვენი უფროსი „ქურთი“ და მერე ვნახავთ, როგორ იჭიკჭიკებთ“. უფროსის, ე.წ. „ქურთის“ მოსვლის შემდეგ ჰქონდა მუქარას ადგილი, რა დროსაც მან განაცხდა: „შენ არ გაგიგია, კაფსულებში რომ არ არის ნარკოტიკული ნივთიერება და მერე რომ აღმოჩნდება?!“. აღნიშნული ჩხრეკის დროს, სტრესული გარმეოს ზემოქმედებით დამეწყო მენსტრუალური ციკლი, რა დროსაც არ მომცეს საპირფარეშოში შესვლის უფლება, რამაც ჩამაყენა ძალიან გაუსაძლის და შეურაცხმყოფელ მდგომარეობაში”, – ეს არის ამონარიდი დაზარალებულის მონათხრობიდან.
იგი მიუთითებს, რომ ამოღებულ პრეპარატებზე ოქმის შედგენის შემდეგ გადაიყვანეს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც იძულებით ჩაუტარეს რენტგენოლოგიური გამოკვლევა, გინეკოლოგიური და პროქტოლოგიური გასინჯვა, შემდეგ ჩაუტარეს ნარკოლოგიური შემოწმება და გადაიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში, სადაც მეორე დღის 22 საათამდე იმყოფებოდა.
“რამდენადაც ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა ითხოვდა აუცილებლად ანტირეტროვირუსული პრეპარატის მიღებას, მე პოლიციელებს ვთხოვდი, რომ დაუყოვნებლივ მოეწოდებინდათ ჩემთვის ეს პრეპარატები, რაზეც უარი განმიცხადეს… აღნიშნული არაადამიანური მოპყრობის მიზანი იყო, მეთანამშრომლა გამოძიებასთან და ხელი დამედო სხვადასხვა პირებისათვის, თითქოს მე მათგან ვიძენდი ნარკოტიკულ ნივთიერებას. მას შემდეგ, რაც გამათავისუფლეს, რამოდენიმეჯერ მოხდა პოლიციელთა დაკავშირება ჩემს მობილურ ტელეფონზე და ჩემგან მოითხოვენ, არ დავტოვო ქალაქი, ვინაიდან შესაძლოა მე გამოძიებას დავჭირდე,“ – აღნიშნავს დაზარალებული.




