როგორც სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ ზუბარი აცხადებს, პატიმრების გარდა ნაკლებ ფასად მედიკამენტების შეძენას 10 000–მდე მოქალაქე შეძლებს:
“მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ტენდერის გამოცხადების შესახებ. რა ფასიც პატიმრებისთვის დაფიქსირდება, ლაპარაკია 2 000 პატიმრის მკურნალობაზე, კომპანიები, რომლებიც მონაწილეობენ, იღებენ ვალდებულებას, რომ იგივე ფასად გაიტანონ წამალი ბაზარზე 10 000 მოქალაქისთვის”, – აცხადებს სოზარ სუბარი.
მისივე თქმით, ამ დროისთვის წამლის ღირებულება 235 ამერიკულ დოლარს შეადგენს, სახელმწიფომ ტენდერის საწყის ფასად კი 109 ამერიკული დოლარი გამოაცხადა, ანუ მედიკამენტის ფასი მინიმუმ 109 დოლარი, უკეთეს შემთხვევაში კი, ნაკლები იქნება:
“დიდი იმედი გვაქვს, რომ 100 დოლარს ჩამოსცდება, ანუ დაახლოებით 2/3–ით იკლებს ფასი საზოგადოებისთვის, ეს არის მართლაც გარღვევა იმიტომ, რომ დაახლოებით 10–15 წელია C ჰეპატიტმა ძალიან სწრაფი გავრცელება დაიწყო საქართველოში და ახლა გადავდივართ იმ ფაზაში, როცა დაახლოებით ერთ–ორ წელიწადში ეს იქნება მასობრივი უბედურება, დროზე თუ არ მივხედეთ. ეს პროგრამა არის არა მარტო მკურნალობა, არამედ ბარიერიც იმისთვის, რომ დაავადების გავრცელება შეჩერდეს. ფასთან დაკავშირებით დაახლოებით 20 დღეში ჩვენ გვექნება უკვე ზუსტი პასუხი”, – განაცხადა სუბარმა.
პროგრამის განხორციელებაში ჩართულია ჯანდაცვის სამინისტროც:
“დასრულდა უკვე წინამოსამზადებელი პერიოდი, ეს იყო მოლაპარაკებითი პერიოდი და ახლა იწყება განხორციელებითი. პროექტს ახორციელებს სასჯელაღსრულების სამინისტრო, ჩვენ მხარდაჭერას ვუკეთებთ კონკრეტულ ტექნიკურ საკითხებში, ამ შემთხვევაში, რაც შეეხება C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტების შესყიდვას”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.
