ახალი ამბები

ნარმანიას პერიოდში მერიის მიწები არაკონკურენტულ გარემოში იაფად იყიდებოდა – აუდიტი

16 თებერვალი, 2018 •
ნარმანიას პერიოდში მერიის მიწები არაკონკურენტულ გარემოში იაფად იყიდებოდა – აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის 2017 წლის ანგარიშში, რომელიც მოიცავს 2015–16 წლებში მერიის საქმიანობას, აღნიშნულია, რომ დავით ნარმანიას მერობის დროს გაყიდული თუ იჯარით გაცემული ქონებიდან მიღებულ შემოსავლის ნაწილს მერიის ბიუჯეტი კარგავდა.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, აუქციონზე ფართის გასხვისებისას იზღუდებოდა კონკურენცია და მუნიციპალიტეტი კარგავდა მეტი შემოსავლის მიღების შესაძლებლობას. აუქციონების უმრავლესობა მიმდინარეობდა უკონკურენტო გარემოში და პოტენციური მყიდველი ძირითადად ხდებოდა მომიჯნავე ნაკვეთის მესაკუთრე, რადგან მერია მიწის ფართს რამდენიმე საკადასტრო ერთეულად ჰყოფდა.

გარდა ამისა, მიწის ნაკვთების ნაწილი მერიას გასაყიდად გამოჰქონდა მშენებლობის აკრძალვის პირობით, რაც ფასს უკარგავდა მიწის ნაკვეთებს. თუმცა, როგორც აუდიტის სამსახურმა გაარკვია, იაფად გასხვისებულ მიწის ნაკვეთებზე მესაკუთრეები არქიტექტურის სამსახურიდან მშენებლობის ნებართვებს მაინც იღებდნენ.

პრივატიზებული მიწის ფართები 

ანგარიშის მიხედვით, 2015–16 წლებში მერიამ 980 ფართი გაასხვისა არსებული კონფიგურაციით მშენებლობის ნებართვის გარეშე. “ნეტგაზეთი” გთავაზობთ რამდენიმე შემთხვევას, რომელიც, აუდიტის სამსახურის მოსაზრებით, მერიამ საბაზრო ფასზე იაფად გაასხვისა.

  1. ოქროყანის დასახლებაში 3 444 855 კვ.მ მიწის ნაკვეთი მერიამ 5 ფართად დაყო. მათი საერთო საწყისი ღირებულება 551 700 ლარი იყო. აღნიშნული ნაკვეთები უკონკურენტო გარემოში მომიჯნავე ფართების მფლობელმა – შპს „კრწანისი ვილა რეზიდენსმა“ 562 900 ლარად შეიძინა. მერიამ განმარტა, რომ ეს ნაკვეთები იმიტომ გაყიდა მშენებლობის შემზღუდავი პირობით, რომ ქაოტური განაშენიანება არ მომხდარიყო. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ამ მიწაზე მრავალბინიანი სახლის მშენებლობის ნებართვა აქვს მიღებული.
  2. 2 518 097 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან მერიამ გამოყო 1 679 კვ.მ მიწის ფართი, რომელიც საპრივატიზაციოდ 2015 წლის 12 იანვარს გაიტანა, პირობით – „დარეგისტრირებული კონფიგურაციით მშენებლობის უფლების გარეშე“. მოტივი იყო, რომ ის ვერ აკმაყოფილებდა სამშენებლო პარამეტრების მოთხოვნებს. აღნიშნული ფართი მომიჯნავე ნაკვეთის მესაკუთრემ, შპს “რომპეტროლ საქართველომ”, 188 400 ლარად უკონკურენტო გარემოში შეიძინა. “რომპეტროლმა” მიმართა მერიას, რომ ამ ტერიტორიაზე ნავთობპროდუქტების საწყობის სანიაღვრე კანალიზაციის მოსაწყობად ნებართვა მისცეს.
  3. 2016 წლის 15 აპრილს, იმედაძის ქუჩის მიმდებარედ, მერიის საკუთრებაში არსებული 3 997 კვ.მ მიწის ფართიდან გამოყო 1 940 კვ.მ მიწის ფართი, მშენებლობის ნებართვის გარეშე, მოტივით, რომ ნაკვეთს არ გააჩნდა სამანქანო მისასვლელი გზა. ნაკვეთი მომიჯნავე მიწის ფართის მესაკუთრემ უკონკურენტო გარემოში შეიძინა. თუმცა, აუდიტის სამსახურმა ნახა, რომ მიმდებარედ გზა არსებობს, მერიას ნაკვეთის ისე გაყოფა შეეძლო, რომ მას მისასვლელი გზა ჰქონდა.
  4. ნუცუბიძის ქუჩის მიმდებარედ 3 557 კვ.მ-ის ფართის მიწის ნაკვეთი მერიამ აუქციონზე იმ პირობით გაიტანა, რომ ის გაერთიანდებოდა მომიჯნავე ნაკვეთთან. აუდიტის სამსახური ეჭვობს, რომ ამ პირობის ჩადებით, მომიჯნავე ნაკვეთის მფლობელს უკონკურენტო გარემო შეუქმნა, რადგან მას ამ პირობის დაკმაყოფილება სხვებზე მეტად შეძლებოდა. ეს ნაკვეთი “ბი ეს არ სი დი ჯი დეველოპმენტმა” შეიძინა, რომელიც მის გვერდით ფლობდა მიწის ნაკვეთს.

ანგარიშის მიხედვით, წლების განმავლობაში, მერიის მიერ იჯარით გაცემული ფართების საბაზრო ღირებულება იზრდებოდა, თუმცა მერიას იჯარის ფასებისთვის არ გადაუხედავს. შედეგად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი კარგავს მნიშვნელოვან შემოსავლებს.

სარგებლობის უფლებით გაცემული შენობა-ნაგებობები

2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ სარგებლობის უფლებით გაცემულია 804 ობიექტი (არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მათზე დამაგრებული შენობა-ნაგებობები). მათ შორის, 135 ობიექტი გაცემულია აღნაგობის უფლებით, ხოლო 669 ობიექტი – იჯარით.

აუდიტის სამსახურმა ქალაქის სხვადასხვა ცენტრალურ ნაწილში 10 მიწის  ნაკვეთი შეისწავალა, რომელიც საბაზრო ფასზე 250-500%-ით იაფად არის გადაცემული.

გარდა ამისა, აუდიტის სამსახურის მონაცემებით, 2016 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, მოიჯარეების მიერ გადაუხდელმა საიჯარო ქირამ 769 400 ლარი შეადგინა, რაც 2015 წელს მისაღები საიჯარო თანხის 18%-ია, ხოლო 2017 წლის 5 იანვრის მდგომარეობით, გადაუხდელი თანხა გაზრდილია და 1 120 900 ლარს შეადგენს, რაც 2016 წელს მისაღები საიჯარო თანხის 23 %-ია.

მასალების გადაბეჭდვის წესი